ნეტგაზეთი | “თქვენი გადაწყვეტილებანი შეიცავს აშკარა დისკრიმინაციას” – ეპისკოპოსი პაზოტო მთავრობას “თქვენი გადაწყვეტილებანი შეიცავს აშკარა დისკრიმინაციას” – ეპისკოპოსი პაზოტო მთავრობას – Netgazeti
RU | GE  

“თქვენი გადაწყვეტილებანი შეიცავს აშკარა დისკრიმინაციას” – ეპისკოპოსი პაზოტო მთავრობას

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება და ვიცე-პრემიერს, მაია ცქიტიშვილს მიმართავს.

საქმე ის არის, რომ მთავრობის გეგმით, შეზღუდვა გადაადგილებაზე მხოლოდ 2 ღამით – 31 დეკემბერს (ახალი წელი) და 6 იანვრის ღამეს (მართლმადიდებლური შობა) იხსნებოდა. თუმცა სხვა რელიგიური ჯგუფების დღესასწაულებს ეს გამონაკლისები არ ითვალისწინებდა.

„პატივცემულო ქალბატონო მაია, მოგესალმებით და მადლობას გიხდით იმ პასუხისმგებლობისათვის, რაც იკისრეთ თქვენზე მონდობილ პოლიტიკურ მსახურებაში.

რამდენიმე რელიგიურმა ჯგუფმა გაავრცელა წერილობითი განცხადება, რომელშიც გამოხატავენ მწვავე უკმაყოფილებას იმ გადაწყვეტილებების გამო, რაც მთავრობის სახელით თქვენ გამოაქვეყნეთ მაცხოვრის შობის მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით. ამ ჯგუფებმა ღიად განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილებანი აშკარად დისკრიმინაციულია და მოხდა უმრავლესობის პრივილეგირება იმათ საზიანოდ, ვისაც ასევე ჰქონდა უფლება გამოეხატა თავისი საჯარო რწმენა სხვა. თუმცა ასევე დასაბუთებულად საფუძვლიანი და, შესაბამისად, საგულისხმო და გასათვალისწინებელი თარიღით. მთელი რიგი, სხვათა შორის, კოვიდთან დაკავშირებული მიზეზების გამოც, მე ხელი არ მოვაწერე ამ წერილს, მაგრამ იცოდეთ, რომ ვიზიარებ მის აზრს. თქვენი გადაწყვეტილებანი შეიცავს აშკარა დისკრიმინაციას“ ,- ასე იწყება ჯუზეპე პაზოტოს წერილი.

Posted by საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი/Centre for Catholic Youth Georgia on Thursday, 3 December 2020

ამავე წერილში ეპისკოპოსი წერს, რომ მართალია, გადაწყვეტილების მიღება რთულია, მმართველთა მიერ გაკეთებული არჩევანი უნდა ითვალისწინებდეს მთელი საზოგადოების სიკეთეს.

„ვფიქრობ, რომ არცერთი ქრისტიანული რელიგიური კონფესიისთვის სირთულეს არ წარმოადგენს საშობაო მსახურების განრიგის შეცვლა და სამთავრობო გადაწყვეტილებებთან მისადაგება. როგორც ვატყობ, ყველანი სწორედ ასე იქცევიან, თუმცა მესმის, რომ მრავალთათვის (მაგალითად, ჩემი ახალგაზრდებისთვის) შობის ღამეს აქვს სრულებით განსაკუთრებული საკრალური ხასიათი და საკუთარი რწმენის აღსანიშნავად მასზე უარის თქმა, შესაძლოა, არც იყოს იოლი. მესმის, რომ შესაძლოა რთული იყოს პასუხის გაცემა კითხვაზე, „ჩვენ რატომ ‘არა’ და სხვებს – ‘კი’?“. მესმის, თუმცა არა მგონია, რომ ეს იყოს პრობლემა!“.

ის, რაც მე განსაკუთრებით დამრჩა საწყენად ისაა, რომ კიდევ ერთხელ ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, ნაბიჯები გადაედგა ჩვენთან, უმცირესობის ჯგუფებთან, ერთად. ოდესმე გიფიქრიათ, რა კარგი იქნებოდა, შეგეკრიბეთ ყველანი ერთად და გეკითხათ ჩვენი აზრი და დახმარება გეთხოვათ ჩვენთვის, მას შემდეგ, რაც თქვენ საფიქრალსა და სადარდებელს წარმოგვიდგენდით?

ოდესმე გიფიქრიათ, რომ ეს იქნებოდა პატივისცემისა და რაიმედ ჩაგდების ნიშანი თითოეული კონფესიისთვის და ყველა იმ მოქალაქისათვის, ვინც მათი წევრნი არიან? ოდესმე გიფიქრიათ, რომ რელიგიურ ლიდერს აკისრია დავალება, ეძიოს საერთო სიკეთე, საზოგადოების ზრდა ყველაზე ნამდვილ ფასეულობებზე დაყრდნობით, ისევე როგორც მას, ვისაც ხელისუფლების სადავეები უპყრია? თქვენ, რა თქმა უნდა კარგად მოგეხსენებათ, რომ რელიგიური ხელისუფლება ემსახურება ხალხს ყოველი კანონის გულისა და აზრის ძიებითა და გადამოწმებით. დიახ! გულწრფელად გითხრათ, გული დამწყდა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის გამო. გული მწყდება, რომ შესაძლებელი იყო გეჩვენებინათ მთავრობის, ხელისუფლების მხრიდან პატივისცემა ყველასადმი. გული მწყდება, რომ მრავალმა ადამიანმა იგრძნო, რომ მოექეცით მათ, როგორც ანგარიშში არჩასაგდებ უმნიშვნელო უმცირესობას. ყველამ ხელიდან გავუშვით ზრდის შესაძლებლობა!

წერილის დასასრულს ჯუზეპე პაზოტო ამბობს, რომ ხალხის სამსახურში და მათი ინტერესების დასაცავად მზად არის მთავრობას დაეხმაროს.

„ამ ჩემი განცდების გამოხატვით, რაც, გარწმუნებთ, თავისუფალია ყოველგვარი სიავისაგან, ვისურვე ოდენ მთელი მოკრძალებით დამედო ერთი აგური, რათა მეტი ყურადღებისთვის მოგვეხმო და ერთად აგვეგო ისეთი ხვალინდელი დღე, რომელიც უფრო მშვენიერი იქნებოდა და ყველას შეამჩნევდა და დააფასებდა, დისკრიმინაციისგან თავისუფალი ხვალინდელი დღე!“, – წერს ის.


მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე  მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში არ იმოქმედებს. ასეთი გამონაკლისი შემთხვევა 31 დეკემბრის ღამე (ახალი წელი) და 6 იანვრის (შობა) ღამეა.

ამ კუთხით დაწესებული გამონაკლისების ჩამონათვალში სხვა რელიგიური დღესასწაულები ვერ მოხვდა. მათ შორის არც 25 დეკემბერია, დღე, როდესაც სხვა ქრისტიანული ეკლესიები, მათ შორის კათოლიკეები, ბაპტისტები, პროტესტანტები, ლუთერანები და სახარების რწმენის ეკლესიის მიმდევრები შობას აღნიშნავენ.

“სახეზეა უთანასწორო მოპყრობა” – რატომ იხსნება გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ 6 იანვრის ღამეს

ამ გადაწყვეტილებას 27 ნოემბერს ასევე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი. მან თქვა 6 იანვრის ღამე მთავრობამ გამონაკლისად ჩათვალა იმიტომ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია. თუმცა, მთავრობა სხვა კონფესიების წარმომადგენლებს ხელს შეუწყობს.

“შევუწყობთ ხელს” – ცქიტიშვილი არადომინანტური რელიგიური ჯგუფების დღესასწაულების აღნიშვნაზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან