ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„გასვლის სტრატეგიის გარეშე სამშვიდობოების ჩაყენება ოკუპაციას ემსგავსება“ – ბროერსი

13 ნოემბერი, 2020 •
„გასვლის სტრატეგიის გარეშე სამშვიდობოების ჩაყენება ოკუპაციას ემსგავსება“ – ბროერსი

Chatham House-ის მკვლევარი ლორენს ბროერსი, რომელიც ათწლეულებია, სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტებს სწავლობს, ახალ სტატიაში წერს, რომ რუსეთის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის „რეგიონალიზაციამ“ ამ ეტაპზე გადაარჩინა ადამიანების სიცოცხლე, ასევე, მოკლევადიან პერსპექტივაში გაიმყარა პოზიციები სამხრეთ კავკასიაში, თუმცა ამ შეთანხმებას, გრძელვადიან პერსპექტივაში, მშვიდობა არ მოაქვს.

ლორენს ბროერსის თანახმად, ყარაბაღის ახალი ომის დაწყებისას სამი შესაძლო შედეგი გამოჩნდა, რომელთაგანაც გამართლდა მესამე — თურქეთის და რუსეთის მიერ კონფლიქტის „რეგიონალიზაცია“: რუსეთმა ამ ნაწილში პირველობა მოიპოვა, თურქეთმა კი მეორეული, თუმცა მნიშვნელოვანი როლი მოირგო.

„ახალი შეთანხმება, მართალია, ასრულებს საშინელ ომს, რომელმაც ათასობით სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა ტოვებს ეჭვებს, რომ არ შეიქმნება საფუძველი ისეთი მშვიდობისათვის, რომელიც დიდხანს გასტანს. ახალი სტატუს-კვო აზერბაიჯანისთვისაც კი საქმის დაუსრულებლობის შეგრძნებას ტოვებს. აზერბაიჯანულ მიწაზე რუსული ჩექმების დაბრუნება კი ახალ გვერდს შლის სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკაში“, – წერს მკვლევარი.

ავტორი წერს, რომ ბევრი ქვეყანა არ დათანხმდებოდა სამშვიდობოების ჩაყენებას ძალადობრივ, პოლარიზებულ კონტექსტში, სადაც კონფლიქტის მხარეებს არაფერი ეტყობათ იმისა, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთონ. „ეს დიდი რისკია თავად სამშვიდობოებისთვის, რომლებიც შესაძლოა დისიდენტურმა ჯგუფებმა მიზანში ამოიღონ. ამასთან, დიდი, მძიმედ შეიარაღებული სამშვიდობო ოპერაციები ძვირი ჯდება“.

„მეტიც, გასვლის სტრატეგიის გარეშე, სამშვიდობო ძალების განთავსება მალე ემსგავსება ოკუპაციას. გასვლის სტრატეგიები კი მყარ შეთანხმებებსა და ვალდებულებებს ემყარება ახალი ტიპის პოლიტიკის მიმართ. სწორედ ეს აკლია სომხურ-აზერბაიჯანულ კონტექსტს… ეს შეიძლება მოიტანოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ძირეული მიზეზებისა და ბევრი ახალი გადამწყვეტი პრობლემების მოგვარებამ, რაც დგას ახალი ომის უკან“. ავტორი ასეთ მნიშვნელოვან პრობლემებად ასახელებს დევნილების ახალი ტალღის გაჩენას, შესაძლო ომი დანაშაულებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ბედს აზერბაიჯანისთვის გადაცემულ ტერიტორიებზე.

გირჩევთ წაიკითხოთ:

რუსეთის როლი და არამხოლოდ – რა ხდება კავკასიაში | ინტერვიუ შტეფან მაისტერთან

რუსი მშვიდობისმყოფელები რუსული გავლენის ზრდას ნიშნავს | ივლიანე ხაინდრავა

რუსი სამშვიდობოები აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობისთვის დარტყმაა | ლეილა ალიევა

მასალების გადაბეჭდვის წესი