ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში რადიკალური ულტრამემარჯვენე დაჯგუფების აქცია დაშალეს

12 ნოემბერი, 2020 • 1213
ერევანში რადიკალური ულტრამემარჯვენე დაჯგუფების აქცია დაშალეს

ერევანში პოლიციამ რადიკალური ულტრამემარჯვენე დაჯგუფების, „სასნა ცრერის“ ორგანიზებული ანტისამთავრობო აქცია დაშალა. საუბარია ჯგუფზე, რომელთანაც დაკავშირებულია 2016 წლის „ერევნის კრიზისი“.

„სასნა ცრერის“ ორგანიზებული აქცია 12 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე (იგივე ოპერის მოედანზე) იმართებოდა. ლიდერები ქალაქში მსვლელობას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ განუცხადა, რომ ამის უფლება საგანგებო მდგომარეობის გამო არ ჰქონდათ.

საბოლოოდ, პოლიციამ 17:00 საათის შემდეგ ძალის გამოყენებით დააკავა აქციის ორგანიზატორები და არაერთი მონაწილე, რასაც სხვა დემონსტრანტების დაშლა მოჰყვა.

„რადიო თავისუფლების“ სომხურენოვანი სამსახური იუწყება, რომ „სასნა ცრერი“ იზიარებს 17 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მოწოდებას, გადადგეს პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი და შეიქმნას „სამშობლოს ხსნის კომიტეტი“ და ანტიკრიზისული მთავრობა.

ერევანში 17:00 საათიდან დაიწყო მეორე, უფრო მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაცია, რომელიც 17 ოპოზიციური პარტიის ორგანიზებულია და რომელსაც იგივე მოთხოვნები აქვს.

„სასნა ცრერი“ რადიკალური ულტრამემარჯვენე ჯგუფია, რომელიც საომარი რიტორიკით გამოირჩევა. მათ სახელს უკავშირდება 2016 წლის ივლისს ერევნის ერებუნის რაიონში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა და ორი კვირით მძევლების აყვანა ჯგუფის მეთაურის, ჯირაირ სეფილიანის გათავისუფლების მოთხოვნით. მძევლად აყვანილი პოლიციელი, პოლკის მეთაური არტურ ვანოიანი დაიღუპა, ოთხი პოლიციელი და ერთი თავდამსხმელი კი დაიჭრა. სეფილიანი, რომელიც ყარაბაღის პირველი ომის ვეტერანია, 2018 წელს ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

10 ნოემბერს ღამით, კონფლიქტის მხარეების განცხადებით, ხელი მოეწერა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაში მოსკოვის დროით 00:00 საათიდან შევიდა და რომელსაც სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა მოჰყვა.

შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა: აზერბაიჯანში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება „ისტორიული გამარჯვებაა“, ერევანში კი დაიწყო საპროტესტო აქციები, სადაც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს.

რუსეთის როლი და არამხოლოდ – რა ხდება კავკასიაში | ინტერვიუ შტეფან მაისტერთან

მასალების გადაბეჭდვის წესი