ახალი ამბები

როგორ დაეხმარება სახელმწიფო მოქალაქეებსა და ბიზნესს ახალი შეზღუდვების ფონზე

26 ნოემბერი, 2020 • 1181
როგორ დაეხმარება სახელმწიფო მოქალაქეებსა და ბიზნესს ახალი შეზღუდვების ფონზე

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა “დახმარების მეოთხე ტალღაზე”, რომელსაც სახელმწიფო პანდემიის თანმდევი ახალი შეზღუდვების პირობებში აამოქმედებს.

გახარიას თანახმად, მოქალაქეთა მიმართ მიზნობრივი სოციალური დახმარების პაკეტი ასე გადანაწილდება:

მიზნობრივი სოციალური დახმარება

  1. საცალო ვაჭრობის სექტორში მომუშავე თვითდასაქმებულები ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ მოქალაქეთა აღსარიცხად მთავრობა მუშაობს კომპანიებთან ერთად, რომლებშიც ისინი არიან დასაქმებულნი;
  2. საცალო ვაჭრობის სექტორში დასაქმებულ პირებს სახელმწიფო სესხების გადავადებაში დაეხმარება;
  3. მთავრობა მოქალაქეებს 4 თვით დაუფარავს კომუნალურ გადასახადებს;
  4. ფორმალურად დასაქმებულები, რომლებიც დაკარგავენ სამსახურებს, მომდევნო 6 თვის მანძილზე 1 200 ლარს მიიღებენ, თვეში – 200-200 ლარს;
  5. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთათვის მინიჭებული ქულების რაოდენობა მერყეობს 65 000-100 000-ს შორის, 6 თვის მანძილზე სახელმწიფოსგან მიიღებენ 100-100 ლარს;
  6. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-100 000 ქულა და ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე შვილი, 6 თვის მანძილზე, ყოველდღიურად მიიღებენ 100-100 ლარს.
  7. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის გამოიყოფა ყოველთვიური 100-ლარიანი დახმარება 6 თვის მანძილზე;
  8. სახელმწიფო სესხების გადავადებაში დაეხმარება იმ ინდმეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს, რომელთა ობიექტებიც, ახალი შეზღუდვების თანახმად, დროებით უნდა დაიხუროს და რომელთაც ასეთი დახმარების საჭიროება ექნებათ.

დახმარება ბიზნესს

  1. საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება მოხდება 1500 ლარამდე ხელფასების მქონე თანამშრომლებისთვის, 750 ლარის ოდენობით, 6 თვის მანძილზე;
  2. ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის 2021 წლის პერიოდში ქონების გადასახადი გაუქმდება;
  3. ტურიზმის სექტორში მომუშავე პირებს, რომელთაც წლის დასაწყისში გადაუვადდათ საშემოსავლო გადასახადი, ის სრულად ჩამოეწერება.
  4. ყველა სარესტორნო დაწესებულებას, რომელსაც გააჩნია სასესხო ვალდებულება, სახელმწიფო 6 თვის მანძილზე დაუსუბსიდირებს საპროცენტო განაკვეთს.

გიორგი გახარიას თქმით, მეოთხე ტალღის დახმარების პორტფელი, როგორც მიზნობრივი, სოციალური, ისე ბიზნესის დახმარება, სახელმწიფოს 1 მილიარდ 100 მილიონი ლარი დაუჯდება.

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი