ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როცა დაბრუნება არ ნიშნავს მშვიდობას

25 ნოემბერი, 2020 • 2710
როცა დაბრუნება არ ნიშნავს მშვიდობას

ავტორი: ზურა წურწუმია, თბილისი


იარაღმა ყარაბაღელების ცხოვრება კიდევ ერთხელ არია. ამჯერად სომხებს მოუწიათ რეგიონის (ჯერჯეობით ნაწილის) მიტოვება, ხოლო აზერბაიჯანელები სახლებში იწყებენ დაბრუნებას. ვრცელდება კადრები, თუ  როგორ ტოვებენ ერთნი საკუთარ სახლებს, ხოლო მეორენი – როგორ ეძებენ და პოულობენ საკუთარ ნასახლარებს. აფხაზეთიდან თუ ცხინვალიდან დევნილი ქართველისთვის ერთი ნაცნობი სცენაა, ხოლო მეორე – ნატვრა. გიჩნდება ბევრი კითხვა და მთავარი მათ შორის – უღირდათ კი აზერბაიჯანელებს საკუთარი და სომხების მსხვერპლის ფასად სახლში დაბრუნება? ან უფრო მძიმე – ჩვენ გვინდა კი ასე, ამ გზით საკუთარ სახლში დაბრუნება? თითქმის ყველა და ყველაფერი ჩვენ გარშემო, მთელი ეს რეგიონი, შენი მეხსიერება, წარსული და აწმყო შეთქმულებივით ერთ ხმაში გაიძულებენ, რომ თქვა – დიახ, მიღირს! მაგრამ მგონია, რომ თუ გსურს ყველაფრის მიუხედავად დარჩე ადამიანად, უნდა თქვა – არა.

ყარაბაღის მეორე ომის დაწყების დღიდანვე მიმდინარეობს დისკუსიები სამხრეთკავკასიურ კონფლიქტებზე, მათ მსგავსებასა და განსხვავებებზე. ბაქოს ეფექტური სამხედრო წარმატებისა და პოლიტიკური ამოცანების მიღწევის შემდეგ კი გახშირდა შედარებები აფხაზეთთან, ცხინვალთან, აღ. უკრაინასთან. სოხუმი და ცხინვალიც 2008 წლის შემდეგ ამგვარი სცენარისგან საგულდაგულოდ არიან დაცულები და შედარებები ყარაბაღთან უადგილოა. მაგრამ აქ ყურადღებას გავამახვილებდი კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილზე – საზოგადოებებს შორის ურთიერთობაზე. ამ მხრივ კი არსებობს საფრთხე, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაემსგავსონ ყარაბაღს და ჩვენ ერთმანეთისადმი უარეს შემთხვევაში მტრულ, ხოლო უკეთეს შემთხვევაში – უცხო საზოგადოებებად ჩამოვყალიბდეთ. ასეთი საზოგადოებები კი, როგორც ყარაბაღმა აჩვენა, საკუთარი მიზნების მისაღწევად ერთმანეთს არ დაზოგავენ.

ეს მტრობა და გაუცხოება თავისით არ ჩნდება, ის არ არის ბუნებრივი პროცესი. მის შესაქმნელად იქმნება ლიტერატურა, იდეოლოგია. პოლიტიკური თუ სხვა სახის ელიტები, ცალკეული ლიდერები თუ გავლენიანი ადამიანები ქმნიან ამ გაუცხოებას და, როგორც წესი, ამით საკუთარ საზოგადოებას კვებავენ. სხვის მაგალითზე მსჯელობა უფრო მარტივია და ამ შემთხვევაში სწორედ სომხებისა და აზერბაიჯანელების მაგალითი შეგვიძლია განვიხილოთ.

მათ შორის გაუცხოების მთავარი საწყისი წერტილი, ალბათ, მაინც საუკუნის წინ მომხდარი სომეხთა გენოციდია. მსგავსი მასშტაბის ტრაგედიის შემდეგ ერს, საზოგადოებას მაინც რჩება არჩევანი – დაძლიოს ეს ტრავმა და გადაშალოს საკუთარი ისტორიის ეს უმძიმესი ფურცელი ან მუდმივად დარჩეს ამ წარსულში. სამწუხაროდ, ჩვენმა მეზობლებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს ამ ფურცლის გადაშლა და ეს ტრაგედია დღემდე დაუძლეველ ბარიერად აქვთ ქცეული.

ყარაბაღის პირველი ომი მათთვის შურისძიების ფორმა იყო. აქ კონფლიქტის დაწყებაში სომხების ბრალეულობაზე არ არის საქმე. აქ საუბარია სომხებისთვის იმ მოტივატორზე, რომელმაც 90-იან წლებში სომხებს მისცა ენერგია და ძალა, ებრძოლათ ომში, რომლის შედეგადაც ასობით ათასი აზერბაიჯანელი გახდა დევნილი. შედეგად, წარსულის ტყვეობას ახალი ტყვეობა დაემატა – გამარჯვების ტყვეობა. ომში გამარჯვება გაფორმდა, როგორც მტკიცებულება, რომ სწორად მოიქცნენ და მომდევნო 30 წლის განმავლობაში არანაირი რეალური სურვილი დიალოგზე, დათმობასა თუ შერიგებაზე არ გამოუვლენიათ. რატომ უნდა გამოევლინათ – მეორე მხარეს ხომ მტრები და უცხოები იდგნენ, რომელთანაც არაფერი საერთო არ სურდათ ჰქონოდათ.

ჩვენს შემთხვევაში აფხაზებთან და ოსებთან კონფლიქტი მცირე მასშტაბისა და ისიც ეპიზოდური ხასიათის იყო. ჩვენთვის არც აფხაზები და არც ოსები უცხო ან მტრები არ ყოფილან. ჩვენ ცხოვრება თუ ქართული მხატვრული ლიტერატურა, ისტორია გვკარნახობდა, რომ ისინი არათუ მტრები არ არიან, არამედ ძალიან ახლო ხალხი არიან. ამან, სხვათა შორის, თავის დროზე ცუდი როლიც კი ითამაშა: ომის დროს ბევრი სამოქალაქო პირი სწორედ იმიტომაც დარჩა სახლში, რომ პირადად იცნობდნენ აფხაზებს, ნათესაური ან მეგობრული კავშირები ჰქონდათ მათთან და ეგონათ, რომ ამით გარკვეულწილად ხელშეუხებლები დარჩებოდნენ, ომი მათ არ დასჯიდა. ომის დანაშაულებების გახსენებისას დღესაც კი ძნელია დაიჯერო, რომ ამ ტრაგედიების უკან აფხაზები იდგნენ, რომ სწორედ მათი სურვილი იყო ქართველების გასახლება. კონკრეტული ფაქტები რომ არა, ამის დაჯერება მართლა წარმოუდგენელია.

ახლა უკეთ ჩანს, რომ ნაციონალიზმის დომინანტობის დროს ორივე მხრიდან ჩადენილი შეცდომები უფრო კონტექსტიდან ამოვარდნილი და ეპიზოდური ხასიათის იყო, ვიდრე ტრადიციული, მაგრამ ის კონფლიქტი, რაც დროებითი უნდა ყოფილიყო, სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და დღემდე გრძელდება.

ისტორიული ტრავმა ქართველებს აფხაზებისა და ოსების მიმართ არ გვქონია. ესეთი ტრავმა რეალურად არც აფხაზებს ჰქონიათ ქართველებთან. მათი უდიდესი ტრაგედია, მოჰაჯირობა რუსეთის იმპერიაში მოიფიქრეს და განახორციელეს. მაგრამ აფხაზეთის ომმა აჩვენა, რომ მოჰაჯირობის შედეგებში დამნაშავედ მათ ქართველები მიიჩნიეს. აფხაზების გასახლების ნაცვლად ადგილობრივმა ელიტებმა ქართველების ჩასახლება გამოაცხადეს მთავარ ტრაგედიად და მის გამოსწორებას იარაღის გზით შეეცადნენ.

ძველ „ცოდვებს“ ახალი დაემატა და აფხაზების ყველა ტრაგედიაში დღეს ადგილობრივი ელიტები ქართულ მხარეს ადანაშაულებენ. ომში გამარჯვება მათაც ტყვეობად ექცათ. მოწოდებები დიალოგსა და მოლაპარაკებაზე მუდმივად აფხაზეთის დამოუკიდებლობის თემის გარშემო ტრიალებს. რიგით ადამიანებსა და ადამიანურ უერთიერთობებზე ორიენტირებული რაიმე სახის ინიციატივა კი არც სოხუმიდან ისმის და არც ცხინვალიდან.

საკმარისია ვნახოთ, თუ როგორ ცხოვრობენ გალისა თუ ახალგორის ქართველები და ვითარების სიმძიმე ცხადი ხდება. ანდა რატომ უნდა ჰქონდეთ მათ სხვაგვარი პოლიტიკა ამ ქართველების მიმართ, ისინი ხომ უცხოები და მტრები არიან, რომელთაც უბრალოდ იტანენ და პასუხად მადლობასაც კი არ იღებენ.

როგორც ზემოთ ითქვა, საზოგადოებებს შორის გაუცხოება და მტრობა ბუნებრივი პროცესი არ არის. მას ქმნიან, ასულდგმულებენ და მუდმივად იყენებენ, პირველ რიგში, საკუთარი საზოგადოების სამართავად. სოხუმსა და ცხინვალში დღეს თავს დაცულად გრძნობენ, რადგან მათ რუსი სამხედროები იცავენ. მათთვის ეს არის მთავარი ნიშანი იმისა, რომ ყარაბაღი აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში ვერ განმეორდება. მაგრამ ყარაბაღი დღეს უკვე სიმბოლოა არა ომით მოგვარებული პოლიტიკური კონფლიქტისა, არამედ სრულად გაუცხოებული და მტრად გადაკიდებული საზოგადოებებისა. არ ვიცი, როდემდე იმოქმედებენ ჩვენზე წერეთლისა თუ გამსახურდიას პერსონაჟები, მაგრამ ერთმანეთთან დიალოგსა და ურთიერთობაზე უარის თქმითა და კონფლიქტის გამოცდილებით ჩვენ სწორედ ყარაბაღის გზით მივდივართ.

უახლოესი წარსულის მსხვერპლი და ტყვე, შესაძლოა, ჩვენც გავხდეთ. ასეთ ტყვეობებს ყოველთვის აქვთ „საკმარისი“ მიზეზები. მთავარი მიზეზი კი შემდეგია – თუკი სოხუმი და ცხინვალი საკუთარი დამოუკიდებლობის მისაღწევად ქართველების ეთნიკურ წმენდასა და მათ მასობრივ გასახლებაზე წავიდნენ, მაშინ რამ უნდა აიძულოს ქართული საზოგადოება, მომავალი თაობები, რომ ეს ტრავმა დაძლიონ და კონფრონტაციის ცდუნებას არ აჰყვნენ? სხვაგვარად რომ თქვათ, ხვალ შეიძლება დაისვას კითხვა – რატომ არიან ისინი ჩვენი ძმები? რაც უფრო მეტი დრო გადის ასეთ ჩაკეტილობაში, მით უფრო რთული იქნება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

თუკი დღეს ჯერ კიდევ არსებობს თაობა, რომელიც ერთმანეთს იცნობს და ერთმანეთზე ბოლომდე ცუდი წარმოდგენა არ აქვს, საეჭვოა, რომ მომავალში ასეთი დამოკიდებულებები შენარჩუნდეს. აფხაზეთიცა და ცხინვალის რეგიონიც შეიძლება გახდეს ყარაბაღი, სადაც არავის ერთმანეთის გვერდით ცხოვრება არ მოუნდება, რადგან ისინი ერთმანეთისთვის უცხოები და მტრები იქნებიან; ხოლო კითხვას – მიღირს თუ არა სახლში ომით დაბრუნება, ექნება ერთი მარტივი პასუხი – დიახ, ნებისმიერ ფასად.

მასალების გადაბეჭდვის წესი