ახალი ამბები

პეტრიაშვილი მიმართავს გახარიას, დახმარება არაფორმალურად დასაქმებულებმაც მიიღონ

4 დეკემბერი, 2020 • 1344
პეტრიაშვილი მიმართავს გახარიას, დახმარება არაფორმალურად დასაქმებულებმაც მიიღონ

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს, პანდემიის გამო თვითდასაქმებულთათვის გათვალისწინებული 300-ლარიანი კომპენსაცია არაფორმალურად დასაქმებულმა პირებმაც მიიღონ.

პეტრიაშვილი აცხადებს, რომ 300-ლარიანი კომპენსაციების მიღების შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს და იმ პირებს, რომლებსაც ჰყავთ დამქირავებელი, მაგალითად, ბაზრობის ადმინისტრაცია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული, ან არ მუშაობს რეგისტრირებულ ორგანიზაციაში, ვერ მიიღებს დახმარებას.

ამას გარდა, პეტრიაშვილის ამბობს, რომ გაზაფხულზე გაცემული დახმარებებისგან განსხვავებით, მეორე ეტაპზე სახელმწიფოსგან კომპენსაციას მხოლოდ 100 ათასი მოქალაქე მიიღებს, რაზეც ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარი დაიხარჯება, მაშინ, როცა წინა პროგრამაში ეს თანხა შეადგენდა 75 მილიონ ლარს, ხოლო დახმარება, ჯამში, 250 ათასმა მოქალაქემ მიიღო.

“საგულისხმოა, რომ 28 ნოემბრის შეზღუდვები არ ეხება თვითდასაქმებულთა მხოლოდ მცირე ნაწილს, ძირითადად- აგრარულ ბაზრობებზე დასაქმებულებს. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 300-ლარიანი კომპენსაციების მიღების შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს და იმ პირებს, რომლებსაც ჰყავთ დამქირავებელი/ ობიექტის მფლობელი (მაგალითად, ბაზრობის ადმინისტრაცია). ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა პირი, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი ან არ მუშაობენ რეგისტრირებულ ორგანიზაციაში, ვერ მიიღებენ კომპენსაციას.
ამ გზით კომპენსაციის მიმღებთა სიიდან გამოირიცხა 150 ათასამდე არაფორმალურად დასაქმებული, მათ შორის სწორედ დასაქმებულთა ყველაზე მოწყვლადი კატეგორია (ქუჩაში მოვაჭრეები, ძიძები, შინამოსამსახურეები, დღიური მუშები და ა.შ.),
რომელთაც ყოველდღიური მიზერული შემოსავლიდან გამომდინარე, დანაზოგის გაკეთების თეორიული შანსიც კი არა აქვთ”,-წერია მიმართვაში.

პეტრიაშვილის განცხადებით, მიუღებელია, როცა კომპენსაციების გაცემა დამოკიდებულია მთლიანად დამსაქმებლების და დაწესებულებების ადმინისტრაციების მიერ შემოსავლების სამსახურში მონაცემების გაგზავნაზე. რადგან, როგორც პროფკავშირების თავმჯდომარე ამბობს, ყოფილა შემთხვევები, როცა დამსაქმებლები/ადმინისტრაცია თვითდასაქმებულებზე შესაბამის დოკუმენტებს არ გასცემდნენ.

“ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამგვარი მიდგომა ნიშნავს, რომ მათ მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, დასაქმებულთა დიდი ნაწილი კომპენსაციების გარეშე დარჩება. მით უმეტეს, რომ ასეთი შემთხვევებისთვის დამსაქმებლების წინააღმდეგ არ მოქმედებს არანაირი სანქციები. კომპენსაციების გაცემის პირველ ეტაპზე ჩვენ დაგვჭირდა არაერთი საპროტესტო აქცია, რათა გვეიძულებინა ბაზრობების ადმინისტრაციები, გაეცათ შესაბამისი ცნობები და შემდეგ, მათი სახელით აგვეტვირთა პორტალზე მონაცემები. ამჟამად, თვითდასაქმებულები მოკლებული არიან შესაძლებლობას, თავად გაგზავნონ მონაცემები შემოსავლების სამსახურში.

ბატონო პრემიერო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე, არაფორმალურად დასაქმებულთა მძიმე სოციალური მდგომარეობა და მათაც მისცეთ თვითდასაქმებულთათვის გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების საშუალება. ამასთან, გამკაცრდეს დამსაქმებლებისა და დაწესებულებების ადმინისტრაციების მიერ დასაქმებულთა თაობაზე ინფორმაციის გაგზავნის ადმინისტრირება”, – წერს პეტრიაშვილი მიმართვაში.

მთავრობის 2 დეკემბრის დადგენილებით კომპენსაციას, 300 ლარს, მიიღებს:

  • დაქირავებული – რომელიც 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით, დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობა. დაქირავებული პირების შესახებ ელექტრონულად განაცხადს წარადგენს დამქირავებელი. ანუ დაქირავებული, დასაქმებული თავად არ გადის რეგისტრაციას.
  • ინდივიდუალურ მეწარმემცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირ, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირ და მიკრობიზნესისტატუსის მქონე ფიზიკურ პირი – რომლებიც 2020 წლის მეოთხე კვარტალში [ოქტომბერ-ნოემბერში] ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას და 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობა და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან. სწორედ ეს პირები ითვლებიან რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებად და მათ თავად უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი შემოსავლების სამსახურში, ანუ, კომპენსაციის მისაღებად თავად უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
  • თვითდასაქმებული – რომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობა.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/316759/

მასალების გადაბეჭდვის წესი