ახალი ამბები

“შევუწყობთ ხელს” – ცქიტიშვილი არადომინანტური რელიგიური ჯგუფების დღესასწაულების აღნიშვნაზე

27 ნოემბერი, 2020 • 938
“შევუწყობთ ხელს” – ცქიტიშვილი არადომინანტური რელიგიური ჯგუფების დღესასწაულების აღნიშვნაზე

საქართველოს ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მთავრობა ხელს შეუწყობს იმ რელიგიურ კონფესიებსაც, რომელთა დღესასწაულები შეზღუდვების პერიოდს – დეკემბერ-იანვარს ემთხვევა.

საქმე ის არის, რომ მთავრობის თავდაპირველი გეგმით, შეზღუდვა გადაადგილებაზე მხოლოდ 2 ღამით – 31 დეკემბერს (ახალი წელი) და 6 იანვრის ღამეს (მართლმადიდებლური შობა) იხსნებოდა. თუმცა სხვა რელიგიური ჯგუფების დღესასწაულებს ეს გამონაკლისები არ ითვალისწინებდა.

ცქიტიშვილმა დღეს თქვა, რომ 6 იანვრის ღამე მთავრობამ გამონაკლისად ჩათვალა იმიტომ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია.

„რაც შეეხება სხვა კონფესიებს, ჩვენ სრულად გავითვალისწინებთ ამ კონფესიების ინტერესებს, როგორც ვაკეთებდით მანამდე. გაზაფხულის შეზღუდვის დროს, რელიგიის სააგენტო, საკოორდინაციო შტაბი, მჭიდრო კონტაქტში იყო მათ წარმომადგნელებთან, უშუალოდ საშვებით ხდებოდა ამ ადამიანებისთვის იმ უფლების დაცვა, რომ აღნიშნონ რელიგიური დღესასწაულები“, – ამბობს ის და ამატებს, რომ რელიგიის სააგენტო და მთავრობის წარმომადგნელები მათთან კონტაქტზე არიან და „მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს“.

ცქიტიშვილი ასევე დასძენს, რომ საქართველოში არის რეგიონები, სადაც  მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი არ არის. ასეთ ადგილებში შესაბამის გადაწყვეტილებას ადგილობრივი საკოორდინაციო საბჭოს შტაბი მიიღებს.

„ეს არის ზედმეტი აჟიოტაჟი, შეიძლება ჩვენ უნდა დაგვემატებინა მეტი კომუნიკაცია, მეტი ახსნა ამ საკითხში. თავდაპირველად იყო გათვალისწინებული, რომ ეს სისტემა იმუშავებდა იგივენაირად, როგორც გაზაფხულზე“, – ამბობს ცქიტიშვილი.

მიუხედავად ცქიტიშვილის ამ განცხადებისა, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფებისა და ექსპერტების ნაწილი ამ აზრს არ იზიარებს. მაგალითად, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ ღავთაძე იხსენებს, რომ გაზაფხულზე , მართალია, მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქონდა უფლება აღენიშნა აღდგომა, მაგრამ სხვა რელიგიური გაერთიანებები მთავრობისგან პასუხსაც ვერ იღებდნენ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ.

წაიკითხეთ ამ თემაზე:

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

https://batumelebi.netgazeti.ge/news/315425/

მასალების გადაბეჭდვის წესი