ახალი ამბები

“დელისიას” თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოა – “ღირსეული შრომის პლატფორმა”

12 ნოემბერი, 2020 •
“დელისიას” თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოა – “ღირსეული შრომის პლატფორმა”

“ღირსეული შრომის პლატფორმა” სოლიდარობას უცხადებს კომპანია “ქართული სახლის” [დელისია] თანამშრომლებს  და თანამშრომლების გაფიცვის პერიოდში მათ სამსახურიდან გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს.

ამის შესახებ განცხადებას ხელს აწერენ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”, “დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანება”, სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი “ერთობა 2013”, ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – სოლიდარობის ქსელი, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “სოციალურ მუშაკთა გაერთიანება”, “ღია საზოგადოების ფონდი”.

განცხადების თანახმად, ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კომპანიის თანამშრომლების ამ სახით სამსახურიდან დათხოვნა კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და “უხეშად ლახავს გაფიცვის ფუნდამენტურ უფლებას”.

საქმე ეხება “ქართული სახლის” [დელისიას] 30-მდე თანამშრომლის გაფიცვას, რის შემდეგაც, როგორც დასაქმებულები ამბობენ, “ქართულმა სახლმა” [დელისიამ] 9 ნოემბრამდე, სამსახურიდან გაათავისუფლა პროცესებში ჩართული 4 თანამშრომელი, დასაქმებულთა ნაწილი კი ხელფასის 49%-ით დააჯარიმა. გაფიცვის მონაწილეები გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, ხელფასის 49%-ის დაბრუნებას და ღირსეული შრომის პირობებს ითხოვენ.

როგორც “ღირსეული შრომის პლატფორმის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც დასაქმებულებმა 9 ნოემბრიდან გაფიცვის დაწყება დააანანოსეს, კომპანიამ კიდევ 13 თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან. ამის მიზეზად კი, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიამ დაასახელა გაფრთხილების გარეშე დასაქმებულების სამსახურში გამოუცხადებლობა.

“იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, გაფიცვა თავისი არსით სწორედ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაზე უარს გულისხმობს, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, გაფიცვა არ წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს, კომპანიის ქმედება შრომითი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და გაფიცვის უფლების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, უკიდურესად სახიფათო პრეცედენტს წარმოადგენს.

გარდა ამისა, შპს „ქართული სახლის“ თანამშრომლებმა მედიაციის პროცესის დაწყებისთანავე ჩამოაყალიბეს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, რის შესახებაც კომპანიისთვის ცხადი გახდა კოლექტიური დავის დაწყებისთანავე. შესაბამისად, შპს „ქართული სახლის“ მიერ მედიაციის პროცესში მონაწილე თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლება და დაჯარიმება, ხოლო შემდგომ, გაფიცული თანამშრომლების გათავისუფლება პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს[4] შეიცავს რაც შრომის კოდექსის უხეში დარღვევაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს შრომის სამინისტროს მოუწოდებენ, პროცესის ფარგლებში უზრუნველყოს მხარეებს შორის მოლაპრაკების დროული და ეფექტიანი წარმართვა, “რაც სამართლიანი გადაწყვეტისა და დასაქმებულთა უფლებების აღდგენის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია”.

გარეკანის ფოტო: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

მასალების გადაბეჭდვის წესი