ახალი ამბები

ლევან ზურაბაშვილს ბრალი წარუდგინეს, მას 9-დან – 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება

22 ნოემბერი, 2020 • 2869
ლევან ზურაბაშვილს ბრალი წარუდგინეს, მას 9-დან – 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ ლევან ზურაბაშვილს ბრალი მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით წარუდგინა.

ბრალი წარდგენილია,  საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. აღნიშნული მუხლი 9-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის” შენობაში შეიჭრა ლ.ზ. , რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ლ. ზ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, “ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს”.

ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

ლევან ზურაბაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქევშ მყოფს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრისას ნამდვილი ხელყუმბარა არ ჰქონია.

“როგორც ის ამბობს,  მხოლოდ ხელყუმბარის დიზაინის მსგავსი სანთებელა ჰქონდა და პისტოლეტი, ე.წ. სტარტოვკა, სპორტული პისტოლეტი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღი არაა და გამოსცემს მხოლოდ ხმას”, – ამბობს ადვოკატი გიორგი ჭოჭუა “მთავარ არხთან” კომენტარში.

ადვოკატის თქმით, დაკავებული “აქცია-პერფორმანსს” უწოდებს გუშინდელ თავდასხმას და ამბობს, რომ ასე  გამოხატა პროტესტი აზარტული თამაშების წინააღმდეგ.

20 ნოემბერს,  ერთი პირი თავს დაესხა წერეთელის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობას.

პოლიციის ცნობით, მას 17 პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი.  მძევლები გაათავისუფლეს, თავდამსხმელი კი დაკავებულია.

დაკავებული სამ მოთხოვნა აყენებდა:

  • აიკრძალოს ყოველგვარი აზარტული თამაშები;
  •  ბანკებს სესხზე მხოლოდ 7%-იანი წლიური განაკვეთის დაწესების უფლება მიეცეთ და ყველა მსესხებელს გადაუტანონ სესხი 7%-ში;
  • შემცირდეს წამლების ფასი, ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10%-იანი მოგების უფლება მიეცეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი