ახალი ამბები

აშშ, გერმანია და UK კორონავირუსზე ვაქცინაციის დაწყებას დეკემბრიდან აპირებენ

23 ნოემბერი, 2020 • 1566
აშშ, გერმანია და UK კორონავირუსზე ვაქცინაციის დაწყებას დეკემბრიდან აპირებენ

აშშ-მა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსზე ვაქცინაცია, შესაძლოა, დეკემბრიდან დაიწყონ.  Guardian-ის ინფორმაციით,  იანვრიდან გეგმავს ვაქცინაციის დაწყებას ესპანეთი.

აშშ-ის კორონავირუსის ვაქცინის პროგრამის ხელმძღვანელმა მონსეფ სლაუიმ CNN-თან განაცხადა, რომ შესაძლოა, პირველმა ამერიკელმა კორონავირუსის ვაქცინა 11 დეკემბრიდან  მიიღოს.  მისი თქმით, იმუნიზაციის ცენტრებში ვაქცინის მიწოდება მისი დამტკიცებიდან 24 საათში იგეგმება.

“ჩვენი გეგმაა, რომ ვაქცინების იმუნიზაციის ადგილებზე გადატანა  დამტკიცებიდან 24 საათში შევძლოთ, ასე რომ, ველოდები დამტკიცებიდან მეორე დღეს, 11 ან 12 დეკემბერს”, — განაცხადა სლაუიმ.

საუბარია იმის შესახებ, რომ აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია (FDA) უნდა დარწმუნდეს ამა თუ იმ ვაქცინის ეფექტურობაში და მის გამოყენებას ავტორიზაცია მიანიჭოს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტს ოფიციალურად  არ განუცხადებია, როდის გაკეთდება პირველი ვაქცინაცია გაერთიანებულ სამეფოში. თუმცა, თუ მარეგულირებლები ვაქცინას დაამტკიცებენ, წლის ბოლომდე  10 მილიონ დოზას ელიან, რომელიც საკმარისი იქნება 5 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის.

კვირას გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ Covid-19 ვაქცინაციის დაწყებას შემდეგი თვიდან აპირებენ. მისი თქმით, ესპანეთი და გერმანია ევროკავშირის  პირველი ქვეყნები არიან, რომლებსაც ვაქცინაციის სრული გეგმა აქვთ შემუშავებული.

”ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, რომ წელს ევროპაში ვაქცინის დამტკიცება მოხდება”, – თქვა შპანმა RedaktionsNetzwerk Deutschland- თან ინტერვიუში და დასძინა, რომ ვაქცინაციის დაწყება დამტკიცებისთანევე იქნება შესაძლებელი.

როგორც Deutsche Welle წერს, შპანმა გერმანიის 16-ვე ფედერაციულ მხარეს დაავალა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებისთვის კორონავირუსის ვაქცინაციისთვის იმუნიზაციის ცენტრები მოამზადონ. როგორც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ურჩევნია, იმუნიზაციის ცენტრები ვაქცინის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე მზად იყვნენ, რათა  ვაქცინის დამტკიცებისთანავე მისი გამოყენება დაიწყონ.

მისივე თქმით, ვაქცინას, პირველ რიგში, მოწყვლადი ჯგუგფები, მათ შორის მოხუცები, მიიღებენ. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიისა და ორმხრივი კონტრაქტების საშუალებით გერმანიამ 300 მილიონზე მეტი ვაქცინის დოზის უზრუნველყოფა შეძლო. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეს საჭიროზე მეტი მარაგია და გერამანიის მოქალაქეებს თუნდაც ორი დოზა რომ შეხვდეთ,  შესაძლებელია, დარჩენილი დოზები სხვა ქვეყნებსაც მისცენ.

Guardian-ის ინფორმაციით, კვირას ესპანეთის პრემირ-მინისტრმა პედრო სანჩეზმა განაცხადა, რომ ესპანეთი კორონავირუსის საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამის დაწყებას იანვრიდან გეგმავს და აპირებს, რომ სამ თვეში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფაროს. როგორც სანჩეზმა განაცხადა, 2021 წლის პირველ კვარტალში ესპანეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ვაქცინაცია გარანტირებული იქნება.

პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები იყო G20-ის ( მსოფლიოს 20 უდიდესი ქვეყნის) ორდღიანი სამიტის მთავარი თემა, რომელიც შაბათ-კვირას ონლაინრეჟიმში გაიმართა. მსოფლიოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის თერაპიული საშუალებები და ვაქცინები ყველასთვის თანაბრად  ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

“ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა დავიცვათ სიცოცხლე, გავუწიოთ დახმარება განსაკუთრებით მოწყვლად ადამიანებს, დავაბრუნოთ ჩვენი ეკონომიკა აღდგენის გზაზე და დავიცვათ ყველას სამუშაო ადგილები”, — ნათქვამიას G20-ის სამიტის მონაწილე ქვეყნების განცხადებაში.

როდის იქნება კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში ხელმისწავდომი?

საქართველომ “ვაქცინების გლობალური ალიანსის” პლატფორმაზე 700 000 ადამიანისათვის საჭირო ვაქცინის დოზის შესაძენად საჭირო თანხის ნაწილი უკვე გადარიცხა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის(NCDC) წარმომადგენლებმა 13 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო თანამშრომლობს “კოვაქს” პლატფორმასთან, რომელიც “ვაქცინების გლობალური ალიანსის” ნაწილია. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე დიდი მოლოდინი არსებობს სამ ვაქცინასთან დაკავშირებით, რომლებიც კვლევების ბოლო, ე.წ. კლინიკურ ეტაპზე არიან. მათ შორისაა გერმანიის ერთ-ერთი ბიოტექნოლოგიური კომპანიისა და Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინა, ასევე, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ასტრა-ზენეკას მიერ შექმნილი ვაქცინა და ამერიკული Moderna-ს ვაქცინა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველო კორონავირუსის ვაქცინას 2021 წლის გაზაფხულამდე არ უნდა ელოდოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ისაუბრა.

“ძალიან საიმედო შედეგები აქვს ამერიკულ-გერმანულ ვაქცინას (Pfizer/BioNTech), ასევე მთავრდება კიდევ რამდენიმე კომპანიის ვაქცინის კვლევა. ალბათ, წლის ბოლოსთვის დაიწყება მათი მასობრივი წარმოება. საქართველო არის მონაწილე იმ გლობალური ფონდისა, რომელიც ანაწილებს ვაქცინებს. სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენს ქვეყანასაც გადახდილი აქვს თანხა წინასწარ. ამ ფონდით შესაძლებელი იქნება ვაქცინების იმ მწარმოებელი ქვეყნების გარეთ დისტრიბუცია.

ხომ გასაგებია, რომ ჯერ თავიანთი ქვეყნებისთვის ექნებათ და მერე დაიწყება მისი განაწილება მსოფლიოში. უკვე რიგში ვართ. მოდი, ვიყოთ რეალისტები. ალბათ, გაზაფხულამდე არ იქნება”, – თქვა პატა იმნაძემ.

 

რა ეტაპზეა ვაქცინები

დიდ ბრიტანეთში შექმნილმა კორონავირუსის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ვაქცინა ოქსფორდის უნივერსიტეტმა და კომპანია “AstraZeneca-მ” შექმნეს. ინფორმაციას Guardian ავრცელებს.

ვაქცინის შემქმნელების ცნობით, ვაქცინა ეფექტიანია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის, მოხუცებშიც.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგიის პროფესორი სარა გილბერტი აცხადებს, რომ “ეს [ვაქცინის შექმნა] გვაახლოებს იმ დროსთან, როდესაც შესაძელებელი გახდება, ვაქცინების გამოყენებით დასრულდეს კორონავირუსის პანდემია”.

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია შესაბამის უწყებებს. დიდი პატივია, ვიყოთ მრავალეროვნული ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მოუტანს სარგებელს მთელ მსოფლიოს”, – განაცხადა გილბერტმა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ცნობით, ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზამ აჩვენა, რომ მიღებული პროდუქტის ეფექტინობა არის 70%, თუმცა ეს რიცხვი აერთიანებს ორი სხვადასხვა დოზირების რეჟიმის მონაცემებს. დოზირების პირველ შემთხვევაში ვაქცინის ეფექტიანობა გახლდათ 90%, ხოლო მეორე შემთხვევაში – 62%. პირველი მეთოდის დროს გამოიყენეს ვაქცინის ნახევარი, ხოლო შემდეგ- სრული დოზა, რაც დოზირების სწორ რეჟიმად იქნა მიჩნეული.

რამდენიმე დღის წინ კიდევ სხვა ორმა ფარმაცევტულმა კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შექმნილი ვაქცინები ეფექტიანია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ შორის, კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობდა. ასევე, კომპანიების, Pfizer-ისა და BioNtech-ის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინა. ორივე  95%-ის შემთხვევაში აღმოჩნდა ეფექტიანი.

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება გასული წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო, თუმცა მალევე მთელ მსოფლიოში გავრცელდა, რამაც ამ დროისთვის უკვე იმსხვერპლა 1 350 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.

მასალების გადაბეჭდვის წესი