ნეტგაზეთი | შეზღუდვები დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს – რელიგიური გაერთიანებები შეზღუდვები დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს – რელიგიური გაერთიანებები – Netgazeti
RU | GE  

შეზღუდვები დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს – რელიგიური გაერთიანებები

რელიგიური გაერთიანებები ეხმაურებიან მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს და ამბობენ, რომ ისინი გამოკვეთილად დიკსრიმინაციულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

საუბარია 28 ნოემბრიდან ამოქმედებულ შეზღუდვებზე, რომლის ფარგლებშიც გადაადგილების შეზღუდვა გამონაკლისის სახით მხოლოდ 2 დღეს – 31 დეკემბერსა(ახალი წელი) და 6 იანვრის ღამეს (მართლმადიდებლური შობა) იხსნება. თუმცა სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის იგივე გამონაკლისი არ დაუშვიათ.

ამგვარ დაყოფას საქართველოს რელიგიურ ჯგუფთა ნაწილი დისკრიმინაციულად აფასებს და ამბობს, რომ მთავრობის რეგულაციები მწვავე უსამართლობის განცდას არ უნდა ტოვებდეს. ნეტგაზეთი ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„რელიგიური გაერთიანებების განცხადება ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის პოზიციასთან დაკავშირებით. ხელმომწერი რელიგიური გაერთიანებები შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის მიერ გამოთქმული პოზიციის გამო. ქალბატონმა მაიამ მიმდინარე წლის 27 ნოემბერს განაცხადა, რომ 6-7 იანვარს შობის აღნიშნვის მიზნით დაშვებული იქნება გამონაკლისი, ხოლო არგუმენტად დაასახელა გარემოება, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია და უქმე დღეების უმრავლესობაც მართლმადიდებლური შინაარსისაა.

პანდემიასთან ბრძოლის დაწყებისას, 2020 წლის 14 აპრილს, საერთო შეშფოთება გამოიწვია საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას კომენტარმა, რომლის თანახმად, საგანგებო სიტუაციის დროს დომინანტური რელიგიური გაერთიანებისთვის გათვალისწინებული განსხვავებული რეჟიმი საქართველოს სახელმწიფოს კონფესიურ ხასიათს ეფუძნება, მისი თქმით, იმას „რომ ჩვენ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ“.

პრემიერ-მინისტრის ძირეულად მცდარი განცხადება, რასაკვირველია, საქართველოს კონსტიტუციასა და სახელმწიფო მოწყობის ხასიათს ეწინააღმდეგებოდა – საქართველოს კონსტიტუციით რელიგია და სახელმწიფო ურთიერთგამიჯნულია, ხოლო რელიგიური ნიშნით უთანასწორო მოპყრობა – აკრძალული. მაგრამ მაშინ ხსენებულ კომენტარს არ გამოვხმაურებივართ, ვინაიდან მძიმე და დაძაბული დღეების გამო, უნებლიე შეცდომად მივიჩნიეთ. თუმცა შეიძლება სინანულით ითქვას, რომ ქალბატონ მაია ცქიტიშვილის პოზიცია, წინარე გამოცდილების გათვალისწინებით და მთავრობის მიერ შემუშავებული მიმდინარე შეზღუდვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ახლა უკვე გამოკვეთილად დისკრიმინაციული დამოკიდებულების შესახებ მეტყველებს.

აქვე გვინდა გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ პანდემიასთან დაწყებული ბრძოლის კონტექსტში, დისკრიმინაციული მიდგომის არაერთ გამოვლინებასთან გვქონდა საქმე, – თუკი დომინანტური რელიგიური გაერთიანებისა და მისი მესვეურებისთვის არ მოქმედებდა შეკრებასა თუ გადაადგილებასთან დაკავშირებით თითქმის არანაირი შეზღუდვა, საპირისპიროდ, თითქმის ყველა ტიპის შეზღუდვა იყო დაწესებული არადომინანტური რელიგიური ჯგუფებისთვის – გამონაკლისს სოციალური მსახურების განსახორციელებლად გაცემული რამდენიმე სამანქანო საშვი წარმოადგენდა.

იმ შემთხვევაში თუ დასაშვებია, მრავალრიცხოვანი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის გათვალისწინებული იქნას დღესასწაულის აღნიშვნის აუცილებლობა, სრულიად გაუგებარია, რა მოტივით უნდა შეიზღუდოს რელიგიური შეკრება და სადღესასწაულო მსახურება არადომინანტური რელიგიური გაერთიანებებისთვის? ამ კუთხით საქართველოს კანონმდებლობა რაიმე უპირატესობის მინიჭებას არ ითვალისწინებს.

ხელმომწერი რელიგიური გაერთიანებები მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით პანდემიასთან საერთო ეროვნულ ბრძოლას; ჩვენ კარგად გვესმის და გაცნობიერებული გვაქვს, რამდენად ვერაგ დაავადებასთან გვაქვს საქმე, რამდენად მნიშვნელოვანია მასთან გამკლავების პროცესში მთელი მოსახლეობის კონსოლიდაცია. მით უფრო ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ უნდა იწვევდეს მწვავე უსამართლობის განცდას, არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. ჩვენ არ მივიღებთ ხელისუფლების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უმცირესობაში ყოფნა შეიძლება იყოს დაკნინებისა და უთანასწორო მოპყრობის საფუძვლად გამოცხადებული. ჩვენ, რელიგიური განსხვავების მიუხედავად, თანასწორი ვართ კანონის წინაშე, თანასწორობის პრინციპი საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული!

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პანდემიასთან ბრძოლის ფონზე, არ დაუშვას დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამოვლინება დომინანტურისგან განსხვავებული რელიგიური გაერთიანებებისადმი და ამ ნიშნით არ შელახოს რელიგიის თავისუფლება. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს საიმისოდ, რომ არ შეგვექმნას დაბრკოლება სოციალური და საქველმოქმედო მსახურების პროცესში. მზად ვართ ამ, და ზოგადად, პანდემიასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განსახილველად შევხვდეთ საქართველოს ხელისუფლებას,“.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. ქართველ მუსლიმთა კავშირი
  2. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  3. ევანგელისტური ეკლესია
  4.  ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  5. სახარების რწმენის ეკლესია.
  6. აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება
  7. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა.
  8. მეგობართა საზოგადება – კვაკერები
  9. ვედენბორგის რელიგიური საზოგადოება.
  10. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია.
  11. ხსნის არმია

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე  მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში არ იმოქმედებს. ასეთი გამონაკლისი შემთხვევა 31 დეკემბრის ღამე (ახალი წელი) და 6 იანვრის (შობა) ღამეა.

ამ კუთხით დაწესებული გამონაკლისების ჩამონათვალში სხვა რელიგიური დღესასწაულები ვერ მოხვდა. მათ შორის არც 25 დეკემბერია, დღე, როდესაც სხვა ქრისტიანული ეკლესიები, მათ შორის კათოლიკეები, ბაპტისტები, პროტესტანტები, ლუთერანები და სახარების რწმენის ეკლესიის მიმდევრები შობას აღნიშნავენ.

“სახეზეა უთანასწორო მოპყრობა” – რატომ იხსნება გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ 6 იანვრის ღამეს

ამ გადაწყვეტილებას 27 ნოემბერს ასევე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი. მან თქვა 6 იანვრის ღამე მთავრობამ გამონაკლისად ჩათვალა იმიტომ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია. თუმცა, მთავრობა სხვა კონფესიების წარმომადგენლებს ხელს შეუწყობს.

“შევუწყობთ ხელს” – ცქიტიშვილი არადომინანტური რელიგიური ჯგუფების დღესასწაულების აღნიშვნაზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან