ნეტგაზეთი | ნიშნავს თუ არა პარლამენტზე უარი არჩევნების გზით პოლიტიკური ბრძოლის წარმართვაზე უარს? – სამადაშვილი ნიშნავს თუ არა პარლამენტზე უარი არჩევნების გზით პოლიტიკური ბრძოლის წარმართვაზე უარს? – სამადაშვილი – Netgazeti
RU | GE  

ნიშნავს თუ არა პარლამენტზე უარი არჩევნების გზით პოლიტიკური ბრძოლის წარმართვაზე უარს? – სამადაშვილი

“მაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები რაიმე აზრიანით დასრულდება, რადგან ალტერნატივა საკმაოდ ბნელ და უპერსპექტივო მომავალს უქადის ჩვენს ქვეყანას”, – წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

რას ელის სამადაშვილი მოლაპარაკებებისგან?

სამადაშვილი შესაძლო სცენარებს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საბოლოოდ იტყვის უარს პარლამენტში შესვლაზე. მისი აზრით, ერთპარტიული პარლამენტი “ქართულ ოცნებას” დააზიანებს, თუმცა, არა ისე, რომ მომდევნო 1 წელი ხელისუფლების შენარჩუნება ვერ შეძლოს.

“დღეს მოლაპარაკებები განახლდა და მეჩვენება, რომ ჩვენს საჯარო სივრცეში დისკუსია ერთ საკითხზე დავიდა: შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში? ისე, რომ ამ გადაწყვეტილების კონტექსტი გვავიწყდება-ნიშნავს თუ არა პარლამენტზე უარი არჩევნების გზით პოლიტიკური ბრძოლის წარმართვაზე უარს?

ეს რომ გავაანალიზოთ, ამისთვის შესაძლო სცენარები უნდა განვიხილოთ. რას ველოდებით? თავისთავად პარლამენტზე უარი არც მიზანია და არც რაიმე მყისიერი ეფექტის მქონე საშუალება. ამას ვამბობ, რადგან არ ვაპირებ ვინმეს ვუთხრა, რომ პარლამენტის ბოიკოტი რაიმე სახის გამარჯვება იქნება ვინმესთვის. არა, პირიქით, ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს და ვინც სხვანაირად გეტყვით, გატყუებთ.

ქართული ოცნება დაზიანდება ერთპარტიული პარლამენტით-მაგრამ დიდი ალბათობით, არცთუ ისე, რომ ხელისუფლების შენარჩუნება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვერ მოახერხოს. მაშინ რა? ბოიკოტი არჩევნებს? თუ არა?”, – წერს ის.

სალომე სამადაშვილის თქმით, უფრო რეალისტურია სცენარი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას მოუწევს მომდევნო წელს ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლა, მოიგებს მას და შემდგომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში, ოპოზიციის ამოცანა მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო გარემოს ცვლილებაა და “შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებს, ამ ამოცანის ჭრილში უნდა განიხილოს”.

“არსებობს მოსაზრებაც, რომ არჩევნებს ქვეყანაში აზრი აღარ აქვს და ბრძოლის სხვა მეთოდები უნდა ვეძებოთ. ამ პოლიტიკური მიმდინარეობის ადამიანებისთვის არანაირ შეთანხმებას ხელისუფლებასთან მნიშვნელობა არა აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ მათ სკეპცისიზმს ვიზიარებ ქართული ოცნების მიერ დანაპირების შესრულებაზე-ასევე უპერსპქტივოდ მიმაჩნია შეთანხმებაზე და, შესაბამისად, არჩევნების პერსპექტივაზე უარის თქმა.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა ერთადერთ რაციონალურ მიზნად მიმაჩნია. შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ გადაწყეტილების ავკარგიანობას ამ ჭრილიდან განვიხილავ. მათ შორის იმას, თუ რაზე შეიძლება შევთანხმდეთ ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. “,  – ამატებს სამადაშვილი.

სამადაშვილი დასძენს, რომ სწორედ არჩევნებისადმი რწმენაა მთავარი განსხვავება მასსა და იმ ადამიანებს შორის,  “ვინც მოუთმენლად ელის ამ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას, [რათა] დაგვარწმუნოს, რომ არჩევნებს აზრი აღარ აქვს ამ ქვეყანაში”.

რა ხდება?

არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და მთავარ მოთხოვნად ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და ცესკოს შემადგენლობის ცვლილებას ასახელებენ.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერსაა დანიშნული, თუმცა ოპოზიციური პარტიები მასში მონაწილეობას არ იღებენ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ 19 ნოემბერს ოპოზიციას მიმართა და „პოლარიზაციის დასრულება“ და პარლამენტში შესვლა შესთავაზა:

„მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მოვუსმინოთ ჩვენი მეგობრების (აშშ-ს, ეუთო-ოდირის და სხვ.) რჩევას, ნუ გავზრდით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას“.

18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა:

„იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტში. ნუ გაიმეორებენ ბოიკოტს, — რადგან მათი ერთგვარი რეფლექსიაა ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადებამდე, ოპოზიციის ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ. ოპოზიციის თქმით, ფილიპ რიკერს გააცნეს გარემოებები, თუ რატომ ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან