ახალი ამბები

ტრანსგენდერი ადამიანების უცნობი ამბები – აუდიოგასეირნება თბილისში

25 ნოემბერი, 2020 • 1343
ტრანსგენდერი ადამიანების უცნობი ამბები – აუდიოგასეირნება თბილისში

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) ორგანიზებით თბილისში, 22 ნოემბერს ტრანსგენდერი ადამიანების მხადამჭერი ღონისძიება – ტრანს აუდიო გასეირნება “ტყის ვარდი”, მოეწყო.

ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიურობის, მათი ოცნებებისა და ხედვების ხალხისთვის ამ სახით გაზიარების იდეა არტისტ მარეიკე ვენცელს ეკუთვნის. პროექტის ავტორებმა რამდენიმე ტრანსგენდერთან ერთად, სხვადასხვა დროს, თბილისის ქუჩებში გაისეირნეს და მათი ისტორიები ჩაიწერეს. პროექტის მონაწილეებს კი საშუალება მიეცათ, კიდევ ერთხელ ემოგზაურათ იქ, სადაც აქამდე მრავალჯერ გაუვლიათ, თუმცა ამჯერად მათი ვირტუალური თანმხლები იყვნენ ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამყაროში ერთგავრ გიდობას უწევდნენ მსმენელს.

“ქალაქში გადავადგილდებდით ჩვენი “სათვალით”, თუმცა სხვა ადამიანებს ვერ ვამჩნევთ. პატარა ამბები, თუ როგორ ცხოვრობენ, რას ფიქრობენ და რას აკეთებენ ტრანსგენდერი ქალები, დამეხმარა იმის გაანალიზებაში, რომ მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. იმდენად ბევრი გახმაურებული ამბავია მათ გარშემო, ხალხი მხოლოდ ამ ამბებზე ლაპარაკობს, თუმცა უმეტესი რაღაცები ამ ყველაფრის უკან ხდება. ამიტომ, მე მინდოდა გამეკეთებინა აუდიონამუშევარი, რომელიც მათი ცხოვრების ყველა ასპექტს აჩვენებდა, რადგან აუდიოს დახმარებით თითქოს მეგობარი გყავს გვერდით, რომელიც შენთან ერთად სეირნობს და ამბებს გიყვება, თუმცა რეალურად არავინ არის გარშემო”, – ასე განუმარტა “ნეტგაზეთს” ვენცელმა საკუთარი იდეის შინაარსი.

წინასწარ გაწერილი მარშრუტის გავლისას პროექტის მონაწილეები სხვადასხვა ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ ამბებს ისმენდნენ, რომელიც შეიძლება მათთვის სულაც არ ყოფილიყო დაკავშირებული კონკრეტულ ადგილთან, თუმცა გასეირნების იდეაც სწორედ ეს იყო, რომ “მიჰყვე სხვის თხრობას, რომ დაინახო, რამდენად ემთხვევა ან არ ემთხვევა ქალაქის რუკაზე შენ მიერ მონიშნული ნაცნობი ადგილები სხვებისას” და “რამდენად ჰგავს ჩვენ მიერ შედგენილი ქალაქის რუკები ერთმანეთს”.

გასეირნებისას ერთ-ერთი ვირტუალური გიდი, ტრანსგენდერი ქალი სამშობიარო სახლთან ჩავლისას საკუთარ სურვილებზე ყვება, თუ როგორ წარმოუდგენია საკუთარი თავი დედის ამპლუაში და როგორ ოცნებობს დედობაზე:

“ეს ჩემი ოცნებაა, არ ვიცი, როგორ ავიხდენ, მაგრამ მე მგონია, რომ ავიხდენ, რომ მე დედა – ეს სტატუსი მექნება. ვიქნები არაჩვეულებრივი მშობელი, ზუსტად ვიცი…”, – ყვება ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი.

ასევე, ერთ-ერთი გიდი მსმენელს უყვება ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ უწევს მუდმივად ტაქსით გადაადგილება, რადგან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მუდმივად აგრესიულად ექცევიან:

“ღამე როცა გავდივარ გარეთ, სახლიდან პირდაპირ ტაქსით მივდივარ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ დავდივარ… ძალიან დიდი აგრესიაა, აღარ შემიძლია მაგის ატანა… ყოველ წუთში, ერთი ადამიანის გამო, ვიღაცამ რაღაც რომ მითხრას ან ავტობუსში, ან მეტროში იმას რომ უნდა მივასხა გაზი და სხვა დაზარალდეს, მერე მეც ვზარალდები და ამიტომ სულ ტაქსით დავდივარ, აღარ შემიძლია სულ აგრესიები, სულ შეძახილები, კი შეჩვეული ვარ, მაგრამ მირჩევნია, ის ორი ლარი ზედმეტი მივცე და ტაქსით წავიდე”, – უყვება პროექტის ავტორებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი