ახალი ამბები

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის დაყაჩაღების საქმეზე 3 პირი დააკავეს

5 დეკემბერი, 2020 • 1450
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის დაყაჩაღების საქმეზე 3 პირი დააკავეს

პროკურატურამ თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამ პირს წარუდგინა ბრალი.

უწყების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ პირველ დეკემბერს ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღითა და სანადირო თოფით შეირაღებული შეიჭრა ჰოსპიტალში, რა დროსაც იარაღის მუქარით დაცვის თანამშრომელს კარის გაღება მოსთხოვეს.

“[დაცვამ] მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თავდამსხმელებმა სამი გასროლა განახორციელეს, მათ შორის [ერთ-ერთმა] ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით, მოკვლის განზრახვით, [დაცვის თანამშრომლის] მიმართულებით გაისროლა, თუმცა დაზარალებულს ტყვია ასცდა და მან გაქცევა და დამალვა შეძლო”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ამის შემდეგ ორივე თავდამსხმელმა შეაღწია ჰოსპიტალის მიმღებში, აიღო სალაროში არსებული 3 559 ლარი და მიიმალა ავტომანქანით, რომელსაც მათი თანამზრახველი, მესამე პირი მართავდა.

პოლიციამ ერთი ბრალდებული გურჯაანის რაიონში, დანარჩენი ორი კი – დუშეთის რაიონში დააკავა. დუშეთში დაკავებულთაგან ერთ-ერთს, უწყების ცნობით, დიდი ოდენობით ჰეროინი აღმოუჩინეს.

უშუალოდ თავდასხმის ეპიზოდში ბრალდებულ ერთ პირს გამოძიება ედავება ჯგუფურ ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას. მეორე მათგანის მიმართაც ამავე მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა მას ასევე ედავებიან განზრახ მკვლელობის მცდელობას სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით.

რაც შეეხება პირს, რომელიც, პროკურატურის ცნობით, ზემოხსენებულ ავტომანქანას მართავდა: მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურ ყაჩაღობაში დახმარებასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით.

“ბრალდების მხარემ სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – წერს პროკურატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი