ახალი ამბები

“აალაგეთ დახლებიო” – ყვავილების გამყიდველებს მუშაობას უზღუდავენ

30 ნოემბერი, 2020 • 2075
“აალაგეთ დახლებიო” – ყვავილების გამყიდველებს მუშაობას უზღუდავენ

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, შრომის ინსპექციის წარმომადგენელი ყვავილების გამყიდვლების დახლებთან მივიდა. გამყიდვლები ამბობენ, რომ მათ ფულადი ჯარიმა ემუქრებათ, შრომის ინსპექციის წარმომადგენელი კი ადგილზე კომენტარს არ აკეთებს.

„თუ არ ავალაგებთ, 10 000-ლარიანი ჯარიმა იქნება“, – ამბობს ნეტგაზეთთან ერთ-ერთი გამყიდველი, რომელიც ყვება, რომ შრომის ინსპექცია მათგან ითხოვს ჯიხურების დახურვას. მიზეზი კი 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვებია.

თუმცა ყვავილების გამყიდვლები ამბობენ, რომ მათთვის ეს არის შემოსავლის ერთადერთი წყარო – „აალაგე, როგორ ავალაგო? 1-2 კაპიკს ვაგროვებ, სახლში პური რომ მივიტანო,“.

ამ დროისთვის [15:27 საათი] შრომის ინსპექციის წარმომადგენელი ადგილიდან წავიდა, ჯერჯერობით არავინ დაუჯარიმებიათ. თუმცა გამყიდვლები ამბობენ, რომ უწყებიდან შეიძლება მალევე დაბრუნდნენ.

ყვავილების გამყიდველების თქმით, მათ პროდუქციაში უკვე გადახდილი აქვთ ფული და მალევე უნდა გაყიდონ, დასაწყობეებას ვერ მოახერხებენ, რადგან ყვავილები დაჭკნება.

მანამდე ყვავილების გამყიდვლების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

“შეზღუდვა ნიშნავს, რომ მათ დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ, განაგრძონ ეკონომიკური საქმიანობა”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ კითხვას მეყვავილეების პროტესტის შესახებ, რომლებსაც ჯიხურებში ვაჭრობა შეუზღუდეს.

შეზღუდვა ნიშნავს, რომ ონლაინ განახორციელონ საქმიანობა – ფერაძე მეყვავილეების პროტესტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი