ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი სამშვიდობოები აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობისთვის დარტყმაა | ლეილა ალიევა

12 ნოემბერი, 2020 • 1705
რუსი სამშვიდობოები აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობისთვის დარტყმაა | ლეილა ალიევა

გუნელ მევლუდი


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღისა და შვიდი მიმდებარე რაიონის გამო 27 სექტემბერს დაწყებული ომი დასრულდა. განცხადება, რომელიც სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მიიღეს, 9 პუნქტისგან შედგება და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დიდი ნაწილის დაბრუნებას, რუსი მშვიდობისმყოფელების ყარაბაღში განთავსებას და ლაჩინისა და ნახიჩევანის კორიდორების შექმნას გულისხმობს. ვინ აღმოჩნდა 45- დღიანი ომის მთავარი გამარჯვებული და რა დამატებითი პერსპექტივები უჩნდება რუსეთს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამ და სხვა საკითხებზე ჩვენს კითხვებს პოლიტოლოგი ლეილა ალიევა პასუხობს: 

ყველაზე მეტად აზერბაიჯანში ახლა ის აინტერესებთ, რატომ მისცა ალიევმა თანხმობა აზერბაიჯანში რუსული სამშვიდობოების განთავსებაზე, და ზოგადად რას ფიქრობთ აღნიშნულ სამმხრივ განცხადებაზე?

განცხადების მიმართ დამოკიდებულებები და შეფასებები აზერბაიჯანში არ არის ერთგვაროვანი. ერთი მხრივ, იმასთან შედარებით, რაც არსებობდა აქამდე [ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია], მიღწეული შედეგი პროგრესია, თუმცა, აზერბაიჯანული არმიის წარმატებული ოპერაციის დამსხურებით. 

რა თქმა უნდა, საბრძოლო მოქმედებების, ომის შეჩერება და ადამიანების სიკვდილის დასრულება, ყოველთვის პოზიტიური მოვლენაა, რაც ამ შემთხვევაში  მაღალი ფასით არის მოპოვებული – რუსი მშვიდობისმყოფელებით.

ბევრს გაუჩნდა კითხვა – რატომ შეჩერდა ომი მაიცდამაინც აზერბაიჯანის წარმატებული ოპერაციის პერიოდში? რატომ დათანხმდა პრეზიდენტი რუსულ ჯარს? 

რუსი სამშვიდობოების შემოყვანის საკითხზე სერიოზული უკმაყოფილება და შფოთვა იზრდება. ეს აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობისთვის ძლიერი დარტყმაა – აზერბაიჯანი იყო პირველი ქვეყანა საბჭოთა კავშირში, როდესაც პრეზიდენტ აბულფაზ ელჩიბეის დროს ყველა რუსული ჯარი და ბაზა გავიდა ქვეყნიდან. 

აზერბაიჯანული საზოგადოება ცალსახად განიხილავს რუსეთს “შავი იანვრისა” და ხოჯალის ტრაგედიების მთავარ დამნაშავედ. ამასთან, რუსეთს მაინც სომხეთის სამხედრო მოკავშირედ მიიჩნევს. შესაბამისად, დღეს აზერბაიჯანის ოპოზიციის ბევრი ლიდერი და საზოგადოების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ახალი განცხადება ეწინააღმდეგბა აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს.  

თუ აზერბაიჯანის სამხედრო წარმატება ყარაბაღში ერთი ნაბიჯით წინსვლას ნიშნავდა, რუსული ჯარის შემოყვანაზე თანხმობა  ორი ნაბიჯით უკანდახევაა. 

როგორც ჩანს, ეს გარკვეული გარიგების ნაწილი იყო – სამშვიდობოების შემოყვანის სანაცვლოდ რუსეთი სამხედრო კუთხით გარკვეულ ეტაპამდე არ ჩაერეოდა. 

ვფიქრობ, გარიგებაში თურქეთსაც შესთავაზეს მონაწილეობა, თუმცა მისი როლი განცხადებაში არ არის აღნიშნული და პროცესში მისი მონაწილეობაც გარკვეულწილად აბსტრაქტულად მოჩანს. 

სავსებით შესაძლებელია, რომ ალიევი, საზოგადოებისგან განსხვავებით, რუსულ ჯარს პირად საფრთხედ არ მიიჩნევს. შესაძლოა პირიქით იყოს, რუსული ჯარის იმედი აქვს, რადგან პუტინი ალიევის მსგავსი შიდა პოლიტიკის მქონე ლიდერთა დამცველად გვევლინება ხშირად. სანამ ალიევი პუტინის მიმართ ლოიალური იქნება, რუსული ჯარები მას საფრთხეს არ შეუქმნის. 

და რას ნიშნავს თურქეთის თანხმობა ამ შეთანხმებაზე?

თურქეთი მიიჩნევს, რომ ამ სახით რუსეთის შეკავების ინსტრუმენტები ექნება, ან რუსეთისგან რაიმე გარანტიები მიიღო. რთულია ზუსტად თქვა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო ალიევის თანხმობა. ალიევს კი, თავის მხრივ, ან რუსეთის შესაძლებლობების შეფასება არ შეუძლია სათანადოდ, ან აქაც სადღაც ერთმანეთს დაემთხვა თურქეთისა და აზერბაიჯანის ინტერესები.

შეიძლება თუ არა ყარაბაღის საკითხი გადაწყვეტილად მივიჩნიოთ? 

რა თქმა უნდა, არა. ამ კონფლიქტის მეორე ეტაპი იწყება. რუსული პოლიტიკის ინსტრუმენტს ამჯერად უკვე ლეგიტიმური საფუძველი აქვს სამხედრო კონტინგეტის სახით – აზერბაიჯანის ამ დრომდე მისთვის ყველაზე მიუწვდომელ ტერიტორიაზე. ეს დიდი კუშია.  კონფლიქტი რუსეთის ხელშია ახლა – ეს იგივეა, ბატკანი მგელს ჩაუგდო ხელში. რუსეთს შესაძლებლობა ეძლევა აზერბაიჯანის შიდა პოლიტიკაც აკონტროლოს და ორივე ქვეყნის კომუნიკაციის კორიდორებიც.

შეეძლო რუსეთს სხვა როლი ჰქონოდა ამ ომში, მაგალითად, მხარი დაეჭირა სომხეთისთვის, როგორც მოკავშირესთვის, და თუ კი, რატომ არ გააკეთა ეს? 

რუსეთს სომხეთის მხარდაჭერის ოფიციალური საფუძველი არ ჰქონია იმ ორმხრივი შეთანხმებით, რომელიც ამ ქვეყნებს გააჩნიათ. თუმცა სურვილის შემთხვევაში, რუსეთს უპრობლემოდ შეეძლო ჩარევაც და შეთანხმებების უგულებელყოფაც. როგორც ჩანს, რუსეთმა ფაშინიანის ჭკუის სწავლება გადაწყვიტა მისი ურჩობისთვის, რითაც აზერბაიჯანს შესაძლებლობა მისცა, წარმატებით დაძრულიყო ყარაბაღისკენ – ამავე დროს, არ მისცა ტერიტორიების სრულად გათავისუფლების ნება, რათა არცერთზე დაეკარგა კონტროლის მექანიზმი.

საბოლოოდ მაინც ყველა მოგებული დარჩა, გარკვეულწილად, სომხეთის გარდა.

რეალურად მთავარი გამარჯვებული მაინც რუსეთია  – მის გარდა, ყველამ იმაზე ნაკლები მიიღო, ვიდრე მოელოდა. გარდა ამისა, დასავლეთის თვალში რეპუტაციაც მოიპოვა, როგორც ერთადერთმა სამშვიდობო ძალამ, რომელმაც შეძლო და შეაჩერა სისხლიანი დაპირისპირება.

თქვენი აზრით, როგორ გაგრძელდება თავად ფაშინიანის პოლიტიკური მომავალი? 

რამდენიმე ფაქტორია, რომელიც მის წინააღმდეგ და სასარგებლოდ მუშაობს. პირველ რიგში, მან მოიხსნა პასუხისმგელობა ომის გაგრძელების შედეგებზე, მეორე – მისი სოლიდარულია ახლა სომხეთის საზოგოდოების დიდი ნაწილი, რომელიც რუსეთის ღალატითაა აღშფოთებული და ამ საზოგადოების თვალში ფაშინიანი ახლა რეგიონის ავტორიტარული ლიდერების მსხვერპლია.

მეორე მხრივ, ნაციონალისტები და ძველი ხელისუფლების კლანის წარმომადგენლები, რომლებსაც ფაშინიანის ხელისუფლება დევნიდა კორუფციის გამო, ისარგებლებენ ყარაბაღში დამარცხებით, რათა მისი გადადგომა მოითხოვონ. როგორ განვითარდება მოვლენები, რთულია წინასწარ თქმა. 

ალიევის პოლიტიკური მომავალი როგორია ასეთი შედეგით?

ალიევი, რა თქმა უნდა, ამ ფრონტზე მიღწეული შედეგებით საკუთარი რეიტინგის გაზრდას შეეცადა, მაგრამ, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის, ეს გამარჯვება რუსული ჯარის შემოსვლამ დაჩრდილა.

თუკი ალიევი პოლიტიკურ თავშეკავებას გამოიჩენს და კეთილგანწყობას დაანახებს რუსეთს, ეს ჯარები მას მეტ დამაჯერებლობას მისცემს. შესაძლოა, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლადაც ხედავს თავს.

თუმცა გარკვეულ ეტაპზე ალიევს მაინც მოუწევს პასუხი გასცეს საზოგადოებას კითხვაზე რუსი სამშვიდობოების შესახებ.  აქ ყველაზე მთავარი ისაა, რომ რუსეთი არ არის დაინტრესებული კონფლიქტის ბოლომდე გადაჭრაში, მის ხელმეორედ გაყინვას კი აღარავინ მოითმენს.  

როგორ ხედავთ რეგიონში ძალთა ბანალსს მოკლევადიან და გრძელვადიენ პერპსპექტივაში? 

არსებობს მოსზრება, რომ რუსეთი ისეთი ძლიერი და საშიში აღარაა, როგორც აქამდე, და რაც მოხდა, მის სისუსტეზე მეტყველებს. მე ვფიქრობ, რომ მისი ამბიციები არ შეცვლილა 90-იანების შემდეგ, როდესაც ზეწოლას ახორციელებდა აზერბაიჯანზე, რათა დაეთანხმებინა სამშვიდობოებზე. 

მეორე, არ შეცვლილა მის მიერ კონფლიქტების გამოყენების სურვილი რეგიონში სიტუაციის სამართავად. კონფლიქტის გასაღვივებლად კი დიდი რესურსი არაა საჭირო. ეს ყოველივე რუსეთს აქცევს დესტაბილიზისა და რეგიონში განვითარების, დემოკრატიის, ქვეყნების თანამშრომლობის ხელისშემშლელ სერიოზულ ფაქტორად. 

თურქეთის გამოჩენის ფაქტორის პოზიტივი ის არის, რომ რუსეთის უსაზღვრო დომინირებას კავკასიის უსაფრთხოების სფეროში რაღაც წინააღმდეგობა მაინც შეხვდება. 

პარადოქსია, თუმცა აქამდე თურქეთის არცერთი ხელისუფლება [უფრო დემოკრატიული, ვიდრე ერდოღანის] კავკასიაში აქტიურ პოლიტიკას არ ეწეოდა. ამიტომაც რთულია თქმა, იქნება თუ არა თურქეთის პოლიტიკა თანმიმდევრული ხელისუფლების შეცვლით. 

ვფიქრობ, კავკასიაში შემდეგი მოვლენები დამოკიდებული იქნება ყველა ქვეყნის შიდა სიტუაციაზე, განსაკუთრებით, როდესაც დასავლეთი საკუთარი საქმეებით, პრობლემებითა და  პანდემიითაა დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი