ახალი ამბები

ცესკომ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

13 ნოემბერი, 2020 • 2015
ცესკომ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებების შესახებ პოლიტიკური სუბიექტების და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ცესკოში წარდგენილი საჩივრები არ დააკმაყოფილა.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები ცესკოში გაასაჩივრეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (დიდუბის ოლქის შედეგები) და პოლიტიკურმა სუბიექტებმა: ენმ, “ევროპული საქართველო”, “ერთიანი საქართველო”, “პატრიოტთა ალიანსი”, “სამართლიანობისთვის”, “სტრატეგია აღმაშენებელი”.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, რომელიც 18:00 საათზე დაინიშნა, საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ცესკოს ეზოში მოქალაქეები ქაღალდებს ისვრიან წარწერით “ქვა”

პოლიტიკურმა პარტიებმა გააპროტესტეს დღის წესრიგი, რომელშიც შეტანილია 22 საკითხი, მათ შორის, საჩივრების განხილვა და 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება.

ოპოზიციამ გააპროტესტა 110 საჩივრის ერთ საკითხად გაერთიანება და აღნიშნა, რომ ეს არსებითი განხილვისთვის დროს და შესაძლებლობას არ ტოვებდა მიუთითებდა, ცესკოს წინასწარ განზრახვაზე, არ დაეკმაყოფილებინა საჩივრები.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის დღესა და შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში 1 941 საჩივარი შევიდა. აქედან საარჩევნო სუბიექტებმა წარადგინეს 1 272 საჩივარი, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა — 564. კენჭისყრის დღეს საჩივრები ძირითადად შეეხებოდა პროცედურულ საკითხებს, ხოლო კენჭისყრის შემდგომი საჩივრები — საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

ცესკოს განცხადებით, საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარმოდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი შეუსაბამობის გამო დარჩა განუხილველი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან — 126.

მოსარჩელეები აცხადებენ, რომ ცესკომ კანონი არასწორად განმარტა და პოლიტიკური პარტიების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების აკრედიტებულ წარმოადგენლებს საჩივრების წარდგენისთვის დამატებითი მინდობლობა მოსთხოვა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განხილული 914 საჩივრიდან, შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და ბიულეტენების ხელახლა დათვლის მოთხოვნასთან დაკავშირებული საჩივრების უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა.

პოლიტიკურმა პარტიებმა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დავა, ერთი მხრივ, სასამართლოებში განაგრძეს, მეორე მხრივ საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების შედეგები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გასაჩივრდა, რომელსაც საჩივრების განხილვისთვის 1-დღიანი ვადა ჰქონდა.

“ევროპულმა საქართველომ” ცესკოში 30-ივე ოლქის შედეგები გაასაჩივრა და შემაჯამებელი ოქმების ბათილობა მოითხოვა, ვინაიდან, პარტიის შეფასებით, ხმების გადათვლა პრობლემას არ აგვარებს.

“არის რამდენიმე ტიპის დარღვევა, რომელიც ხშირად მეორდება. მაგალითად, დისბალანსი ოქმებში. ეს დისბალანსი შეიძლება იყოს ნაკლებობით, რაც მიანიშნებს იმას, რომ შესაძლებელია იყო ე.წ. სომხური კარუსელი, ანუ გაიტანეს 1 ბიულეტენი და შემდეგ დაატრიალეს კარუსელი. არის ბიულეტენების ზედმეტობა, რაც მიანიშნებს, იქ შეიძლება იყო ჩაყრა. მეორე ტიპის დარღვევაა დისბალანსი ხელმოწერებსა და ხმების რაოდენობას შორის, მესამე — ცარიელი კონვერტები.

ასევე, ზოგადად იყო საჩივრები, რომლებიც ეხებოდა ამომრჩეველზე ზეწოლას, მოსყიდვას, ადმინისტრაციული რესურის გამოყენებას, რომელიც ასევე განუხულველი დარჩა. ჩვენ ვთვლით, რომ 30-ივე ოლქში შემაჯამებელი ოქმი არ გამოხატავს ამომრჩევლების ნებას, მასში არსებული მონაცემები არასწორია, რის გამოც ვითხოვთ მაჟორიტარული და პროპორციული ოქმების ბათილობას. გადათვლას არ ვითხოვთ, იმიტომ რომ არსებული დარღვევები, ნაწილობრივ შეუძლებელია გამოსწორებული იქნას გადათვლის მხრივ.

“კარუსელი” გადათვლის მხრივ გამოსწორებადი არ არის; მოსყიდვა გამოსწორებადი არ არის; ზეწოლა გამოსწორებადი არ არის; ერთადერთი რაც შეიძება გამოსწორებული იყოს გადათვლით, ეს არის ცრუ ოქმი, რომელიც გადაწერეს თავიდან ან მოიპარეს ხმები”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “ევროპული საქართველოს” წევრმა ლევან თარხნიშვილმა.

საარჩევნო ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 29 საარჩევნო ოლქში პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმები გაასაჩივრა.

“ყველაზე დიდი დარღვევა, რასაც ვასაჩივრებთ, ეს არის ის, რომ საერთოდ განუხილველად დაგვიტოვეს ყველა საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიებმა. შეუძლებელია, შემაჯამებელი ოქმები ასახავდეს ამომრჩევლის ნებას იმ საჩივრების განხილვის გარეშე, რაც ჩვენ წარვადგინეთ საოლქო საარჩევნო კომისიებში. შემაჯამებელი ოქმები უნდა გაბათილდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. საკმაოდ მოცულობითი შრომა მოუწევს ცენტრალურ სააღჩევნო კომისიას”, – განაცხადა “ძალა ერთობაშიას” წევრმა თამარ კორძაიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ სხდომაზე სამართლებრივი არგუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა.

“ვერ მოვისმინეთ არგუმენტები და სამართლებრივი დისკუსია. იყო მხოლოდდამხოლოდ ისეთი ტიპის საუბრები, რაც დიდი დოზით პოლიტიკურ ნიუანსებს შეიცვადა და მეორე მხრივ, იყო საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა და თავდასხმა. ეს ადმინისტრაცია ამ შემადგენლობით არაერთი წელია მუშაობს. რასაც ახლა თვალს ვადევნებთ, არის ადმინისტრაციის დემონიზაციის მცდელობა”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

დღევანდელ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასევე შეაჯამა 31 ოქტომბრის პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები. არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.

ცესკოს გადაწყვეტილება 1 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი