ახალი ამბები

“ეს არ არის ლოქდაუნი” – გახარია ახალ შეზღუდვებზე

26 ნოემბერი, 2020 • 1465
“ეს არ არის ლოქდაუნი” – გახარია ახალ შეზღუდვებზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები, რომლებიც 28 ნოემბრიდან ამოქმედება, სისტემური ხასიათის არ არის:

“ეს არ არის რაღაც სისტემური შეზღუდვები. ეს არ არის ლოქდაუნი. წარმოება, ყველაფერი მუშაობს. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ არასაბაზისო, პირველადი მოთხოვნილების სერვისებზე, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, რესტორანი და ფიტნესი, რომლებიც აგენერირებენ დიდ მობილობას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მთავრობის არჩევანი ეპიდემიის მართვაში ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკას შორის ბალანსის დაჭერაა.

“მე ვსაუბრობ ბალანსზე –  ეპიდემიის მართვაში ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო, ეკონომიკასთან ერთად,  ბალანსის დაჭერა, რაც შემდგომ გადაიზარდა ადაპტაციაში და ჩვენ ამ პოლიტიკას და სტრატეგიას გავაგრძელებთ ეფექტურად“, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, ფაქტობრივი “კომენდანტის საათის” მოქმედების დრო  21:00 საათიდან 05:00 საათამდე იზრდება (გამონაკლისია 31 დეკემბრის და 6 იანვრის ღამე).

ასევე:

  • ჩერდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის, რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. შეზღუდვა არ ეხება მსუბუქ ავტომობილებს, მათ შორის ტაქსებს.
  • რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.
  • იხურება ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები;
  • შეზღუდულია სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა, ხოლო ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების  ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

ამასთან, დიდ ქალაქებში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში,  ზუგდიდში, თელავში — და სათხილამურო კურორტებზე — ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

  • ქ. თბილისის,  ქ. თელავის, ქ. ბათუმის,  ქ. ქუთაისის,  ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
  • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
  • ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
  • სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
  • კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად და ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

აღნიშნული შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება 24 დეკემბრისა და 2 იანვრის პერიოდში, ხოლო 3 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით ისევ განახლდება.

Lockdown (დაკეტვა, მკაცრი იზოლაცია) კემბრიჯის უნივერსიტეტის ლექსიკონში განმარტებულია როგორც დროის პერიოდი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საკუთარი სახლების დატოვება და თავისუფლად გადაადგილება სახიფათო დაავადების გამო. ლოქდაუნი, როგორც წესი, მრავალი კომპონენტისგან შეიძლება შედგებოდეს.

ვრცლად შეზღუდვებზე წაიკითხეთ აქ:

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი