ახალი ამბები

რატომ უგულებელყოფს ბავშვის უფლებებს გირჩის იდეა მათ “გაყიდვაზე”

26 იანვარი, 2019 • 6158
რატომ უგულებელყოფს ბავშვის უფლებებს გირჩის იდეა მათ “გაყიდვაზე”

მემარჯვენე-ლიბერტარიანული პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საკუთარ გადაცემაში თქვა, რომ “ბავშვების გაყიდვას” ემხრობა და “ბავშვის ყიდვა უნდა შეიძლებოდეს”. პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მეგრელიშვილი “მშობლის, იგივე მეურვეობის, უფლების გაყიდვაზე” საუბრობდა, მეგრელიშვილის ხედვა კი ამ საკითხზე ემთხვევა “გირჩის” საერთო პოზიციას, მაგრამ დასძენს, რომ არ უყურებენ “ბავშვს, როგორც ნივთს”.

განმარტებების მიუხედავად, “გირჩის” პოზიციას სპეციალისტების ნაწილი ბავშვთა საკითხებში პრობლემურად მიიჩნევს; ჩვენი რესპონდენტი, ბავშვთა ფსიქოლოგი ამბობს, რომ ეს ხედვა ადამიანის, ბავშვის უფლებებს უგულებელყოფს.

“თავისუფალი ბაზრიდან” “ბავშვებით ლეგალურ ვაჭრობამდე”

“გირჩის” ფეისბუკ-გადაცემაში, სახელად “თავისუფალი ბაზარი”, წამყვანმა, ვახო მეგრელიშვილმა 24 იანვარს სტუმართან დებატებში ასეთი რამ თქვა:

“მე მგონია, რომ ბავშვების გაყიდვა არის ძალიან სწორი ბავშვებისთვის. ვინც აპირებს შვილის ყოლას, ხომ ნათელია, რომ ბავშვი იმას უნდა ჰყავდეს? როგორ შეიძლება ბავშვის გაყიდვის აკრძალვა”?

ამის შემდეგ, დიალოგის მიმდინარეობისას მეგრელიშვილი ბავშვს უწოდებს “ისეთ საშუალებას, არსებას, რომელიც უნდა მოხვდეს ყველაზე მზრუნველი ადამიანის ხელში”; ამბობს, რომ ბავშვი “არ არის სრულფასოვანი ადამიანი”, “ბავშვი შეიძლება გაყიდო იმიტომ, რომ მოუარო … სრულწლოვნებამდე”, და იმეორებს, რომ “ბავშვების ყიდვა უნდა შეიძლებოდეს”.

მეგრელიშვილი აგრძელებს: “სახელმწიფო როცა წყვეტს, რომ ბავშვი ერთი მშობლისგან წამოიყვანოს და ვიღაცას მიაშვილოს, რა განსხვავებული სტიმულია იმასთან შედარებით, რომ ადამიანი ამბობს: “მე მინდა შვილი… ამდენი რესურსი მაქვს, რომ ეს სიკეთე, რაც არის შვილი, მივიღო” და პატიოსნად შეეძლოს ამ ადამიანს, ჩვეულებრივად იყიდოს მშობლის უფლება? რა პრობლემას ხედავთ ამაში? რატომ არის ის კორუფცია, რაც ბავშვების გაშვილებასთან მიმართებაშია გამეფებული, ბავშვებით ლეგალურ ვაჭრობაზე უკეთესი?”

“აბსურდული მსჯელობა”

საქართველოს მოქმედი კანონით შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, რომლის სამართლებრივი საფუძვლებიც გაეროსა და ჰააგის ბავშვთა უფლებათა კონვენციებია, კრძალავს 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილებას მისი თანხმობის გარეშე. რამდენად გაითვალისწინებს “თავისუფალი ბაზარი” ბავშვის სურვილებს/ინტერესებს? რამდენად ითვალისწინებს აღნიშნული ლოგიკა ადამიანის უფლებებს?

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ნეტგაზეთთან საუბრისას აკრიტიკებს მეგრელიშვილის მსჯელობასა და ხედვას: “ფაქტია, რომ არანაირი სენსიტიურობა [არ ჩანს] ბავშვის უფლებების მიმართ, ბავშვს საერთოდ პიროვნებად არ აღიქვამს”. ფსიქოლოგი მიგვითითებს მეგრელიშვილის ფრაზაზე – “ბავშვი არ არის სრულფასოვანი ადამიანი”, და ამის პასუხად ამბობს:

“რა წამიდანაც ჩნდება ადამიანი, ის არის დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც ესაჭიროება მხარდაჭერა. ეს გამომდინარეობს ყველა საერთაშორისო ნორმიდან, ბავშვთა უფლებების ყველა კონვენციიდან, ბავშვთა ფსიქოლოგიიდან, — არც უნდა ამას კონვენციები. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ იქნება ბავშვის მხარდამჭერი… საიდან ვიცით, ამ ადამიანს [ვინც “ბავშვის ყიდვას” მოისურვებს] რა მოტივები აქვს? როგორ დავიცავთ ბავშვს შესაძლო ძალადობისგან? კომერციულ სისტემაში ამ რისკებს როგორ გავზომავთ? ვიღაცას რომ უნდა, ბავშვი ჰყავდეს და ფულს რომც იხდიდეს, ეს ნიშნავს ერთმნიშვნელოვნად, რომ მას სწორი მიდგომა აქვს და ბავშვი დაცული იქნება”?

