ახალი ამბები

პომპეო საქართველოში ვიზიტის შესახებ “ტვიტერზე” წერს

17 ნოემბერი, 2020 • 1191
პომპეო საქართველოში ვიზიტის შესახებ “ტვიტერზე” წერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტის შესახებ “ტვიტერზე” დაწერა. ის აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებს ახსენებს და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისათვის აშშ-ის მზაობაზე საუბრობს.

“მოხარული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-სა და საქართველოს აქვთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება ჩვენს საერთო ერთგულებას  თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში”, – აღნიშნავს ის.

პომპეოს ვიზიტი საქართველოში  18 ნოემბერს სრულდება. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი  შეხვდება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. დაგეგმილია მისი შეხვედრა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორესთანაც.

18 ნოემბერს, პომპეოს ვიზიტის მეორე დღეს, ოპოზიციური პარტიები მდუმარე აქციის გამართვას გეგმავენ. შესაბამისი გეგმის გამოცხადებისას “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ ეს იქნება, ერთი მხრივ, “ერთგვარი საზეიმო დახვედრა”, მეორე მხრივ კი, გზავნილი პომპეოს მიმართ, რომ არჩევნები გაყალბებულია.

პომპეოს თვითმფრინავის დაშვებამდე მცირე ხნით ადრე, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი და მისი პროგრამა შეაფასა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ. მან “ტვიტერზე” დაწერა:

“პომპეო საქართველოშია, კიდევ ერთ ქვეყანაში, სადაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს. ის მხოლოდ ხელისუფლებას ხვდება. ეს შეცდომაა.”

მაიკ პომპეო საქართველოს ეწვია ტურნეს ფარგლებში. მანამდე საფრანგეთსა და თურქეთში ჩავიდა, თბილისის დატოვების შემდეგ კი იგეგმება ვიზიტები სხვა სახელმწიფოებში, მათ შორის, არაბულ ქვეყნებსა და ისრაელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.