ახალი ამბები

საქართველოში მოსწავლეების 15%-ს სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს — unicef

1 დეკემბერი, 2020 • 1713
საქართველოში მოსწავლეების 15%-ს სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს — unicef

გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ახალი ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა.

ანგარიშის, სახელწოდებით “რამდენ ბავშვს და ახალგაზრდას აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა?” მიხედვით, მსოფლიოში სასკოლო ასაკის ბავშვების ორ მესამედს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა. unicef-ის განცხადებით, ეს მაჩვენებელი ანალოგიურია 15-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებშიც – 759 მილიონ ახალგაზრდას, ანუ 63 პროცენტს, არ აქვს სახლში ინტერნეტკავშირი.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, ღასან ხალილის თქმით, ინტერნეტზე წვდომის არარსებობა ხელს უშლის ბავშვებს და ახალგაზრდებს, იყვნენ კონკურენტუნარიანები თანამედროვე ეკონომიკაში.

მისი თქმით, ისინი იზოლირებულნი არიან დანარჩენი სამყაროსგან. ხოლო სკოლების დახურვის შემთხვევაში, რაც COVID-19–ის გამო ხდება, ინტერნეტის არქონა ბავშვებს განათლებაზე ხელმისწავდომობას უზღუდავს.

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის გამო, სკოლების დახურვა შეეხო დაახლოებით 661 500 ბავშვს, რომლებსაც მოუწიათ გადასვლა ვირტუალურ რეჟიმში სწავლაზე.

unicef აღნიშნავს, რომ ის ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, შესაძლოა განათლების ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩნენ.

ორგანიზაციის თქმით, ჯერ კიდევ პანდემიამდე მზარდი იყო იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც ესაჭიროებოდათ საბაზისო, ციფრული, დასაქმების შესაბამისი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების შესწავლა, 21-ე საუკუნის ეკონომიკის პირობებში კონკურენტუნარიანობის მისაღწევად.

ანგარიშის თანახმად, ციფრული უთანასწორობა კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყნებსა და თემებს შორის არსებულ უთანასწორობას. შესაბამისად, ყველაზე ხელმოკლე ოჯახებში, სოფლად და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები და ახალგაზრდები კიდევ უფრო ჩამორჩებიან საკუთარ თანატოლებს. ამასთან ერთად, მცირდება ამ გამოწვევის გადაჭრის შესაძლებლობები.

მსოფლიო მონაცემების მიხედვით, ყველაზე შეძლებულ ოჯახებში სასკოლო ასაკის ბავშვების 58 პროცენტს აქვს სახლში ინტერნეტკავშირი, ეს მაჩვენებელი უღარიბესი ოჯახების ბავშვების შემთხვევაში მხოლოდ 16 პროცენტს შეადგენს.

ანალოგიური უთანასწორობაა ქვეყნების შემოსავლიანობის მიხედვითაც. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სასკოლო ასაკის ბავშვებიდან 20-დან 1-ზე ნაკლებს აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში კი – დაახლოებით ყოველ მეცხრეს:

“აღსანიშნავია ასევე გეოგრაფიული უთანასწორობა ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით. მსოფლიოში, ურბანულ დასახლებებში სასკოლო ასაკის ბავშვების დაახლოებით 60 პროცენტს არ აქვს ინტერნეტზე წვდომა სახლში, სოფლად კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით სამი მეოთხედია. განსაკუთრებით დაბალია სახლში ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი სასკოლო ასაკის ბავშვებში სუბსაჰარის აფრიკასა და სამხრეთ აზიაში, სადაც 10 ბავშვიდან დაახლოებით 9-ს არ აქვს ინტერნეტკავშირი”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციის განცხადებით, გასულ წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირმა დააფუძნეს Giga, გლობალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ყველა სკოლის და მათი მიმდებარე დასახლებების დაკავშირებას ინტერნეტთან.

unicef აღნიშნავს, რომ მთავრობებთან თანამშრომლობით, Giga-მ რუკაზე დაიტანა 800 000-ზე მეტი სკოლა 30 ქვეყანაში:

“ამ მონაცემების გამოყენებით, Giga მუშაობს მთავრობებთან, დარგთან, სამოქალაქო სექტორთან, პარტნიორებთან, კერძო სექტორიდან, ჰიბრიდული, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციისათვის დამაჯერებელი დასაბუთების მოსამზადებლად. აღნიშნული დაფინანსება მოხმარდება ინტერნეტ კავშირის ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც საჭიროა ციფრული სწავლების გადაწყვეტილებებისა და სხვა სერვისების დასანერგად.

ინიციატივა ამჟამად თანამშრომლობს “Reimagine Education”-ის ინიციატივის ფარგლებში და “Generation Unlimited-თან” კოორდინაციით. “Reimagine Education”-ის ინიციატივის მეშვეობით, გაეროს ბავშვთა ფონდი მიზნად ისახავს, გაატაროს სათანადო ზომები განათლების თვალსაზრისით არსებული კრიზისის გადასაჭრელად და გარდაქმნას განათლების შესაძლებლობები, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ხარისხიან ციფრულ სწავლაზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფით. აღნიშნულის მისაღწევად უმთავრეს საშუალებას საყოველთაო ინტერნეტ კავშირი წარმოადგენს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ანგარიშში მოცემული ციფრები შემაშფოთებელია. თუმცა ამბობენ, რომ ვითარება, სავარაუდოდ, უფრო მძიმეა სხვა დამატებითი ფაქტორების გამო, როგორიცაა ფინანსური ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება და ციფრული უნარ-ჩვევების ნაკლებობა.

unicef-ის თქმით, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის უახლესი მონაცემების თანახმად, ციფრული უნარ-ჩვევების ნაკლებობა რჩება ბარიერად ციფრულ საზოგადოებაში სათანადო მონაწილეობისათვის, ხოლო მობილური ტელეფონები და ინტერნეტზე წვდომა კვლავ ძალიან ძვირია მრავალი ადამიანისათვის განვითარებად ქვეყნებში, რაც გამოწვეულია მსყიდველობით უნარში უთანასწორობით.

unicef-ის თქმით, ბავშვებმა, მიუხედავად სახლში ინტერნეტ კავშირის არსებობისა, შესაძლოა ვერ მოახერხონ მისი გამოყენება, სახლში სხვადასხვა საქმეების შესრულების ან მუშაობის გამო, ან სახლში არასაკმარისი რაოდენობის ელექტრონული ხელსაწყოების გამო. ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა გოგონებს უფრო ნაკლებად ეძლევათ, ან საერთოდ არ ეძლევათ, ან მათ არ იციან, როგორ გამოიყენონ ინტერნეტ რესურსი.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არსებობს ონლაინ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიც, რაც განპირობებულია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მშობლების არასათანადო ინფორმირებულობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი