ახალი ამბები

სასულიერო პირების პოლიტიკაში ჩართვის საჭიროებას ვერ ვხედავ — ხუნდაძე მეუფე იაკობის შეთავაზებაზე

24 ნოემბერი, 2020 • 1019
სასულიერო პირების პოლიტიკაში ჩართვის საჭიროებას ვერ ვხედავ — ხუნდაძე მეუფე იაკობის შეთავაზებაზე

“ქართული ოცნების” წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ სასულიერო პირების პოლიტიკაში ჩართვის საჭიროებას ვერ ხედავს. ასე გამოეხმაურა ის ბოდბელი ეპისკოპოსის შეთავაზებას, რომ  პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად მხარეებმა ეკლესიასაც მიმართონ.

“მე ვფიქრობ, პოზიტიური როლის შესრულება სასარგებლოა, მაგრამ ამ ეტაპზე სასულიერო პირების ჩართულობა პოლიტიკაში, ასეთ სიღრმეში მათი შესვლა, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ”, — განუცხადა ჟურნალისტებს ხუნდაძემ.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესახებ ისაუბრა. როგორც სასულიერო პირი ამბობს, კრიზის დასაძლევად “უცხოელებთან მისვლა არ კმარა”.

ის პოლიტიკურ მხარეებს სთავაზობს, რომ პრობლემის გადასაჭრელად ეკლესიასაც მიმართონ.

“არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს. ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ და ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება. ხომ ხედავენ, რომ არ ჩავრეულვართ არც ერთ მხარეს ამ არჩევნებზე[…] ჩიხური მდგომარეობა, ძალით თუ არ შედიხარ  და ჩიხიდან გამოსვლა არ გინდა,  არ არსებობს”, — განაცხადა მეუფე იაკობმა.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ გააყალბა 31 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნები, ამ მიზეზით, ისინი უარს ამბობენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე.  ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებები ორი რაუნდი გაიმართა. დაგეგმილია მესამე რაუნდის გამართვაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი