ახალი ამბები

შეზღუდვა ნიშნავს, რომ ონლაინ განახორციელონ საქმიანობა – ფერაძე მეყვავილეების პროტესტზე

30 ნოემბერი, 2020 • 1363
შეზღუდვა ნიშნავს, რომ ონლაინ განახორციელონ საქმიანობა – ფერაძე მეყვავილეების პროტესტზე

“შეზღუდვა ნიშნავს, რომ მათ დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ, განაგრძონ ეკონომიკური საქმიანობა”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ კითხვას მეყვავილეების პროტესტის შესახებ, რომლებსაც ჯიხურებში ვაჭრობა შეუზღუდეს.

ჟურნალისტმა ფერაძეს ჰკითხა, რა საფრთხეს წარმოადგენენ მეყვავილეები, რომლებიც ქუჩაში დგანან და ვაჭრობენ. ფერაძის პასუხი ასეთი იყო:

“რაც შეეხება საცალო საბითუმო ვაჭრობას, როგორც იცით, მთავრობის დადგენილებით იქნა შეზღუდული მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობები, თუმცა ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის შეზღუდვა და არა აკრძალვა.

შეზღუდვა ნიშნავს, რომ მათ დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ, განაგრძონ ეკონიმიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული.

თუმცა, ზოგადად, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის ღონისძიებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული”.

პანდემიის კრიზისის თანმდევი შეზღუდვები დღეს, 30 ნოემბერს, მეყვავილეებმა თბილისში გააპროტესტეს. ისინი აცხადებდნენ, რომ აღნიშნული საქმიანობა მათი შემოსავლის უმთავრესი წყაროა და ალტერნატივა არ აქვთ.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო 28 ნოემბრიდან თითქმის 2 თვით დაწესდა შეზღუდვები ბიზნესსაქმიანობის გარკვეულ სახეებზე მცირე გამონაკლისის გარდა. მათ შორის შეიზღუდა თითქმის ყველა სახის ვაჭრობა, გარდა სურსათისა და მეიკამენტებისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი