“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი არჩევნებთან და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მის დღევანდელ განცხადებას განმარტავს.
სამადაშვილი აღწერს იმ კომპრომისს ოპოზიციის მხრიდან, რომლის დაშვებაც შესაძლებლად მიაჩნია, რათა ქვეყანა “კატასტროფას” გადაურჩეს.
“განვმარტავ: შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ადგილობრივთან ერთად, მანამდე- ტექნიკური პარლამენტის შეკრება ქვეყნის არჩევნებისთვის მოსამზადებლად, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ა.შ. რომელიც პირველ გადაწყვეტილებად სწორედ ახალ არჩევნებს დანიშნავს; პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ეს არის ის კომპრომისი, რაც მე პირადად მიმაჩნია შესაძლო დათმობად, რაც ქვეყანას გადაარჩენს კატასტროფას”, – წერს ის სოციალურ ქსელში.
რა თქვა სამადაშვილმა მანამდე?
“მაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები რაიმე აზრიანით დასრულდება, რადგან ალტერნატივა საკმაოდ ბნელ და უპერსპექტივო მომავალს უქადის ჩვენს ქვეყანას”, – წერდა ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში 20 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სამადაშვილი შესაძლო სცენარებს განიხილავდა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საბოლოოდ იტყვის უარს პარლამენტში შესვლაზე. მისი აზრით, ერთპარტიული პარლამენტი “ქართულ ოცნებას” დააზიანებს, თუმცა, არა ისე, რომ მომდევნო 1 წელი ხელისუფლების შენარჩუნება ვერ შეძლოს.
თავისთავად პარლამენტზე უარი არც მიზანია და არც რაიმე მყისიერი ეფექტის მქონე საშუალება. ამას ვამბობ, რადგან არ ვაპირებ ვინმეს ვუთხრა, რომ პარლამენტის ბოიკოტი რაიმე სახის გამარჯვება იქნება ვინმესთვის. არა, პირიქით, ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს და ვინც სხვანაირად გეტყვით, გატყუებთ.
ქართული ოცნება დაზიანდება ერთპარტიული პარლამენტით-მაგრამ დიდი ალბათობით, არცთუ ისე, რომ ხელისუფლების შენარჩუნება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვერ მოახერხოს. მაშინ რა? ბოიკოტი არჩევნებს? თუ არა?”, – წერს ის.
სალომე სამადაშვილის თქმით, უფრო რეალისტურია სცენარი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას მოუწევს მომდევნო წელს ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლა, მოიგებს მას და შემდგომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს.
მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში, ოპოზიციის ამოცანა მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო გარემოს ცვლილებაა და, “შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებს, ამ ამოცანის ჭრილში უნდა განიხილოს”.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა ერთადერთ რაციონალურ მიზნად მიმაჩნია. შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ გადაწყეტილების ავკარგიანობას ამ ჭრილიდან განვიხილავ. მათ შორის იმას, თუ რაზე შეიძლება შევთანხმდეთ ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. “, – ამატებს სამადაშვილი.
რა ხდება?
არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და მთავარი მოთხოვნებად ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და ცესკოს შემადგენლობის ცვლილებას ასახელებენ.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერსაა დანიშნული, თუმცა ოპოზიციური პარტიები მასში მონაწილეობას არ იღებენ.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ 19 ნოემბერს ოპოზიციას მიმართა და „პოლარიზაციის დასრულება“ და პარლამენტში შესვლა შესთავაზა:
„მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მოვუსმინოთ ჩვენი მეგობრების (აშშ-ს, ეუთო-ოდირის და სხვ.) რჩევას, ნუ გავზრდით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას“.
18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა:
„იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტში. ნუ გაიმეორებენ ბოიკოტს, — რადგან მათი ერთგვარი რეფლექსიაა ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან“.
სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადებამდე, ოპიზოციის ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ. ოპოზიციის თქმით, ფილიპ რიკერს გააცნეს გარემოებები, თუ რატომ ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.