ახალი ამბები

კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა, დედა დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციაზე საუბრობს

1 დეკემბერი, 2020 • 831
კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა, დედა დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციაზე საუბრობს

თბილისში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა. მისი დედა “მთავარ არხთან” დაგვიანებულ მკურნალობაზე საუბრობს, რაც შვილისთვის ლეტალური შედეგით დასრულდა.

როგორც ირმა ხელაშვილი ამბობს, ოჯახი 19 წლის გოგოს ჰოსპიტალიზაციას ვირუსის დადასტურების დღიდან ითხოვდა, რადგან თანხლები დაავადებები, მათ შორის დიაბეტი ჰქონდა. ამის მიუხედავად, დედის მონაყოლის მიხედვით, ჰოსპიტლის ნაცვლად კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს და მხოლოდ მოგვიანებით, სიტუაციის გართულების შემდეგ, უცნობი ადამიანის დახმარებით მოხდა გოგოს ჰოსპიტალიზაცია.

“ბავშვისთვის ნორმალურად დახმარებაც კი არ აღმოუჩენიათ. სასწრაფოში რომ დავრეკე, დიაბეტიანი ბავშვი მყავს და რისკჯგუფია… გეხვეწებით, ჰოსპიტალიზაცია მოახდინე-თქო. სასწრაფო რომ მოვიდა, ტესტირებაზე წაგვიყვანეს, დადებითი რომ აჩვენა, ისევ უკან წამოგვიყვანეს სახლში. ვრეკავდი, ვემუდარებოდი, ჰოსპიტალიზაცია მოახდინეთ-მეთქი. წაგვიყანეს კოვიდსასტუმროში. ვუთხარი, კოვიდსასტუმრო რად გვინდა, ჰოსპიტალი გვჭირდებოდა მისთვის-თქო, დამძიმდა [მდოგმარეობა], შაქარი უკვე ზემოთ ჰქონდა… იქ წყლის მიმწოდებელიც არ ჰყავდა. ექიმს ტელეფონით ეკონტაქტებოდა… სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა ბავშვს, ვრეკავდი სასწრაფოში, ისინი ჯანდაცვის სამინისტროში მამისამართებდნენ. ჯანდაცვა გვეუბნებოდა, ვერაფერს გეტყვით, ისევ სასწრაფოს მიმართეთო. ამ სიტუაცის რომ შეესწრო ვიღაც, რომელიც იქ მკურნალობდა, “გერმანული ჰოსპიტლის” თანამშრომელი ყოფილა და მან დარეკა საავადმყოფოში. ხვეწნა-მუდარის მერე გადაიყვანეს ჰოსპიტალში. როცა უკვე დაგვიანებული იყო… როცა ვუთხარი, რემდესივირით იქნებ დაიწყოთ მკურნალობა-თქო… რემდესივირს უკუჩვენებები აქვსო… მოკლედ არ ვიცი, უარი გვითხრეს თუ არ გაუკეთეს, არ ვიცი. დექსამეტაზონის გადასხმა მიდიოდა.. დექსამეტაზონიც არ შეიძლებოდა, რადგან ბავშვი დიაბეტიანი იყო”, – ამბობს ირმა ხელაშვილი.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა “გერმანული ჰოსპიტლის” წარმომადგენელმაც. როგორც ეკატერინე ლორიამ ჟურნალისტებს უთხრა, პაციენტს ქვეყანაში მოქმედი კორონავირუსის “გაიდლაინით” გათვალისწინებული მკურნალობა უტარდებოდა, თუმცა მისი მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანის დროს უკვე კრიტიკული იყო. მისი თქმით, 24 ნოემბერს შეყვანილი პაციენტი 29 ნოემბერს გარდაიცვალა.

“დაწყებულ იქნა გაიდლაინით განსაზღვრული პირველადი დახმარება. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად იყო შეფასებული. სიპაპ ვარჯიშების გაკეთების მიუხედავად, სასურველი შედეგი არ იქნა მიღწეული და გადაყვანილ იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჩვენთან მოსული იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, ამას გიდასტურებთ. თანხმლები დაავადება იყო, თუმცა რომელი, ამაზე ინფორმაციას ვერ გავცემ. შეკრებილი ანამნეზიდან შემიძლია გითხრათ, რომ თანმხლები დაავადება რაღაც პერიოდში გონივრულად არ იყო ნამართი თვითონ პაციენტის თუ მკურნალი ექმის მიერ, ამას ვერ გიდასტურებთ”,- აცხადებს ექიმი.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 36 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი