სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირის შეჭრასა და მძევლების აყვანას ეხმაურება.
ლომჯარია მიიჩნევს, რომ თავდამსხმელის მიერ დაყენებული სოციალური მოთხოვნების გამო შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება და ირიბი მხარდაჭერა დაუშვებელია.
“ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი! სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა – პირველ რიგში, ხელისუფლება და შემდეგ, ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში (ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება!”, – წერს ომბუდსმენი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები იმართება ელჩების შუამავლობით, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.
20 ნოემბერს თბილისში, წერეთელის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და სამი მოთხოვნა დააყენა:
- აიკრძალოს აზარტული თამაშები;
- ბანკებს სესხზე მხოლოდ 7%-იანი წლიური განაკვეთის დაწესების უფლება მიეცეთ;
- ფარმაცევტული კომპანიებისთვის მოგებაზე 10%-იანი ლიმიტი დაწესდეს და მედიკამენტების ფასი შემცირდეს.
თვდამსხმელს 11 მძევალი ჰყავდა აყვანილი. პოლიციასთან მოლაპარაკებების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად გათვისუფლდა, თვდამსხმელი კი დაკავებულია.