მაია ცირამუას შეფასებით, “გირჩის” სააზროვნო სისტემისთვის “არ არის ამოსავალი წერტილი ბავშვი, ბავშვის ინტერესები და ბავშვის უფლებები. აქედან გამომდინარე, ეს სრულიად აბსურდული და აბსოლუტურად გაუგებარი მსჯელობაა”.

“მესმის, რომ სახელმწიფო, სამწუხაროდ, არსებული რესურსებით, პროგრამებით ვერ უზრუნველყოფს დღეს ბავშვების კეთილდღეობას ამ ქვეყანაში, მაგრამ ამის საპირწონედ იმის თქმა, რომ ვიღაცას უნდა ჰქონდეს უფლება, ბავშვი გაყიდოს და იყიდოს, ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია. ეს ძალიან ახლოა იმ თეორიასთან, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოში და რაც ხელ-ფეხს უხსნის მშობელს: “ბავშვი ჩემია და რასაც მინდა, იმას ვუზამ. მინდა გავყიდი, მინდა ვცემ, მინდა კანფეტს ვაჭმევ” და ა.შ. ასე რომ, ეს იმთავითვე არასწორი მსჯელობაა… შეიძლება, ვერც კი დაიჯერო, რომ ადამიანი ამას ამბობს”, – გვეუბნება მაია ცირამუა.

“გირჩის” პოზიცია

მას შემდეგ, რაც მედიასა და სოციალურ ქსელებში მეგრელიშვილის ციტატები გავრცელდა, “თავისუფალი ბაზრის” ფეისბუკის გვერდმა განმარტების მიზნით გააზიარა დაახლოებით 4-წუთიანი ვიდეო, სადაც აღნიშნული დიალოგი მიმდინარეობს. იგივე ვიდეო გააზიარა “გირჩის” ოფიციალურმა გვერდმაც, ტექსტით: “აეეე, გირჩში ბავშვებს ყიდიან” ხალხისთვის. თუ ვერ გაიგებთ, კიდევ უყურეთ. მერე კიდევ და ა.შ”.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა პარტიის დამფუძნებელს და ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, რათა დაეზუსტებინა, გამოხატავს თუ არა მეგრელიშვილი პარტიის საერთო პოზიციას ბავშვების გაყიდვასთან დაკავშირებით. ჯაფარიძემ გვითხრა, რომ მეგრელიშვილის გადაცემა ორსაათნახევარი გრძელდებოდა და მისი ნათქვამი “კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი”:

“ბავშვის გაყიდვაზე არ არის საუბარი. ბავშვი არ არის ნივთი, რომ ვიღაცამ გაყიდოს. ბავშვი არ არის არც საქონელი და არც რაიმე სხვა ტიპის ნივთი”.

ნეტგაზეთის კითხვაზე, მისი აზრით, ჩანდა თუ არა ეს აზრი მეგრელიშვილის საუბარში, ჯაფარიძემ გვიპასუხა: “კი. თუ მთლიანად ორსაათნახევრიან გადაცემას უყურებთ, ეგრე ჩანდა იქიდან”.

თავად “გირჩის” ფეისბუკის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებულ 4-წუთიან ვიდეოში მეგრელიშვილი რამდენჯერმე ახსენებს “ბავშვის გაყიდვას”, ასევე, “ბავშვებით ლეგალურ ვაჭრობას”. თუმცა ჯაფარიძე ამბობს, რომ “იქ არის ახსნილი… [რომ] საუბარი არის მშობლის უფლების გაყიდვაზე. სინამდვილეში, სამწუხაროდ, ეგეთი უფლება რომ არ არსებობს ამ ქვეყანაში, მაგის შედეგია ის, რომ ნაგავსაყრელზე ვპოულობთ გადაგდებულ ჩვილ ბავშვებს; მაგის შედეგია ის, რომ არსებობენ ოჯახები, რომლებსაც უნდათ შვილის აყვანა, რიგში დგებიან და [მხოლოდ] 3-4 წლის შემდეგ ახერხებენ ამას”.

ჯაფარიძე გვეუბნება, რომ ვახო მეგრელიშვილი საუბრობდა “მშობლის, მეურვეობის უფლების გაყიდვაზე” და ასე განმარტავს: “გაყიდვა ცუდი სიტყვაა იმ კონტექსტში იმიტომ, რომ ადამიანები როდესაც რაღაცას ყიდულობენ, იგულისხმება, რომ რაღაცაზე საკუთრებას მოიპოვებენ, და ბავშვზე საკუთრება არავის არ აქვს, დამოუკიდებელი ადამიანია”.

ნეტგაზეთმა ჯაფარიძეს შეახსენა, რომ მეგრელიშვილი ვიდეოში ამბობს – “ბავშვი არ არის სრულფასოვანი ადამიანი”, რაზეც ჯაფარიძემ გვიპასუხა: “სრულ გადაცემას თუ ნახავს ვინმე, ამ საკითხს რამდენჯერმე უბრუნდებიან… უბრალოდ, თემა სხვა იყო, ეს თემა გვერდიდან იყო შემოსული და ამიტომ ბოლომდე ახსნის საშუალება, მგონი, არც მიეცა. მაგრამ, პრინციპში, გულწრფელად თუ გაინტერესებთ, რას გულისხმობდა, თუ იფიქრებთ ამაზე, მგონი, გასაგები იყო, რასაც გულისხმობდა”.

სახელმწიფოს როლი

ფსიქოლოგ მაია ცირამუას არც ჯაფარიძისეული განმარტება აკმაყოფილებს: “არც ეს მიდგომა არ არის სწორი. ბავშვის მეურვეობის ყიდვა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს იმას, რომ თუ ვინმეს სურვილი აქვს, ასე გააკეთოს, იგი ბავშვზე ორიენტირებულია”.

იგი ჩამოთვლის პრობლემურ საკითხებს, რაც თავს იჩენს მსგავს მსჯელობაში: “თუკი ადამიანი, რომელსაც “მშობლის უფლების ყიდვა” უნდა, [სიტყვაზე] პედოფილია, აქვს ეკონომიკური რესურსი და უნდა ამ გზით აიღოს მეურვეობა ბავშვზე, ვინ და როგორ გაზომავს ამ რისკს? ექნება თუ არა სახელმწიფოს მონიტორინგის, თვალყურის მიდევნების შესაძლებლობა? ასე, ალალბედზე ხომ არ შეიძლება?! ბავშვი არ არის საქონელი, რომელიც, მეურვეობის უფლებით იქნება ეს თუ მშობლობის უფლებით, აიღო და თვითნებურად მიჰყიდო ვინმეს”.

“ეს აბსოლუტურად გაუგებარია… იმთავითვე მცდარი მიდგომაა”, – ამბობს იგი და განმარტავს, რომ აღნიშნული რისკებისგან თავის ასარიდებლად სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეგულაციები: “მაგალითად, ავიღოთ შვილად აყვანის პროგრამა. სახელმწიფომ შემოიტანა ასეთი ტიპის რეგულაცია, რომლითაც გარკვეული ასაკის შემდეგ ადამიანს ეზღუდება ეს უფლება. რატომ? იმიტომ, რომ ეს შეიძლება გარკვეულწილად რისკის შემცველი იყოს — შეიძლება, ხანდაზმულ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას და ბავშვი დარჩეს მეურვის, მზრუნველის გარეშე. ეს მიდგომა უფრო სწორი მგონია — აქ ბავშვის მომავალზე ზრუნავ, რომ არ დარჩეს ოჯახის, მზრუნველის გარეშე”.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა. ფოტო: ლიბცენტრი

“ეს ორივე მიდგომა, ასეთი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ, იმთავითვე ძალიან მაღალი რისკის შემცველი და ძალიან პრობლემურია; ეს ჩემთვის იმთავითვე ნიშნავს ბავშვის უფლების უგულებელყოფას და მისთვის სარისკო გარემოებების შექმნას”.


“გირჩი”, როგორც პოლიტიკური პარტია, 2015 წლის ბოლოს დააფუძნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ახლად წამოსულმა ოთხმა დეპუტატმა, რომელთა შორის გოგა ხაჩიძე და ზურა ჯაფარიძეც იყვნენ. გირჩს ასევე შექმნილი აქვს რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც 27 წლამდე ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარება. “გირჩმა” მოიგო საკონსტიტუციო სარჩელი მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც კანაფის მოხმარება ლეგალური გახდა.

2018 წლის სექტემბერში გირჩმა დააანონსა დამოუკიდებელი სკოლის შექმნა, რომელიც, მათი წარმოდგენით, სახელმწიფო საგანმანათლებო სისტემის გარეთ იარსებებს და “არცერთ სახელმწიფო რეგულაციას არ დაემორჩილება”. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში “გირჩის” კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ საქართველოს მასშტაბით ხმების 2.26% მიიღო – მას ხმა 36 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი