ახალი ამბებისაზოგადოება

გირჩი: რა უძღოდა წინ პარტიის გაყოფას?

4 დეკემბერი, 2020 • 4102
გირჩი: რა უძღოდა წინ პარტიის გაყოფას?

„გირჩი“ იყოფა — ერთ მხარეს ზურაბ ჯაფარიძე რჩება, მეორე მხარეს კი საპარლამენტო სიის ოთხეულის დანარჩენი სამი წევრი: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ჯერჯერობით ცალსახა არ არის, თუ რომელი მხარე აგრძელებს „გირჩის“ სახელით მუშაობას, ან რომელიმე მათგანი შევა თუ არა პარლამენტში.

გაყოფას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი დისკუსია იაგო ხვიჩიას განცხადების გამო ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარებასთან დაკავშირებით.

პარტიის ერთ-ერთმა დამაარსებელმა მოითხოვა დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევა ხვიჩიას განცხადების გამო.

ის აცხადებდა, რომ პარტიის ჩამოყალიბებისას „ძალიან ცოტას ექნებოდა ჩაფიქრებული“, რომ პარტია ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარების „გაპრავებამდე“ [გამართლებამდე] დავიდოდა.

არაერთი მოწოდების შემდეგ, ამ საკითხზე პოზიცია დააფიქსირა პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ და თქვა, რომ ხვიჩიას ნათქვამი „არასწორია“, მაგრამ „არა შინაარსის გამო“.

რა ხდებოდა „გირჩში“? იზიარებდა თუ არა პარტია იაგო ხვიჩიას აზრს? რამდენად ემთხვევა ეს პოზიცია „გირჩის“ იდეოლოგიას?

რა თქვა ხვიჩიამ?

მემარჯვენე-ლიბერტარიანული პარტია „გირჩის“ ირგვლივ ბოლო რამდენიმე დღეა არ ცხრება ვნებათაღელვა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადების გამო.

კამათის საფუძველია ხვიჩიას გამოხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოქალაქის დაკავებაზე ბავშვთა პორნოგრაფიის შეძენა-მოხმარების ბრალდებით.

29 ნოემბერს ზუგდიდში დაკავებულ მოქალაქეს ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა.

„ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა [შეინახა], ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – ასე გამოეხმაურა ხვიჩია ამ ამბავს ფეისბუკზე.

საუბარია არა უბრალოდ პორნოგრაფიულ ნაწარმზე, არამედ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაზე, რაც ძალადობის პროდუქტია.

ვრცლად ბრალდებაზე:
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა „არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა“.

პოლიციის განცხადებით, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათები, ლაზერული დისკები, ფული და სიმბარათები.

ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარება კი დანაშაულში თანამონაწილეობაა, რადგან მსგავსი ტიპის პროდუქტზე მოთხოვნას ქმნის, რაც ითარგმნება არასრულწლოვანთა ექსპლუატაციასა და მათზე ძალადობაში.

დამფუძნებელი საერთო კრებას ითხოვს

ხვიჩიას ფეისბუკის ამ პოსტს პარტიის მხარდამჭერებში დიდი გამოხმაურება და განხილვები მოჰყვა საჯარო სივრცესა თუ შიდა ჯგუფებში.

პირველ დეკემბერს, პარტიის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, ნინო დარსაველიძემ, ხვიჩიას ნათქვამი გააკრიტიკა და თქვა, რომ არ ელოდა, პარტია ბავშვთა პორნოგრაფიის „გაპრავებამდე“ თუ დავიდოდა.

„მე, როგორც გირჩის დამფუძნებელი, ვითხოვ დამფუძნებელთა საერთო კრებას“, – დაწერა მან.

დარსაველიძემ ასევე განაცხადა, რომ არ შეიძლება, დაშვების უფლება მიეცეს იდეას, რაც ხვიჩიას პოსტიდან გამომდინარეობს.

„აზრზე მოვიდეთ ყველა ერთად“, – დაწერა მან და სხვა თანადამფუძნებლებს მოუწოდა, პოზიციები დააფიქსირონ.

„რა დროს ეგ არის“?

„სერიოზულად მეკითხებით“? — ასე უპასუხა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახო მეგრელიშვილმა „ნეტგაზეთის“ კითხვას, აპირებენ თუ არა დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევას.

მეგრელიშვილის თქმით, ამ საკითხზე კრების მოწვევას არ აპირებენ. „რა დროს ეგ არის? თქვენ რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ, უკაცრავად“?

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა პარტიის კიდევ ერთ დამფუძნებელს, გოგა ხაჩიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ საკითხს არ იცნობს და კომენტარებს არ აკეთებს.

„პარტიის პოზიცია“?

ვახტანგ მეგრელიშვილს „ნეტგაზეთმა“ 2 დეკემბერს ჰკითხა, იზიარებს თუ არა პარტია პოსტის შინაარსს, — და იმას, რასაც იაგო ხვიჩია ამბობდა.

„რა თქმა უნდა. 100%-ით. მე ვიზიარებ. პარტიაში, არ ვიცი, თქვენ რას გულისხმობთ, მაგრამ მე ვიზიარებ და ყველა ნორმალური ადამიანი ჩემ გარშემო, მე მგონი, იზიარებს“.

მეგრელიშვილის თქმით, როდესაც პირდაპირი დაზარალებული არ არსებობს, დანაშაული ვერ იქნება სახეზე და პირიქით, დანაშაულია „ამ ადამიანის დაკავება სახელმწიფო ძალადობის გამოყენებით“.

პარტიის კიდევ ერთმა თანადამფუძნებელმა, აქტივისტმა, ტელეწამყვანმა და ავტორმა ტორესა მოსიმ ფეისბუკზე დაწერა, რომ იმ დისკუსიიდან და აზრთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე, რაც „გირჩის“ წევრებს შორის მოჰყვა პოსტს, ხვიჩიას პოზიცია ვერ იქნება „გირჩის“ აზრის გამომხატველი.

„ნეტგაზეთმა“ ვახო მეგრელიშვილს კიდევ ერთხელ ჰკითხა, შეიძლება თუ არა პარტიის პოზიციად  განიხილოს მკითხველმა მისი და იაგო ხვიჩიას შეხედულება, რაზეც მეგრელიშვილმა გვიპასუხა:

„თუ არ იქნება პარტიის პოზიცია, მაშინ ნებისმიერ ადამიანს გავემიჯნები, რომელიც იტყვის, ეს პოზიცია არ არის პარტიისო. მომიყვანეთ კაცი, რომელიც იტყვის, ეს არ არის და იმის დედაც ვატირე“.

ტორესა მოსი: „მყიდველი ძალადობის მონაწილეა“

ხვიჩიას შეხედულება გააკრიტიკა ტორესა მოსიმაც, — ტელეწამყვანმა, აქტივისტმა და ავტორმა, — და ხაზი გაუსვა, რომ:

„ბავშვთა პორნოგრაფია თავისი არსით არის ძალადობრივი მოვლენა. მასში მონაწილე ყველა რგოლი სხვადასხვა ფორმით მონაწილეობს ბავშვზე ძალადობაში“.

ტორესა მოსიმ დაწერა, რომ ბავშვთა პორნოგრაფია, ანუ ბავშვებზე ძალადობა, არსებითად განსხვავდება პორნოგრაფიისგან, რადგან:

„ამ შემთხვევაში მომხმარებელმა ზუსტად იცის, რას ყიდულობს, ზუსტად იცის, რაში იხდის ფულს და მიზანმიმართულად და შეგნებულად არის ძალადობის, ძალადობრივად შექმნილი პროდუქტის დამკვეთი და დამფინანსებელი და, შესაბამისად, ამ ძალადობის მონაწილეც და მასზე პასუხისმგებელიც“.

მან ხვიჩიას პოსტი შეაფასა როგორც „მცდარი, უდროო და პარტიის დამაზიანებელი განცხადება“.

ტორესა მოსი: „ვთანხმდებოდით ფუნდამენტურ უფლებებზე“

ტორესა მოსი წერს, რომ როდესაც გირჩს აფუძნებდნენ, ბევრ საკითხში განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ცალსახად თანხმდებოდნენ, რომ სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება (ბედნიერებისკენ სწრაფვა) არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ამასთან:

„ძალადობა არანაირი ფორმით და არანაირ შემთხვევაში … დასაშვები არ არის და არ ჯდება და არც შეიძლება ჯდებოდეს სიტყვის, აზრის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. შესაბამისად, ვერც ამ უფლებით დაცული სიკეთე იქნება“.

ტორესა მოსი. ფოტო: გირჩი

ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი, გამავრცელებელი და შემძენი კი, ტორესა მოსის თქმით, წარმოადგენს „ბოროტებისა და ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ჯაჭვის შემადგენელ მთლიანობას“.

„ვერავის დავეთანხმები იმაში, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის შემძენსა და მომხმარებელს ამ ძალადობაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება და რამით ის შეიძლება განვიხილოთ ისე, როგორც ლეგალური პორნოპროდუქციის ჩვეულებრივი შემძენი“, – დაწერა ტელეწამყვანმა.

„კრიზისი“ და ჯაფარიძის რამდენიმედღიანი დუმილი

ტორესა მოსიმ საჯაროდ დაწერა, რომ „გირჩში არსებობს კრიზისი, რომელიც აღარ იმალება“. მან ამ კრიზისის მოწესრიგებაზე პასუხისმგებლობა ზურაბ ჯაფარიძეს დააკისრა და დაწერა:

„მაქვს აბსოლუტური რწმენა, რომ მათ [„გირჩის“ ამომრჩევლის] სრულ უმრავლესობას, პედოფილიაში მონაწილე პირთა მხარდაჭერისთვის არ მიუციათ ხმა“.

„კიდევ ბევრი რამისთვის არ მიუციათ ხმა და რა ვიცი, ჯაფარ, მგონია, რომ შენც უნდა გრძნობდე პასუხისმგებლობას იმ ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე, ვინც შენ გენდო და შენ გამო შემოხაზა გირჩი“, – მიმართა ტელეწამყვანმა ზურა ჯაფარიძეს.

ზურა ჯაფარიძე. “გირჩის” ოფისში საჯაროდ მარიხუანა დათესეს. შეუერთდა 31.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

„ნეტგაზეთი“ 2 დღის განმავლობაში ცდილობდა ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებას როგორც პირად ტელეფონზე, ასევე, პრესსამსახურის გავლით, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

ტორესა მოსის ბოდიში ხვიჩიას

მეორე დღეს, 3 ნოემბერს, ტორესა მოსიმ საჯაროდ მოუხადა ბოდიში იაგო ხვიჩიას წინა განცხადების გამო და დაწერა, რომ ზუსტად იცის, იაგო ხვიჩია „არაა პედოფილიის მხარდამჭერი და, ცხადია, არც მოძალადე“.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ნაწილში ვრჩები ჩემ აზრზე, ვფიქრობ, რომ იმ კონტექსტში და მომენტში, როცა დავწერე ის, რაც დავწერე, არასწორი იყო ამის გაკეთება“, – დაწერა მან.

იაგო ხვიჩია კი მოსის კომენტარის იმ ნაწილს დაეთანხმა, სადაც ჯაფარიძისგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს და დაწერა: „მართლა დროა, ჯაფარამ საკუთარი პოზიცია გამოხატოს“.

ჯაფარიძის პოზიცია: „არასწორი, მაგრამ არა შინაარსის გამო“

3 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუკზე ერთ-ერთ გადაცემაში სატელეფონო კომენტარებზე პასუხად თქვა, რომ ხვიჩიას ნათქვამი ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით „არასწორი“ იყო, მაგრამ „არა შინაარსის გამო“.

ჯაფარიძემ თქვა, რომ პარტიაში „არაფერი არ ჩამონგრეულა, არც არაფერი ჩამოინგრევა“, თუმცა ისიც თქვა, რომ საჭირო დოზით არ მონაწილეობდა მენეჯმენტში, რასაც გამოასწორებდა.

იაგო ხვიჩია: „კაი კაციაო, არ მითქვამს“

მოგვიანებით, 3 დეკემბერს, იაგო ხვიჩიამ  ფეისბუკზე დაწერა, რომ უსამართლოდ ესვრიან ტალახს:

„კაი კაციაო [დაკავებული], კი არ მითქვამს, პორნოს ყურების გამო დაჭერა არ მოსულა-თქო“, – დაწერა ხვიჩიამ.

„ვხედავ, რომ ადამიანი დაიჭირეს პორნოდისკების შეძენისთვის და ფლობისთვის. როგორც გამოძიება გვაუწყებს, ამ დისკებს შორის იყო არასრულწლოვანთა პორნოს შემცველი მასალები. გადაცემაში, ისევე როგორც მის საფუძველზე შექმნილ სტატიაში, არაფერი წერია ძალადობაზე, არც იმაზე, რომ ადამიანმა ბავშვთა პორნო გადაიღო ან დააორგანიზა. ნიუსი ამბობს, რომ ამ ადამიანმა შეიძინა პორნომასალა და მისით სარგებლობდა. პორნოს ნაწილში კი თურმე არასრულწლოვნები მონაწილეობენ. ამის გამო იჭერენ. ვთქვი, რომ ამის გამო დაჭერა არ მოსულა, არაფრის ნახვის და სხვისთვის ჩვენებისთვის არ მოსულა ადამიანის დაჭერა“, – დაწერა მან.

2 დეკემბერს „გირჩი ტვ-ზე“ ერთ-ერთ გადაცემაში კი მისი აზრის მიუღებლობის გამო გააკრიტიკა „უფლებადამველები და ენჯეოშნიკები“, თქვა, რომ შექმნილი „წესრიგის გამო მოხდა ის, რაც მოხდა“ და ახსენა „დამყაყებულ ენჯეო ლიბერალური საზოგადოება“, რომლისთისაც, ხვიჩიას თქმით, „ჯერ არ დაუქროლია სათანადო ქარს, რომ გასაგები გახდეს ამათი გულწრფელობის ან მართლა რამისთვის ბრძოლის სურვილი“.

რას ფიქრობს ჯაფარიძე?

კითხვაზე, ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარება არის თუ არა ამ დანაშაულის წახალისება და უნდა იყოს თუ არა დასჯადი, რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ ჯაფარიძემ ფეისბუკ-ლაივის დროს უპასუხა:

„თავისთავად მოხმარება, ჩემი აზრით, არ არის. გააჩნია რა შემთხვევაში“.

მან რამდენიმე შემთხვევა ჩამოთვალა: „ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება“, „სამეცნიერო კვლევისთვის გადმოწერა/ყიდვა“, „მუღამი, რომ ასე ებრძოლოს ბავშვთა პორნოგრაფიას“ — ამ შემთხვევებში, მისი თქმით, მიაჩნია, რომ ადამიანის დასჯა გაუმართლებელია.

მან ერთადერთი შემთხვევა გამოყო, რა შემთხვევაშიც დასჯას ემხრობა:

  • „თუ ტიპი ყიდულობს, კოლექცია აქვს და სიამოვნებას იღებს მათი ყურებით, — და პირიქით, სიამოვნებას ვერ იღებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბავშვთა პორნოგრაფის უყურებს, — ამ შემთხვევაში, ეს ადამიანი, ჩემი აზრით, არის ავად“;
  • „მაგ შემთხვევაში, დასჯა-არდასჯაზე როცა მიდის საუბარი, მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ ჩემი აზრით, სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ეს ადამიანი თავისთავად ხომ არ არის მოძალადე და თვითონ ხომ არ წარმოადგენს საფრთხეს; თვითონ ხომ არ არის მსგავსი რამის გამკეთებელი“;
  • „ასეთ შემთხვევაში, კი, ეგეთი ადამიანის იზოლირება უნდა მოხდეს. შეიძლება არა ციხეში და სპეციალრ დაწესებულებაში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იზოლირება უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში, არ მგონია ავადმყოფი ადამიანის ციხეში გაშვება სწორი“.

„ზოგან სექსუალურ ცხოვრებას 15 წლიდან იწყებენ“

ხვიჩია ამბობს, რომ ბოდიში მოსახდელი არა აქვს. ჯაფარიძის ბოლო განცხადებამდე, „ნეტგაზეთმა“ ვახტანგ მეგრელიშვილს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის, ანუ მათზე ძალადობის ამსახველი კადრების ყიდვა და მოხმარება ქმნის მოთხოვნას ბავშვთა პორნოგრაფიაზე [რაც პასუხისმგებლობას აკისრებს მომხმარებელს], რაზეც მან გვიპასუხა:

„სისულელეა ეგ. მაგის გამო ადამიანის დაჭერა არის ბოროტება. მთავარი არის ის, რომ ადამიანს, რომელსაც არავისთვის არაფერი დაუშავებია, რომელიც უდანაშაულოა, რაღაცის ყურებისთვის არ შეიძლება, რომ თავისუფლება შეუზღუდო, დაიჭირო, გაანადგურო“.

„ის ბავშვთა პორნოგრაფია, შეიძლება, ტაილანდში იყო გადაღებული. ახლა ვის იცავთ თქვენ? სხვადასხვა კულტურულ საზოგადოებებში სხვადასხვა წესრიგი არსებობს. ზოგან სექსუალურ ცხოვრებას 15-16 წლიდან იწყებს ხალხი. ჩვენ 18-დან ვიწყებთ“, – თქვა მან.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, ამართლებს თუ არა „სხვადასხვა კულტურულ გარემოებებში არსებული განსხვავებები“ ბავშვებზე ძალადობას, მეგრელიშვილმა გვიპასუხა:

„რა შუაშია?! მაგალითად, ჩვენი ბებიები სექსუალურ ცხოვრებას იწყებდნენ 14-15 წლის ასაკში. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვამბობთ, რომ ადრე დაქორწინება პრობლემააო, პროფესიას უნდა მიხედოს ქალმაო. კულტურულ გარემოებას როგორ არ აქვს მნიშვნელობა. სკოლაში რას სწავლობდით?.. აბა, ამას როგორ ვერ ხვდებით, რომ ტაილანდში თუ 16 წლის გოგო თუ სრულიად ლეგალურად არის რაღაც ფილმში გადაღებული, [შეიძლება] ჩვენი საზოგადოება თვლიდეს, რომ ეს არის ამორალური და ამის გამო ხალხს ვიჭერდეთ, და სხვა საზოგადოებაში ეს იყოს ნორმა… და ნუ განსჯით ამ სხვა საზოგადოებებს, დაანებეთ თავი, ნუ ხართ ყველას განმხკითხველები, ხალხნო“…

„თქვენ მნძრეველი კაცის დაჭერას ითხოვთ. მე კიდევ გეუბნებით, არ არის-მეთქი ეს კაცი დასაჭერი და თქვენ მეუბნებით, გინდა თუ არა, ტაილანდელი ბავშვების სექსინდუსტრიაში ჩართვას შეუწყო ხელი იმიტომ, რომ რაღაცს უყურაო. სისულელეა“, – ამბობს მეგრელიშვილი.

კულტურული რელატივიზმი

აქ აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ სადაა ბავშვთა პორნოგრაფიული, ანუ ძალადობის ამსახველი მასალა დამზადებული. შესაბამისად, „ტაილანდის“ არგუმენტი სპეკულაციურია, მით უმეტეს, რომ ტაილანდშიც, — სადაც ბავშვებზე ძალადობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, — სრულწლოვანების ასაკი 18 წელია, და ეს არგუმენტი ტაილანდელი ბავშვების ორიენტალიზაციას უფრო წააგავს (თითქოს მათ უფლებები არ ჰქონდეთ), ვიდრე რეალურ არგუმენტს.

თუმცა ასე რომც არ იყოს, ამ მსჯელობაში სხვა პრობლემაც იკვეთება. როგორც ანა არგანაშვილი („პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“) განმარტავს „ნეტგაზეთთან“ საუბარში:

„ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალი ბავშვთა უფლებების კუთხით სრულიად დაუშვებლად მიიჩნევს ყველანაირ რელატივიზმს, წეს-ჩვეულებას და კულტურულ ნორმას, თუ ის ბავშვზე სექსუალურ ძალადობას წაახალისებს“.

„თუ ეს სადმე ნორმალიზებულია, ესე იგი ის გასულია სამართლებრივი სივრციდან, მე ვიტყოდი, ღირებულებების და ადამიანურობის სივრციდანაც“, – ამბობს იგი.

ბავშვთა პორნოგრაფიით სარგებლობის აკრძალვის ლოგიკა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველო ამ მიდგომაში გამონაკლისი არ არის: აშშ-ის ფედერალური კანონმდებლბობა ბავშვთა პორნოგრაფიად განსაზღვრავს არასრულწლოვანთა სექსუალურად ექსპლიციტურ გამოსახვას. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი წერს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის ამსხველი კადრები მიჩნეულია, როგორც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის კადრები.

და აშშ-ის ფედერალური სამართალი კრძალავს ბავშვთა პორნოგრაფიის რაიმე სახით დამზადებას, გავრცელებას, შემოტანას, მიღებას ან ფლობას. კანონის დარღვევა პატიმრობას ითვალისწინებს.

ანა არგანაშვილი მიუთითებს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიას აქვს საშიში ზეგავლენა საზოგადოებაზე, „რადგან ის არის წამახალისებელი ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის გავრცელებისა“.

„მისი მსხვერპლი არის ყველა სხვა ბავშვი, ვისზეც სექსუალურად იძალადებენ ამ მასალის ზეგავლენით. მარტივი ფორმულა ასეთია, ბავშვთა პორნოგრაფიას დამნაშავეები არ შექმნიდნენ, თუ მათ არ ეყოლებოდათ მაყურებელი“.

ამიტომ, არგანაშვილის თქმით, — და კანონმდებლობის ლოგიკითაც, — ყველა, ვინც მას უყურებს, ან რაიმენაირად ავრცელებს, არის „ამ საშინელი ქმედების მონაწილე“.

„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები თუ რამეზე თანამშრომლობენ, ეს ბავშვთა პორნოგრაფიის აკრძალვაა, როდესაც ხდება მასალის უპირობო განადგურება“, – ამბობს იგი.

უფლებადამცველი დასძენს, რომ ბავშვთა პორნოგრაფია, გარდა იმისა, რომ კანონმდებლობით არის აკრძალული, წმინდა ადამიანური ღირებულებებით არის სრულიად მიუღებელი და:

„არ სჭირდება იურისტობა ამ საკითხზე სწორი პოზიციის ქონას. თუ ვინმეს განსხვავებული პოზიცია აქვს, ესე იგი, მთავარ ღირებულებებზე ვერ ვთანხმდებით და ეს ძალიან სევდიანი ამბავია“.

ანა არგანაშვილი გვეუბნება, რომ წარმოუდგენელი და დაუშვებელია, ეს მიდგომა ჰქონდეს პარტიას და დასძენს:

„ყველაზე სევდიანი კითხვა, რაც მე მიჩნდება, არის „გირჩის“ გეგმებთან დაკავშირებით: პარლამენტში ბავშვთა მიმართ ძალადობის ნორმალიზაციის იდეებით შედიან“?

„გირჩის“ და იაგო ხვიჩიას შესახებ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, „გირჩმა“ ქვეყანაში ხმების 2.89% მიიღო და, ჯამში, გადაუნაწილებელი ხმების ჩათვლით, 4 საპარლამენტო მანდატი ერგო.

თუმცა პარტია, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, უარს აცხადებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, რადგან არჩევნებს გაყალბებულად, შედეგებს კი არალეგიტიმურად მიიჩნევს.

იურისტი იაგო ხვიჩია „გირჩის“ საარჩევნო სიაში მე-2 ნომრად ეწერა. 2018 წლიდან ის პარტიის თავმჯდომრის პოსტს იკავებს.

2012 – 2018 წლებში „თავისუფალ უნივერსიტეტში“ ადმინისტრაციული სამართლის სრულ კურსს კითხულობდა. მისი პარტიული ისტორია 2015 წლიდან, — გირჩის შექმნის წლიდანვე, — იწყება.

„გირჩი“ 2015 წელს დააარსეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსულმა დეპუტატებმა: ზურა ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, გიორგი მელაძემ და პავლე კუბლაშვილმა. დროთა განმავობაში დანარჩენი სამი გვერდზე გადგა და აქტიურ პოლიტიკურ ველში მხოლოდ ზურა ჯაფარიძეა დარჩენილი.

როგორც პარტიის საიტზე ბლოგში თვითონ წერს, ხვიჩიას პავლე კუბლაშვილმა შესთვაზა საჯარო პოლიტიკაში ახალი პლატფორმით მისვლა. ასე აღმოჩნდა ხვიჩია პოლიტიკაში.

2016 წლის არჩევნებში პარტია ჯერ მამუკა კაციტაძეს და გიორგი ვაშაძეს შეუამხანაგდა საარჩევნო ბლოკში, შემდეგ კი ყველანი ერთად პაატა ბურჭულაძესთან გაერთიანდნენ. თუმცა კოალიციამ დიდხანს ვერ გასტანა და „გირჩს“ იმ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „გირჩის“ კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ საქართველოს მასშტაბით ხმების 2.26% მიიღო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ქვეყნის მასშტაბით 2,89%-ის მოპოვებასთან ერთად, ერთად, პარტიამ თბილისში მე-3 ადგილი დაიკავა.

პარტიის არსებობის ხუთწლიან პერიოდში, „გირჩის“ „ანგარიშზეა“:

  • ფორმალურად რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლების“ დაარსება, რომელიც 27 წლამდე ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარება;
  • „გირჩს“ მოგებული აქვს საკონსტიტუციო სარჩელი მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც კანაფის მოხმარება ლეგალური გახდა;
  • ტელევიზია – „გირჩი ტვ“;
  • გასულ წელს, პროსტიტუციის ლეგალიზაციის მოთხოვნით, გამოაცხადეს, რომ საკუთარ ოფისში ბორდელი გახსნეს;
  • იმავე წელს, ტაქსების რეგულაციის პასუხად გააკეთეს კომპანია „შმაქსი“;
  • პარტიას დაანონსებული აქვს დამოუკიდებელი სკოლის შექმნაც, რომელიც, მათი წარმოდგენით, სახელმწიფო საგანმანათლებო სისტემის გარეთ იარსებებს და „არცერთ სახელმწიფო რეგულაციას არ დაემორჩილება“;

„კლასიკური ლიბერალიზმი“

პარტიის იდეოლოგიურ ხედვაზე, ამ საკითხის წამოწევის შემდეგ, ზურა ჯაფარიძემ ფეისბუკის ლაივში ისაუბრა და „გირჩის“ იდეოლოგიას „კლასიკური ლიბერალიზმი“ უწოდა. მან განაცხადა:

„მე ვთვლი, რომ გირჩი არის კლასიკული ლიბერალიზმის სკოლის იდეების გამტარებელი, რომლის ქვეშაც არის ბევრი ქვესკოლა, რომლებიც განსხვავდებიან. არის ავსტრიული სკოლა, ჩიკაგოს სკოლა, საზოგადოებრივი არჩევანის სკოლა, არიან რანდიანელები… ისინი ყველანი რაღაცით განსხვავდებინ, მაგრამ ყველა მათგანის ადგილი არის გირჩში“.

ჯაფარიძემ ასევე თქვა, რომ მისი აზრით, „გირჩი“ არ უნდა დაემსგავსოს „ლიბერტარიანულ პარტიებს, რომლებიც არიან აშშ-ში და სხვაგან,  ასეთი საკითხების გარჩევით არიან დაკავებული და მთელი ყურადღება და ენერგია მაგაზე აქვთ გადატანილი, სინამდვილეში კი, ვერანაირად პრაქტიკულ შედეგებს ვერ დებენ“.

„აბსოლუტურ თანხვედრაშია“ გირჩის ხედვასთან

რამდენად მოულოდნელია ხვიჩიას განცხადება და პარტიის მიერ ასეთი პოზიციის დაკავება? „ნეტგაზეთმა“ ეს კითხვა დაუსვა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP-ის) ანალიტიკოსს, ლევან კახიშილს, რომელიც ბამბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) სოციალური მეცნიერებების სადოქტორო სკოლის (BAGSS) დოქტორანტია.

„ეს პოზიცია აბსოლუტურ თანხვედრაშია „გირჩის“ იდეოლოგიურ სისტემასთან, ლიბერტარიანიზმთან“, – გვიპასუხა მან.

„ეს არის აბსოლუტურ თავისუფლებაზე მორგებული იდეოლოგია როგორც ეკონომიკურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. და ყველაფერი, რასაც გირჩი აკეთებს, ამ კონტექსტში ჯდება“, – გვეუბნება იგი.

კახიშვილის განმარტებით, „გირჩის“ მიზანია „საზოგადოებრივი ცხოვრების აბსოლუტური დერეგულაცია, პირადი სფეროს მაქსიმალურად გაფართოება და საჯარო სივრცის შეზღუდვა“.

„მათი გადმოსახედიდან, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ იმაში, მე ინტერნეტიდან რას ჩამოვტვირთავ და რას ვნახავ“, – ამბობს იგი.

„ჩემი აზრით, „გირჩი“ არის ის გამონაკლისი პარტიებს შორის, რომელიც ძალიან ერთგულია საკუთარი იდეოლოგიისა. თუმცა ეს ამ კონტექსტში ნამდვილად არ არის დადებითი მახასიათებელი“, – უთხრა მან „ნეტგაზეთს“.

„მე-15 საუკუნის იდეები“

ლევან კახიშვილი მიუთითებს, რომ „გირჩის“ გადმოსახედიდან, ფუნდამენტური უფლებები შემოიფარგლება სიცოცხლის უფლებით, საკუთრების უფლებითა და „თავისუფლებით“, რაც არის „მე-15 საუკუნის იდეა, ჯონ ლოკისეული“, რომელსაც ამ აზროვნებით სისტემაში განვითარება არ მოჰყოლია.

კახიშვილი იხსენებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას „ბავშვების გაყიდვასთან“ დაკავშირებით:

„მე მგონია, რომ ბავშვების გაყიდვა არის ძალიან სწორი ბავშვებისთვის. ვინც აპირებს შვილის ყოლას, ხომ ნათელია, რომ ბავშვი იმას უნდა ჰყავდეს? როგორ შეიძლება ბავშვის გაყიდვის აკრძალვა“? – თქვა მეგრელიშვილმა.

კახიშვილი ამბობს: „ამ გადმოსახედიდან, ბავშვი არის მშობლის საკუთრება, უნდა სცემს, უნდა პორნოგრაფიულ მასალას შექმნის მისი გამოყენებით. ამ ლოგიკას მიჰყვებიან. უბრალოდ, ამას არ იტყვიან, რადგან ამის რეზონანსი საზოგადოებაში იქნება უარესი, ვიდრე იმის, რაც ითქვა“.

[„გირჩევთ“ ნეტგაზეთის არქივიდან: რატომ უგულებელყოფს ბავშვის უფლებებს გირჩის იდეა მათ „გაყიდვაზე“]

„გირჩის“ ტაქტიკა

ლევან კახიშვილი აღნიშნავს, რომ პარტიას, ზოგადად, 2 ფუნქცია აქვს: წარმოადგინოს საზოგადოების ინტერესები და საკუთარი იდეოლოგიური შეხედულებების გარშემო საზოგადოების მობილიზაცია მოახდინოს, ეს იდეოლოგიური შეხედულებები რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელოს, რაც ავტომატურად გადაითარგმნება მისი მხარდამჭერების რაოდენობის ზრდაში.

„ამ მეორე ლოგიკას მიჰყვება გირჩი, განსხვავებით მეინსტრიმული პარტიებისგან, რომლებიც ცდილობენ, ასე ვთქვათ, „საშუალო ამომრჩეველთან“ იდგნენ ახლოს იდეოლოგიური შეხედულებებით, რაც ნიშნავს, რომ მასობრივი ხმები უნდა მოიზიდონ“, – ამბობს კახიშვილი.

თუმცა ის, რომ გირჩი მსგავს განცხადებებს საჯაროდ არ ერიდება, ხომ არ ნიშნავს იმას,რომ მარგინალიზაციის გზას დაადგეს? ლევან კახიშვილი ამ კითხვას თავადვე პასუხობს: „არ ანაღვლებთ“.

„აქვთ ძალიან გრძელვადიანი გათვლა: დარჩნენ საკუთარი იდეოლოგიის ერთგულნი, ნელ-ნელა გაზარდონ საკუთარი მხარდამჭერების რაოდენობა. რასაც აკეთებენ კიდეც“.

„გირჩის“ ამომრჩეველს ის ასე აღწერს: „თუკი „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ხმა მისცეს მან, ვისაც არ უნდა ენმ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, — იმიტომ კი არა, „ოცნება“ მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცის წინააღმდეგ აძლევს ხმას, — „გირჩის“ ამომრჩეველი წმინდა წყლის „გირჩის“ ამომრჩეველია. ის იზიარებს იმ შეხედულებებს და რწმენა-წარმოდგენებს, რაც პარტიას გააჩნია“.


ჯაფარიძემ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ აღარ აპირებს,  იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“.

პარტიის შიდა ჯგუფში (რომლის სახელია „გირჩის ბაბლი“), ჯაფარიძემ 4 დეკემბრის დილას დაწერა:

„სამწუხაროდ, ერთი მხრივ, ჩემი, ხოლო მეორე მხრივ, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო“.

ჯაფარიძე ამბობს, რომ არ აპირებს პარტიის გაყოფის მიზეზებზე საჯაროდ საუბარს:

„არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში“.

„წარმატებას ვუსურვებ სამივეს, მჯერა, რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ. ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის, რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა“.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს პარტიის ლიდერებთან გაარკვიოს, თუ ვინ ტოვებს „გირჩს“, თუმცა იაგო ხვიჩიას და  ვახო მეგრელიშვილს ტელეფონები გამორთული აქვთ, ჯაფარიძე კი „ნეტგაზეთის“ ზარებს არ პასუხობს.

ჯაფარიძე ჯგუფში პოსტის ბოლოს წერს: „გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი