ახალი ამბები

“დელისიას” თანამშრომლების პროტესტი და კომპანიის პოზიცია

13 ნოემბერი, 2020 • 1264
“დელისიას” თანამშრომლების პროტესტი და კომპანიის პოზიცია

კომპანია “ქართული სახლის” [დელისია] თანამშრომლებმა და აქტივისტებმა 12 ნოემბერს სამსახურიდან გათავისუფლებულთა აღდგენის, დაკისრებული ჯარიმის სახით ჩამოჭრილი თანხის დაბრუნების და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტეს, კომპანიამ მათი თანამშრომლების ნაწილი დასაქმებულებს, პროფკავშირების, ჯანდაცვის სამინისტროს და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მედიაციის დროს სამსახურიდან გაათავისუფლა. მათ შორის, 4 დასაქმებული უშუალოდ მედიაციის დროს გაათავისფლეს, პროტესტის გაგრძელების შემდეგ კი, ოფიციალური გაფიცვის წინა დღეს, გათავისუფლების შესახებ შეტყობინება 13-მა თანამშრომელმა მენეჯერისგან ერთ-ერთი სოციალური ქსელის საერთო ჯგუფში მიიღო.

თუმცა 13 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას უარყოფს კომპანიის იურისტი, ლიკა ჭიკაძე და ამბობს, რომ ეს დასაქმებულები კომპანიიდან ოფიციალურად არავის გაუთავისუფლებია და მენეჯერმა ისინი მხოლოდ გააფრთხილა. პროფკავშირების მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებულ ე.წ. სქრინებში კი ვკითხულობთ, რომ კომპანიის მენეჯერმა “09.11.20 რიცხვში, სამსახურში არგამოცხადების გამო”, დაკავებული პოზიციიდან 13 დასაქმებული გაათავისუფლა.

 

რაც შეეხება 4 თანამშრომლის გათავისუფლებას, ჭიკაძის თქმით, 3 მათგანი მხოლოდ გამოსაცდელი ვადით იყო დასაქმებული და გამოსაცდელი ვადა ვერ გადალახეს, 1 მათგანს კი სამჯერ ჰქონდა გაფრთხილება მიღებული.

დასაქმებულების პოზიცია

გათავისუფლების შესახებ საერთო შეტყობინების სიაში მოხვდა მაგდა ყიფშიძეც, რომელიც კომპანია “დელისიაში” დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. როგორც ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, ამ პერიოდის მანძილზე კომპანიაში დასაქმებულებს ხელფასები სისტემატიურად უგვიანდებოდათ, ამასთან, ეკისრებოდათ არაპროპორციულად დიდი რაოდენობის ჯარიმებიც, რაც მათი გაფიცვის მთავარი მიზეზი გახდა.

“აქ [აქციაზე] არის ძალიან ბევრი ისეთი თანამშრომელი, რომელიც კომპანია “დელისიაში” 4-5 წელია მუშაობს და დამეთანხმებიან ისინიც, რომ ხელფასების დაგვიანებას საშინლად სისტემატიური ხასიათი აქვს, ხელფასის დაგვიანება არ ხდება მხოლოდ 2-3 დღით, რაც შეიძლება ადამიანური კუთხით გავიგოთ. ხელფასები გვერიცხება ერთი თვის დაგვიანებით და ამის საქმის კურსშიც არ ვართ ხშირ შემთხვევაში თანამშრომლები, რომ ხელფასი ამხელა დროით გვიანდება. ცხადია, პროტესტის გრძნობა ამან კიდევ უფრო გააღვივა, რადგან ჩვენ არ ვიცოდით, როდის ჩაგვერიცხებოდა ხელფასი და ჩვეულებრივად მოლოდინის რეჟიმში ყოფნამ ძალიან დაგვღალა. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ფორმისთვის მიგვემართა”, – განმარტა ყიფშიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ყიფშიძის თქმით, ხელფასების დაგვიანების გამო თანამშრომლების ნაწილმა სამსახურში გამოცხადება ვერ მოახერხა და ამის შესახებ ერთი დღით ადრე შეატყობინეს კომპანიის წარმომადგენლებს, კომპანიამ კი ამის საპასუხოდ დასაქმებულები ხელფასის 49%-ით დააჯარიმა, რაც 300 ლარს შეადგენს.

ამის შემდეგ კომპანიის თანამშრომლებმა, მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვეს მედიატორის დანიშვნა.

ყიფშიძის თქმით, მედიაციის პროცესში კომპანიამ 4 თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან, ამის მიზეზად კი, 3-ის შემთხვევაში, გამოსაცდელი ვადის ვერგადალახვა, ერთი დასაქმებულის შემთხვევაში კი, ერთი საყვედური და მიღებული ჯარიმა დაასახელა.

რა წერია კანონში

საქართველოს ორგანული კანონით შრომის კოდექსის შესახებ გაფიცვა დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარია შრომითი ხელშეკრულების გათვალისწინებული მოვალეობების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე.

გაფიცვა კანონიერად ითვლება, თუ დავაში მყოფი კონკრეტული მხარე მოლაპარაკებების ნებისმიერ სტადიაზე შეთანხმების მისაღწევად მინისტრს გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას მედიაციის დაწყების მიზნით დავის მედიატორის დანიშვნის თაობაზე. აღნიშნული შეტყობინება იმავე დღეს გადაეცემა დავის მეორე მხარეს. გაფიცვის უფლებას კი მხარე მინისტრისთვის წერილის გაგზავნიდან 21 კალენდარული დღის გასვლისთანავე მოიპოვებს.

ამასთან, შრომის კოდექსის მიხედვით, გაფიცვის დაწყებამდე დასაქმებულებმა არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა დამსაქმებელს ან მინისტრს წერილობით უნდა შეატყობინონ გაფიცვის დრო, ადგილი, ხასიათი და გაფიცვის მონაწილე პირების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. ასევე, შრომის კოდექსში განმარტებულია, რომ გაფიცვა შრომითი უფლების ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი არ არის და კანონიერ გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა შრომის დისციპლინის დარღვევად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული.

პროფკავშირების განმარტება

კომპანია “დელისიასა” და დასაქმებულებს შორის დავაში ჩართულია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაც. როგორც პროფკავშირების აქტივისტმა, გიგა ბექაურმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, კომპანია “დელისია” თანამშრომლების მიმართ სხვადასხვა შრომით უფლებას არღვევს, მათ შორის, შვებულების, ზეგვანაკეთური შრომის, ხელფასების დაგვიანება და სხვა.

ბექაურის თქმით პროფკავშირები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა კომპანიასთან, თუმცა მათგან “ადეკვატური პასუხი” არ მიუღია.

“მოვიპოვეთ გაფიცვის უფლება, კიდევ არ გავიფიცეთ, ველოდებოდით დამსაქმებლის პასუხს, 21 დღის გასვლიდან 8 დღის შემდეგ კი სრული პროცედურების დაცვით დავიწყეთ გაფიცვა და ამ პერიოდში დამსაქმებელმა, ერთ-ერთმა მენეჯერმა აცნობა თანამშრომლებს, რომ ადამიანები, ვინც სამსახურში არ გამოცხადდნენ, გათავისუფლებულები იყვნენ დაკავებული პოზიციებიდან. ეს იყო კანონიერ გაფიცვაზე ადამიანების დათხოვნა. მას შემდეგ, რაც ჩვენ ამაზე გვქონდა მკაცრი რეაქცია, დავიწყეთ აქციები და გავაგრძელეთ გაფიცვა კომპანია მიხვდა, რომ ის წამგებიან პოზიციაში იყო და უარყო 13 ადამიანის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება და თქვა, რომ ეს გაავრცელა ვიღაცამ და მათ არ იცოდნენ, რაც არის ტყუილი”, – განმარტავს ბექაური.

ბექაურის თქმით, პროფკავშირები იმ 4 ადამიანის სამსახურში დაბრუნებასაც ითხოვს, რომელიც კომპანიამ მანამდე გაათავისუფლა, თუმცა “დელისია”  სამსახურში არ აბრუნებს. სწორედ ამიტომ, ბექაურის თქმით, ისინი არ შეწყეტენ პროტესტს და დავის გაგრძელბას სასამართლოში გეგმავენ.

“დელისიას” პასუხი

“ნეტგაზეთი” დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად კომპანიის იურისტს, ლიკა ჭიკაძესაც დაუკავშირდა. როგორც ჭიკაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, კომპანიამ სამსახურიდან არა 17, არამედ 4 თანამშრომელი ჯერ კიდევ ოქტომბრის თვეში გაათავისუფლა, საიდანაც 3 მხოლოდ გამოსაცდელი ვადით ჰყავდათ აყვანილი, 1-ს კი შრომითი კონტრაქტით განსაზღვრულ ვალდებულებებზე ჰქონდა დისციპლინარული გადაცდომა.

რაც შეეხება გაფიცვას, ჭიკაძის თქმით, კომპანია გაფიცვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა და ოფიციალურად “არც იურიდულ მისამართზე და არც ფაქტობრივ მისამართზე არანაირი ცნობა” არ მიუღიათ და ამის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით გაიგეს. მისი თქმით, ასევე, უკვე შესრულებულია დასაქმებულების მოთხოვნების ნაწილი.

“ჩვენ არ ვიცით არავითარი გაფიცვის შესახებ, არ წარმოუდგენიათ შრომის კოდექსის შესაბამისად გაფიცვამდე 3 დღით ადრე შეტყობინება. შეტყობინება არ შესულა არც საწარმოში, არც ადმინისტრაციულ შენობაში. ეს [გაფიცვის შესახებ] გავიგეთ მხოლოდ ტელევიზიებიდან. ამასთან, რასაც ამბობენ თვითონ, რომ მედიაციის დროს კომპანია დათმობებზე არ წასულა, ეს არის ტყუილი და ამის შესახებ მედიატორიცაა ინფორმირებული”, – განაცხადა ჭიკაძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” პროფკავშირებს დაუკავშირდა. როგორც პროფკავშირებში გვითხრეს, კომპანიას გაფიცვის შესახებ შეტყობინება ფოსტის საშუალებით იურიდიულ მისამართზე გაუგზავნეს, თუმცა შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ეს მისამართი მცდარი იყო, რის შემდეგაც შეტყობინება გაუგზავნეს ფაქტიურ მისამართზე, სადაც ოფისის წარმომადგენლებმა არ ჩაიბარეს. აქედან გამომდინარე კი,  გადაწყვიტეს, რომ დასაქმებულების სამუშაო ადგილზე გაევრცელებინათ ფლაერები, რომელშიც მიუთითეს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, გაფიცვის დრო და ადგილიც.

კომპანიის მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებული ოფიციალური განმარტების თანახმად, მათ კომპანიამ დასაქმებულთა გაფიცვის შესახებ სატელევიზიო რეპორტაჟებიდან შეიტყვეს, თუმცა მათ არ აქვთ ინფორმაცია “კონკრეტულად ვინ და რა დროით” გაიფიცა. ასევე, კომპანია განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის გაგრძელბა-არ გაგრძელების საკითხი “უკანონო გაფიცვის დასრულების შემდეგ” გადაწყდება.

რაც შეეხება კომპანიის მხრიდან თანამშრომლების ხელფასის 49%-ით დაჯარიმებას, კომპანიის მიერ მოწოდებული ოფიციალური განმარტების თანახმად, აღნიშნული ჯარიმა თანამშრომლებს ორმხრივი ხელშეკრულებით ნაიკსრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაეკისრათ.

“საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა (სამოქალაქო კოდექსი, შრომის კოდექსი) ითვალისწინებს ორმხრივი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფინანსური სანქციის გამოყენების საშუალებას – შესაბამისად, 49%-ის ოდენობით ფინანსური სანქციის გამოყენებას შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან და გათვალისწინებულია მხარეთა შეთანხმებით”, – წერია კომპანიის მიერ “ნეტგაზეთისთვის” მოწოდებულ ინფორმაციაში.

ასევე, “ქართული სახლი” უსაფუძვლოს უწოდებს პროფკავშირის წარმომადგენლების, გიორგი დიასამიძისა და გიგა ბექაურის ბრალდებებს, კონკრეტულად კი კომპანია შემდეგ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას:

“გ. ბექაური „მომხდარს“ უწოდებს მარაზმს – ალბათ არ იცის ამ ცნების შინაარში, შესაბამისად არ იცის როდის და რა ვითარებაში უნდა გამოიყენოს ეს სიტყვა, მოქმედი კანონმდებლობის უცოდინრობაში დებს ბრალს საწარმოს ხელმძღვანელობას და მათ ქმედებას აფასებს დანაშაულებრივ ქმედებად – უწოდებს კრიმინალს, თუმცა ვერ უთქვამს კონკრეტულად რომელი მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და ვის მიერ იქნა ჩადენილი.

გიორგი დიასამიძემ ბრძანა, რომ საწარმოს პროდუქცია ყარს, ის სხვა პირებთან ერთად მოუწოდებს მომხმარებელს არ იყიდონ საწარმოს პროდუქცია ამასთან წარმომადგენელ პირებს პირდება, რომ: საწარმოს მათთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით კომპენსაციებს გადაახდევინებს”, – წერია განცხადებაში.

“დელისიას” თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოა – “ღირსეული შრომის პლატფორმა”

მასალების გადაბეჭდვის წესი