ნეტგაზეთი | თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი პირი დააკავეს თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი პირი დააკავეს – Netgazeti
RU | GE  

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თემქაში დღეს მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული ნ.ნ, ხოლო დანაშაულის ბრალდებით ასევე დაკავებულია მისი თანმხლები პირი.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულ ნ.ნ-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა და სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მეგობართან – 1999 წელს დაბადებულ ა.უ.-სთან და კიდევ ერთ ნაცნობთან – 1984 წელს დაბადებულ მ.მ.-სთან ერთად, 1983 წელს დაბადებული ლ.შ.-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდა.

მ.მ.-სა და ნ.ნ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ნ.ნ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით მ.მ.-სა და ლ.შ.-ს. სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ლ.შ.- მ გაქცევა მოასწრო, ხოლო მ.მ. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ლ.შ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გადაყვანილია ერთ-ერთ საავადმყოფოში.

როგორც შსს აცხადებს, ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ხანძარი გააჩინა და თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

უწყებისვე ცნობთ, ნ.ნ.-ის თანმხლებმა მეგობარმა – 1999 წელს დაბადებულმა ა.უ.-მ მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა, რის გამოც პოლიციამ იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.