ახალი ამბებიეკონომიკა

იხურება თუ არა სავაჭრო ცენტრები – მინისტრების შეხვედრა ბიზნესთან

23 ნოემბერი, 2020 • 1575
იხურება თუ არა სავაჭრო ცენტრები – მინისტრების შეხვედრა ბიზნესთან

დღეს, 23, ნოემბერს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც ნეტგაზეთს “ისთ-ფოინთის” მარკეტინგის მენეჯერმა თეიკო ლომიძემ უთხრა, დეკემბერში სავაჭრო მოლების სრულად დახურვა არ იგეგმება, თუმცა შესაძლოა იყოს გარკვეული რეგულაციები, როგორიც არის, მაგალითად, სამუშაო დროის შემცირება, ანუ სავაჭრო ობიექტები უფრო ადრე დაიხურონ. “ისთ-ფოინთის” წარმომადგენლის თქმითვე, ქვეყანაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, ისედაც შედარებით ადრე, 20:00 საათზე იხურებიან, რათა თანამშრომლებმა 22:00 საათმდე სახლში მისვლა შეძლონ.

“სამუშაო ფორმატის შეხვედრა იყო. იცით, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა სრული “ლოქდაუნი”, თუმცა ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, საცალო ვაჭრობისთვის ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება. ეკონომიკურ გუნდს და მთავრობას, როგორც ჩანს, კარგად ესმის ეს, რაც გამოჩნდა დღევანდელ შეხვედრაზე. საუბარი იყო გარკვეულ შუალედურ გამოსავალზე, რომელიც ერთი მხრივ, შეასუსტებს მობილობას, რაც შემდეგ უკვე აისახება ინფიცირებულების სტატისტიკაზე, მეორე მხრივ, ჩვენ დეკემბერში ოპერირებას შევძლებთ. საუბარია რამდენიმე ტიპის შეზღუდვაზე, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მათ ჩვენგანაც მოისმინეს, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს სამუშაო დროის კიდევ შემცირებას ან გარკვეული დღეების “ლოქდაუნად” გამოცხადებას. როგორც ვთქვი, ამ საკითხებზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა დაგვპირდნენ, რომ ნოემბრის ბოლომდე მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, რა დამატებითი შეზღუდვები დაწესდება”,-აცხადებს თეიკო ლომიძე.

“ისთ-ფოინთის” მარკეტინგის მენეჯერი ასევე ამბობს, რომ დეკემბრის თვე კრიტიკულად მნიშვნელოვანია სავაჭრო ცენტრებისთვის, რადგან მათი წლური ბრუნვის თითქმის 25% სწორედ დეკემბერზე მოდის. აქედან გამომდინარე, გვეუბნება, რომ თუ სავაჭრო ობიექტები დეკემბერში დაიხურება, შეზღუდვის მოხნის შემდგომ ძალიან ცოტა მაღაზია შეძლებს გახსნას. მისივე თქმით, მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა დაპირება მიიღეს, რომ წლის ბოლომდე სრული “ლოქდაუნი” არ იქნება.

“მნიშვნელოვანი გზავნილი რაც მივიღეთ, იყო ის, რომ მათ ესმით, როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის დეკემბერი. შესაბამისად, ამ დროს რაღაც ფორმით ჩვენ ოპერირებას შევძლებთ… დღეს შემიძლია კომენტარი გავაკეთო არსებული შეხვედრის შესაბამისად და გიდასტურებთ, რომ სავაჭრო ცენტრები ამ ეტაპზე, რაც გულისხმობს წლის ბოლომდე პერიოდს, არ იხურება.”

სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ინფორმაცია ასევე გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციამაც. მთავრობის ცნობით, არსებული ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, ბიზნესსა და ეკონომიკაზე ზიანის მაქსიმალურად შემცირების გზით, შესაძლოა წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს.

“შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება, თუმცა გაფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები, რასთან დაკავშირებითაც სავაჭრო ცენტრებთან და მსხვილ ქსელურ მაღაზიებთან, ისევე როგორც ბიზნესსექტორის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება”,-ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი