ახალი ამბებიხელოვნება

გელათის ტაძრის უმეტესი ნაწილი წლის ბოლომდე თუნუქით გადაიხურება

1 დეკემბერი, 2020 • 3849
გელათის ტაძრის უმეტესი ნაწილი წლის ბოლომდე თუნუქით გადაიხურება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზამთრის პერიოდში ტაძარში წყლის ჩასვლისა და ფრესკების დაზიანების თავიდან ასარიდებლად, გელათის ტაძრის სახურავის უმეტესი ნაწილი, მათ შორის მთავარი ძარის ოთხივე მკლავი, წლის ბოლომდე თუნუქით გადაიხურება.

“თუნუქის მყარი სახურავით ამჯერად მთავარი ტაძრის ოთხივე მკლავი დაიფარება, რომლის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია სააგენტოს საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციაზე უახლოეს დღეებში შეთანხმდება. ზამთრის სეზონზე პრევენციული ღონისძიებების მორიგ ეტაპს ისევ შემსრულებელი მხარე – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ და მისი კონტრაქტორი კომპანია „იკორთა 2007“ განახრორციელებს. სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, მთავარი ტაძრის მკლავების გადაუხურავი ფართობები არსებულ კრამიტზე თუნუქის მყარი ფენილის დაყდნობის მეთოდით დაიფარება. ღვთვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის სრული დაცვის მიზნით დროებითი გადახურვის მე-3 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ, ინტერიერში წყლის ჩადინება არიდებული იქნება”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წინასწარი პროგნოზით, მთავარი ტაძრის მკლავებზე მოსაწყობი გადახურვების სამუშაოები მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე გასტანს.

ამავდროულად, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დასრულდა დროებითი ღონისძიებების ფარგლებში მყარი გადახურვების მოწყობის 2 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც გუმბათის ყელის ძირის ნიშნულზე, ეკვდერებზე, საკურთხეველზე, პასტოფორიუმებზე, კარიბჭეებსა და ნართექსზე პროექტით განსაზღვრული თუნუქის კონსტრუქციული ფენილების დაგებას ითვალისწინებდა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახლად შეძენილი ტენიანობისა და ტემპერატურის საზომი აპარატურის გამოყენებით, გაიზომება ტაძრის გარეთ არსებული გარემოს გავლენა ტაძრის შიდა მიკროკლიმატზე, რათა დადგინდეს ტაძრის შიდა მხატვრობაზე მოქმედი შესაძლო დამაზიანებელი გავლენები.

სააგენტოს განმარტებით, თუნუქის სახურავი წუნდებული კრამიტის შეცვლამდე იქნება ტაძარზე.

“გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე თუნუქის დროებითი გადახურვა მის ქვედა რეგისტრებზე მოწყობილი წუნდებული კრამიტის თიხის დაწნეხვის მეთოდით დამზადებული კრამიტით სრულად ჩანაცვლებამდე შენარჩუნდება, რომლის ხარისხიც ლაბორატორიული კვლევითა და საექსპერტო დასკვნებით იქნება დამოწმებული. კრამიტის ჩანაცვლების პროცესამდე, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრიტიკული არეალები სპეციალისტების მიერ ე.წ. შურფების გახსნის გზით სრულფასოვნად იქნება შესწავლილი, რითაც ინტერიერში წყლის ინფილტრაციის პრობლემა სრულად აღმოიფხვრება”, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.


გელათის მონასტრის რესტავრაციის სამუშაები უკვე მე-7 წელია მიმდინარეობს. მონასტრის მთავარი ღვისმშობლის შობის სახელობის  ტაძრის სახურავი დაზიანებულია, რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი ჩადის, რაც აზიანებს უნიკალურ ფრესკებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი