ახალი ამბები

COVID-19|ლომჯარია მოუწოდებს სახელმწიფოს, უპასუხოს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს

5 დეკემბერი, 2020 • 834
COVID-19|ლომჯარია მოუწოდებს სახელმწიფოს, უპასუხოს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს

სახალხო დამცველი სახელმწიფოს მოუწოდებს, პანდემიასთან დაკავშირებით “საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს” პასუხი გასცეს. ნინო ლომჯარია დასძენს, რომ მხოლოდ საწოლ ფონდსა და “ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები” საკმარისი არ არის.

ის ხაზს უსვამს, რომ პერიოდულად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვალების ახალ შემთხვევებზე, რა დროსაც ოჯახები დაგვიანებულ ჰოსპიტალიზებასა და მკურნალობაზე საუბრობენ. მას მაგალითად მოჰყავს 29 ნოემბერს 19 წლის პაციენტის გარდაცვალების ამბავი.

“სახალხო დამცველის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმური კითხვებზე საპასუხოდ არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლ ფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები.

განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია COVID 19-ის შემთხვევების აუდიტის ექპერტთა ჯგუფის საქმიანობის შედეგების თაობაზე”, – წერს ის.

სახალხო დამცველის თქმით, საჭიროა პასუხები კითხვებზე, ამ დროისთვის რამდენი შემთხვევა გაანალიზდა, რა ხარვეზები გამოიკვეთა და რა კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა. ასევე, კონკრეტულად რა ზომების მიღება არის დაგეგმილი და როდისთვის, გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი