ახალი ამბები

ზახაშვილის თქმით, სკოლებსა და ბაღებში სწავლის შეჩერება ბებია-ბაბუების დაცვას ემსახურება

13 ნოემბერი, 2020 • 1156
ზახაშვილის თქმით, სკოლებსა და ბაღებში სწავლის შეჩერება ბებია-ბაბუების დაცვას ემსახურება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის მიზეზი პანდემიის პირობებში რისკჯგუფების, კერძოდ, მოხუცების დაცვაა. ამის შესახებ ზახაშვილმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში, ევროპის ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ბავშვებთან განსაკუთრებული ახლო და ხშირი კონტაქტი მოხუცებს, ბებია-ბაბუებს აქვთ. ხშირ შემთხვევაში სწორედ ბებია-ბაბუებს დაჰყავთ ბავშვები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, ეხმარებიან გაკვეთილების მომზადებაში და ა.შ.

“ესეც [საბავშვო ბაღების და სკოლების დაკეტვა] იმ ქმედების კიდევ ერთი ნაწილია, რომელიც დისტანცირებას უწყობს ხელს. ყველა ქვეყანა განსხვავდება ერთმანეთისგან თავისი ცხოვრების წესით, იმ საბავშვო ბაღებისა და სკოლების მოსწავლეების თავშეყრის წესებით და განსაკუთრებით ბავშვების ძირითადი მომვლელების სტატუსის გათვალისწინებით, რომლებიც უმთავრეს შემთხვევაში არიან ბებია-ბაბუები ან ისეთი ადამიანები, რომლებიც დაჰყვებიან ამ ბავშვებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან მათთან ერთად გადაადგილდებიან მთელი დღის მანძილზე, უსხედან ბავშვებს სამეცადინო მაგიდებთან. საბავშვო ბაღებისა და სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა ან დაკეტვა ერთ-ერთი საშუალებაა, რომ გაიზარდოს დისტანცირება საზოგადოებაში და შემცირდეს ადამიანთა თავშეყრა”, – განაცხადა ზახაშვილმა.

მისი თქმით, ასევე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია “ნორმალურ რეჟიმში” სწავლებისა და სააღმზრდელო პროცესების აღდგენა და “ასე დიდხანს გაგრძელება, ალბათ, ძნელი და შეუძლებელია”.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყევტილებით, საქართველოს დიდი ქალაქების სკოლებში სწავლა 4-25 ნოემბრის ჩათვლით სრულად დისტანციურად გაგრძელდა. ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში სკოლის შენობაში სიარულის შეზღუდვა I-VI კლასის მოსწავლეებსაც შეეხო, რადგან მანამდე სკოლაში სიარული მხოლოდ მათთვის იყო დაშვებული.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, 7 ნოემბერს, ასევე მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სწავლის პროცესი შეწყდა დიდი ქალაქების საბავშვო ბაღებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი