24-25 ივნისს ნიდერლანდებში იმართება ნატოს სამიტი, რომელზეც საქართველო მიწვეული არ არის.
სამიტზე განსახილველ საკითხებს შორისაა:
- შეკავება და თავდაცვა
- თავდაცვის ხარჯებისა და წარმოების ზრდა
- უკრაინის მხარდაჭერა
ნატოს სამიტის ფარგლებში იმართება თავდაცვის ინდუსტრიისა და საჯარო ფორუმებიც.
ჰააგის სამიტში მონაწილეობენ ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები და ძირითადი პარტნიორები, მათ შორის, უკრაინა და ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნები.
2011 წლიდან მოყოლებული — მას შემდეგ რაც საქართველო ფორმალურად მოიხსენიება ნატოს ასპირანტ სახელმწიფოდ, — ეს არის პირველი სამიტი, რომლის ფარგლებშიც საქართველო არცერთ ფორმატში არ არის მიწვეული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე წერია, რომ „საქართველოს ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებული თემატიკა მუდმივად განიხილება ნატო-ს სამიტებისა და მინისტერიალების ფარგლებში და აისახება შესაბამის დოკუმენტებში.
2023 და 2024 წლებში, ვილნიუსში და ვაშინგტონში გამართულ სამიტებში საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა.
2022 წელს, მადრიდის სამიტზე, სადაც საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენდა, დამტკიცდა „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“.
ნატოს 2018 წლის ბრიუსელის სამიტის ფარგლებში იყო პირველი შემთხვევა, როცა წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურები კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად შეიკრიბნენ და მიიღეს დეკლარაცია უმაღლეს დონეზე.
2016 წელს ვარშავის სამიტზე მიღებული იქნა გადაწყვეტილებები საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში ნატოს დამატებითი დახმარების გაწევის შესახებ.
2014 წლის უელსის სამიტზე მოკავშირეებმა საქართველოსთან არსებითი პაკეტის შემუშავება გადაწყვიტეს, რომლის მიზანია ნატო-სთან თავსებადობის ამაღლება, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება და გაწევრიანებისთვის საქართველოს მომზადება.
თბილისისთვის მნიშვნელოვან სამიტებს შორის აღსანიშნავია 2002 წელს პრაღაში გამართული ნატოს სამიტი, რომელზეც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პირველად გაახმოვანა საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი და ბუქარესტის სამიტი 2008 წელს, როდესაც საქართველომ, უკრაინასთან ერთად, ვერ მიიღო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა MAP, მაგრამ მიიღო დაპირება, რომ გახდება ალიანსის წევრი.
თუმცა, დღესდღეობით საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება სულ უფრო ნაკლებად დგას ალიანსის დღის წესრიგში. 2008 წლის შემდეგ ორჯერ – 2022 და 2024 წლის სამიტის დეკლარაციებმა არ გაიმეორეს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
2023 წლის ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებით, უკრაინისთვის მოიხსნა წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროება, თუმცა აშშ და ევროპული ქვეყნების ნაწილი უკრაინის გაწევრიანებას არ ემხრობიან.