ახალი ამბები

ნატო-ს ასოცირებული წევრი – ვერშბოუს ინიციატივა საქართველოსა და უკრაინისთვის

25 ნოემბერი, 2020 • 1008
ნატო-ს ასოცირებული წევრი – ვერშბოუს ინიციატივა საქართველოსა და უკრაინისთვის

ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში წევრობისთვის ახალი სტატუსის შექმნის იდეის შესახებ საუბრობს.

“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინისთვის ასოცირებული წევრის სტატუსის შემოღების იდეაზე ვერშბოუმ “ატლანტიკური საბჭოს” ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„რას ვაკეთებთ უკრაინასა და საქართველოს წევრობისკენ სწრაფვის შესახებ? ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას. შესაძლოა, ეს მოხერხდეს რამე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით უკრაინისთვის და საქართველოსთვის“, – განაცხადა ვერშბოუმ.

უფრო ადრე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების დასაჩქარებლად კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ ისაუბრა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა. ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას ხელს შეუწყობდა კონსენსუსი, რომ ნატო-ს დაფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლი კოლექტიურ თავდაცვასთან დაკავშირებით არ გავრცელდებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველომ და უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანების დაპირება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიიღეს, თუმცა ამ დრომდე არ მიუღიათ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი