ახალი ამბები

იუსტიციის სახლების სამუშაო საათები მცირდება

28 ნოემბერი, 2020 • 22478
იუსტიციის სახლების სამუშაო საათები მცირდება

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს 09:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურებიან. უწყებამ გადაწყვეტილება “იზოლაციისა და კარანტინის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებების შესაბამისად მიიღო.

ამ დრომდე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებოდნენ.

იუსტიციის სახლები ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით იმუშავებენ. რაც შეეხება იმ სერვისებს, რომლებიც მოქალაქეებს ხშირად გადაუდებლად სჭირდებათ – დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მათ შაბათ-კვირას მხოლოდ ელექტრონული ფორმით გასცემს.

“ფილიალებში მომსახურება კვლავ წინასწარი დაჯავშნის სისტემით გაგრძელდება. შესაბამისად, იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მისული მომხმარებელი პორტალ MY.GOV.GE-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე სერვისის მიღებას ვერ შეძლებს. მომსახურების მისაღებად მისული პირი შენობებში მხოლოდ პირბადით დაიშვება”, – აღნიშავს უწყება.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ იუსტიციის სახლის სერვისების დიდი უმრავლესობა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმშია ხელმისაწვდომი. ელექტრონულად სერვისების მიღება მოქალაქეებს სერვისების ერთიან პორტალზე – MY.GOV.GE – შეუძლიათ.

“[MY.GOV.GE -ის გამოყენებით] მოქალაქეს შეუძლია, აწარმოოს მიმოწერა საჯარო უწყებასთან, დაარეგისტრიროს უძრავ ქონება ნასყიდობის, ჩუქების ან სხვა გარიგების საფუძველზე, განაახლოს ამონაწერი, დაარეგისტრიროს მეწარმე სუბიექტი, გახდეს მესაკუთრე მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში და სხვა;

ასევე, დისტანციურადაა შესაძლებელი ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმება, ახალ მისამართზე რეგისტრაცია, განაცხადის გაკეთება დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებზე, აგრეთვე, განმეორებით ბიომეტრიულ პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე. მზა დოკუმენტების კი მომხმარებელი ფოსტით მიიღებს”.

COVID-19: საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

მასალების გადაბეჭდვის წესი