ახალი ამბები

მინისტერიალზე დამტკიცდა NATO-საქართველოს ახალი არსებითი პაკეტი | ზალკალიანი

2 დეკემბერი, 2020 • 1582
მინისტერიალზე დამტკიცდა NATO-საქართველოს ახალი არსებითი პაკეტი | ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, 1 და 2 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ NATO-ს წევრი ქვეყნების მინისტერიალზე განახლდა საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობის არსებითი პაკეტი, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოსადმი მხარდაჭერას. მან ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“დღევანდელ მინისტერიალზე დამკიცდა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც არის განახლებული და გაძლიერებული. ძველი პაკეტი 2014 წელს უელსის სამიტზე გახლდათ მიღებული, რომელიც მოიცავდა 14 პროგრამას, რომელიც აძლიერებს საქართველოს თავდაცვის უნარიანობას მდგარდობა და გვაახლოებს ნატოსთან. დღევანდელი გადაწტვეტილება არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ხელშესახები შედეგი. შარშან როდესაც ბათუმში ჩვენ ვუმასპინძლეთ NATO-საქართველოს კომისიას, გადაწყდა, რომ საჭირო იყო არსებული პაკეტის განახლება და ეს დაგვირგვინდა დღეს, როდესაც ახალი კონკრეტული კომპონენსტები შევძინეთ ამ პაკეტს”, – აცხადებს დავით ზალკალიანი.

მინისტრის განცხადებით, არსებითი პაკეტი შეიცავს გაძლიერებულ სამხედრო კომპონენტებს, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება.

“ეს პაკეტი პირველ რიგში ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, კერძოდ: NATO-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერებას ადა მისი შესაძლებლობების გაფართოებას; ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში ნატოელი პარტნიორების მეტ ჩართულობას, მეტ “port call-ებს [NATO-ს გემების საქართველოს პორტებში შემოსვლა], ასევე, გაძლიერებულ წვრთნებსა და ჩვენი საზღვაო ძალების ალიანსის სტანდარტებთან გათანაბრებას. განახლებული პაკეტი ითვალისწინებს უსაფრთხო კომუნიკაციას, რაც მნიშვნელოვანია, რათა გვქონდეს NATO-სთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხები, მაშინ როცა, დღევანდელ მსოფლიოში არსებობს კიბერ-თავდასხმები და სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხეები”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის განცხადებით, კორონა ვირუსის პანდემიის გათვალისწინებით, არსებითი პაკეტი შეიცავს ქართველ და NATO-ელ პარტნიორებს შორის სამხედრო-სამედიცინო კუთხით თანამშრომლობასაც.

მინისტერიალის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობა, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, კიდევ უფრო ღრმავდება და ძლიერდება, როგორც კონკრეტული პრაქტიკული მოქმედებებით, ისე პოლიტიკური მხარდაჭერით.

“ჩვენ გვაქვს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, მე თავად ვარ ნამყოფი ამ ცენტრში და ნანახი მაქვს, როგორ მუშაობენ ქართველი და მოკავშირე ოფიცრები ერთად. ჩვენ ვთანამშრომლობთ საჰაერო, სარადარო ინფორმაციის გაცვლაშიც, ასევე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაშიც. მოკავშირეები მზად არიან უზრუნველყონ დამატებითი პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსთვის არაერთ სფეროში. NATO-ს 2030-ის ერთ-ერთი მიზანია, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა ისეთ ქვეყნებთან მუშაობით, როგორიცაა საქართველო. ეს არის გზავნილი დღევანდელი შეხვედრიდან”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.


მინისტერიალი ორი დღის განმავლობაში ბრიუსელში მიმდინარეობდა. მასში მონაწილე მხარეთა ნაწილი, კორონა ვირუსის პანდემიის გამო, მინისტერიალს დისტანციურად ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი