ახალი ამბები

“ნატოსთან დასაახლოებლად საუკეთესი გზა რეფორმების გაგრძელებაა” – სტოლტენბერგი

1 დეკემბერი, 2020 • 1056
“ნატოსთან დასაახლოებლად საუკეთესი გზა რეფორმების გაგრძელებაა” – სტოლტენბერგი

1-2 დეკემბერს დაცული ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

მინისტერიალზე განიხილავენ რუსეთის სამხედრო ძალების გაფართოების, ჩინეთის აღმასვლისა და ავღნეთში ნატოს საწვრთნელი მისიის საკითხებს.

“ჩვენ რთული დილემის წინაშე ვდგავართ. წავიდეთ და გავრისკოთ, რომ ავღანეთი კიდევ ერთხელ გახდეს საერთაშორისო ტერორისტების თავშესაფარი, ან დავრჩეთ და გავრისკოთ უფრო გრძელვადიანი მისიით, განახლებული ძალადობის პირობებში. რა გზაც არ უნდა ავირჩიოთ, მნიშვნელოვანია, ეს ერთად, კოორდინებულად და წინდახედულად გავაკეთოთ”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ცალკე სესიის ფარგლებში, ნატოს მინისტრები ვიდეოკონფერენციას გამართავენ საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებთან და განიხილავენ უსაფრთხოების სიტუაციას შავი ზღვის რეგიონში, ასევე, ალიანსის მხარდაჭერას ორივე პარტნიორი ქვეყნისადმი.

“ჩვენ გავზარდეთ ნატოს ყოფნა შავი ზღვის რეგიონში და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან და საქართველოსთან, ვინაიდან ვნახეთ, რომ რუსეთმა დაარღვია ამ ორი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ყირიმის უკანონო ანექსიით და რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნით საქართველოს ტერიტორიებზე. ჩვენ ვაფართოებთ ჩვენს პოლიტიკურ მხარდაჭერას, პრაქტიკულ მხარდაჭერას, და ვხედავთ, რომ რუსეთი ზრდის თავის სამხედრო წარმომადგენლობას, განსაკუთრებით ყირიმში. ეს არის მიზეზი, რატომაც გვჭირდება რეგიონში ყოფნის კიდევ უფრო გაძლიერება”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, თუმცა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, რა ეტაპზეა საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების გზაზე.

“მე არ დავიწყებ სპეკულაციას გაწევრიანების თარიღებზე, მაგრამ შემიძლია ვთქვა — ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. მე მტკიცედ მწამს, რომ საუკეთესო გზა საქართველოსთვის, რომ დაუახლოვდეს ნატოს, არის რეფორმების გაგრძელება, უსაფრთხოების და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზება, რაშიც ნატო და მოკავშირეები დახმარებას უწევენ”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველომ და უკრაინამ ნატოში გაწევრიანების დაპირება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიიღეს, თუმცა ამ დრომდე არ მიუღიათ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP).

ამ თემაზე:

ნატო-ს ასოცირებული წევრი – ვერშბოუს ინიციატივა საქართველოსა და უკრაინისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი