ახალი ამბები

ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, პროგრესს მივაღწიოთ — ჰარცელი მოლაპარაკებებზე

4 დეკემბერი, 2020 • 1239
ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, პროგრესს მივაღწიოთ — ჰარცელი მოლაპარაკებებზე

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარეკებებში რეალური პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას ხედავს. ჰარცელის კომენტარს “რუსთავი 2” ავრცელებს.

მისი თქმით, მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატები ცდილობენ, რომ საბოლოოდ შედეგი მიიღონ.

“ამ დროის მანძილზე ვცდილობთ სხვადასხვა მხარესთან პროგრესს მივაღწიოთ, დრო იწურება. ვცდილობთ დისკუსიებმა საბოლოო სახე მიიღოს და ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც პარტიების უკმაყოფილებას უპასუხებს. ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, პროგრესს მივაღწიოთ. ჩვენ, როგორც ფასილიტატორები, პოლიტიკური პარტიების მოლოდინში ვართ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვნახოთ, რა შედეგამდე მივალთ”, — განუცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს.

ამ წუთებში აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხევდრაზე შესვლამდე პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ოპოზიცია  შეჯერებული პოზიციით მივიდა და “ქართული ოცნებისთვის” რამდენიმეპუნქტიანი შეთავაზება აქვთ. თუმცა ელისაშვილს მედიასთან არ დაუკონკრეტებია, რა პუნქტებზეა საუბარი. მისი თქმით, ამის შესახებ მას შემდეგ შეიძლება ილაპარაკონ, რაც ელჩებს გააცნობენ.

ოპოზიციის მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების შემდეგ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უცხოელი დიპლომატების შუამავლობით შეხვედრები იმართება. პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად უკვე გაიმართა მოლაპარაკებების ორი რაუნდი და მხარეები მესამე რაუნდის მოლოდინში არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი