ახალი ამბები

“პეპერი იყო სიმბოლო” – ტიკარაძე გამოუყენებელ რობოტზე

24 ნოემბერი, 2020 • 1768
“პეპერი იყო სიმბოლო” – ტიკარაძე გამოუყენებელ რობოტზე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატარინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რობოტი პეპერი, რომელიც საფრანგეთიდან 5 თვის წინ ჩამოიტანეს, უფრო სიმბოლო იყო, ვიდრე რეალური ასისტენტი.

დღეს ტიკარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა ბედი ეწია რობოტ პეპერს, რომელიც 5 თვის წინ სამინისტრომ საჯაროდ წარადგინა.

„რაც შეეხება რობოტ პეპერს, პრეზენტაციის დღესაც აღნიშნული იყო, რომ რობოტი პეპერი არის ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის სიმბოლო და კოვიდის პერიოდის დროს, ონლაინ კლინიკების ფარგლებში ტელემედიცინის კომპონენტებს ვიყენებთ.

ეს არ გულისხმობდა, რომ დღეის მდგომარეობით რობოტ პეპერს საქართველოს რომელიმე კლინიკაში დაინახავდით. ჩვენ ვგულისხმობდით, რობოტი პეპერის სიმბოლო, როგორც ტელემედიცინის, ჩართული იქნებოდა პაციენტების მკურნალობის კომპონენტში, რაც დღეს ფუნქციონირებს“, – თქვა ტიკარაძემ.

პეპერის წარდგენისას 5 თვის წინ, ტიკარაძე რობოტზე ამბობდა:

„პეპერი მართლაც გუშინ ჩამოფრინდა საქართველოში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ის ქართულ ენას სრულფასოვნად ვერ ფლობს და ასევე, ჩვენც ვერ ვფლობთ მის შესაძლებლობებს. ის გახლავთ ექიმის ასისტენტი, რომელიც გამოიყენება როგორც ინტენსიური მოვლის განყოფილებებში, ასევე, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, და უკვე მას შემდეგ, რაც ჩვენც და პეპერიც უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს, ალბათ, კიდევ შევხვდებით“, – ამბობდა ტიკარაძე.

ვრცლად რობოტ პეპერზე წაიკითხეთ.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/313578/

მასალების გადაბეჭდვის წესი