ახალი ამბები

ხელფასების კომპენსაცია, შეღავათები – სტუმარ-მასპინძლობის სექტორი გახარიას მიმართავს

2 დეკემბერი, 2020 • 990
ხელფასების კომპენსაცია, შეღავათები – სტუმარ-მასპინძლობის სექტორი გახარიას მიმართავს

სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები მთავრობას დახმარებას სთხოვენ. ისინი კანცელარიასთან შეიკრიბნენ და საკუთარი მოთხოვნების შესახებ ისაუბრეს. მათი განცხადებით, მთავრობის მიერ ნოემბრის ბოლოს მიღებული შეზღუდვებით, რის მიხედვითაც რესტორნებსა და კაფე-ბარებს ადგილზე მომსახურების გაწევა აეკრძალათ და მხოლოდ მიტანის სერვისი შეუნარჩუნდათ, იძულებულნი გახდებიან საქმიანობა გააჩერონ.

რესტორნების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ და სთავაზობენ მას, ერთად განიხილინ ის მოთხოვნები, რაც მათი თქმით, სფეროს გადარჩენისთვის აუცილებელია. სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მოთხოვნები ძირითადად საგადასახადო შეღავათებსა და ბანკებთან შუამდგომლობას ეხება:

  • სახელმწიფოს მიერ შემდგომი ორთვიანი პერიოდის განმავლობაში ინდუსტრიის დასაქმებულთა ხელფასების კომპენსაცია;
  • სახელმწიფო გახდეს გარანტორი საქართველოში მომუშავე ფინანსურ ინსტიტუტებთან როგორც სფეროში მომუშავე იურიდიული ასევე ფიზიკური პირებისთვის სესხების გაცემის უზრუნველსაყოფად. ამასთან, კვების ობიექტებისთვის გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი, ხოლო ლოქდაუნის ორთვიან პერიოდში 0%-იანი სესხების გამოსაყოფად;
  • სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის ერთი წლის განმავლობაში შემსუბუქდეს დღგ-ს განაკვეთი;
  • დაწესდეს საშეღავათო პერიოდი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მომუშავე იურიდიული პირებისთვის ყველა სახის კომუნალურ გადასახადზე და ინდუსტრიას კვლავ მიეცეს საშუალება ისარგებლოს საშემოსავლო-საგადასახადო სუბსიდირების პროგრამით ერთი წლის განმავლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი