ახალი ამბები

ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყო — ნათელაშვილი ჰარცელს შეხვდა

20 ნოემბერი, 2020 • 1043
ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყო — ნათელაშვილი ჰარცელს შეხვდა

დაიწყო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ინდივიდუალური შეხვედრები ფასილიტატორებთან,  აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებთან. დღეს, 20 ნოემბერს, ევროკავშირს ელჩ კარლ ჰარცელს  “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი შეხვდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია და მეათე მოწვევის პარლამენში მათი “ფეხი არ იქნება”.

” ელჩებს ჩვენ ვხდვებით არა იმიტომ, რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ, ამას არც იკადრებს არცერთი ელჩი. ჩვენც ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და ჩვენი ხალხის დავალებებიდან”, — განაცხადა ნათელაშილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეკომენდაცია იყო ელჩის მხრიდან, ნათელაშილი პასუხობს, რომ დიპლომატებს “რეკომენდაციების გადმოშლა” არ ახასიათებთ.

“ელჩები ძალიან დელიკატურად მოქმედებენ, რეკომენდაციები, დავალებები და საკუთარი დავალებების გადმოშლა არ ახასიათებთ. ისინი გისმენენ და ცდილობენ მაქსიმალური კომპრომისი მონახონ, რათა შედეგი დადგეს. შედეგად მათ უნდათ დემოკრატიული საქართველო, სადაც ხელისუფლება იქნება არჩეული არა ასეთი გაწევა-გამოწევის ფონზე, არამედ ურთიერთშეთანხმებით და მაქსიმალური სამართლიანობით”, — განაცხადა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით,  ფასილიტატორებთან კონსულტაციები ითვალისწინებს ცალ-ცალკე რეჟიმსაც და კოლექტიურ ფორმასაც, ამ შეხვედრებზე კი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

გუშინ, 19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ 20 ნოემბრიდან ოპოზიციის ლიდერები ფასილიტატორებს — აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს — ინდივიდუალურად შეხვდებიან.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და ბარიერგადალახულმა პარტიებმა მანდატებზე უარი თქვეს, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა. დაგეგმილია მესამე რაუნდის გამართვაც.

ამასთან, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერსაა დანიშნული, თუმცა ოპოზიციური პარტიები მასში მონაწილეობას არ იღებენ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ ოპოზიციას მიმართა და „პოლარიზაციის დასრულება“ და პარლამენტში შესვლა შესთავაზა:

„მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მოვუსმინოთ ჩვენი მეგობრების (აშშ-ს, ეუთო-ოდირის და სხვ.) რჩევას, ნუ გავზრდით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას“.

18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა:

„იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტში. ნუ გაიმეორებენ ბოიკოტს, — რადგან მათი ერთგვარი რეფლექსიაა ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი