ახალი ამბები

DRI: “სირცხვილიას” აქტივისტების მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია

12 ნოემბერი, 2020 • 874
DRI: “სირცხვილიას” აქტივისტების მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, 2020 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების — ალექსი მაჭავარიანის, ნოდარ რუხაძის და გიორგი მჟავანაძის — საქმის არსებითი განხილვისას ხარვეზები გამოიკვეთა.

DRI-ის ცნობით, საპატრულო პოლიციის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილ ვიდეომასალებში დროის მხოლოდ ის მონაკვეთი იყო ასახული, რომელიც სამოქალაქო აქტივისტთა დაკავების ფაქტებს შეიცავდა, ვიდეომასალებიდან ცალსახად არ იკვეთებოდა დაკავების ოქმებით დადგენილი სამართალდარღვევის, მათ შორის, აქტივისტების მიერ წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები.

“პატრულ-ინსპექტორებს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სამხრე კამერებით გადაღებული არ ჰქონდათ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ის ქმედებები, რაც აქტივისტების დაკავების საფუძველი გახდა. საქმის განხილვისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პატრულ-ინპექტორთა სამხრე კამერების ჩანაწერები მხოლოდ დაკავებულთა ავტომობილით გადაყვანის პროცესს ასახავდა, რასაც უშუალოდ სამართალდარღვევასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა”, – ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.

დაბალი მტკიცების ტვირთის და უფლებათა დაცვის არასაკმარისი სტანდარტების გარდა, DRI პრობლემად მიიჩნევს ურთიერთსაწინააღმდეგო და არათანმიმდევრული მტკიცებულებების გაზიარებას სასამართლოს მიერ.

“პროცესზე დაკითხული სამართალდამცავების არათანმიმდევრული და ზედაპირული ხასიათის ჩვენებები, თავის მხრივ, არ შეესაბამებოდა ვიდეომასალებში წარმოდგენილ მოვლენათა ჯაჭვს. ალექსი მაჭავარიანის საქმეში სასამართლომ შეშის რამდენიმე ნაჭერი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სახიფათო საგნად მიიჩნია, რომელიც, სასამართლოს შეფასებით, შეიძლება გამოყენებულ იქნას მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების მიზნით. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო, სასამართლოს განცხადებით, ბოლო პერიოდში აქციების ცალკეულ მონაწილეთა მიერ შეშის ნაჭრების არამიზნობრივი, კერძოდ, პოლიციელთა წინააღმდეგ გამოყენების ფაქტი”, – აცხადებს DRI.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის თქმით, მოსამართლის ყურადღების მიღმა დარჩა გიორგი მჟავანაძის განცხადება პოლიციელთა მხრიდან ცუდად მოპყრობის შესახებ. სასამართლო პროცესზე გიორგი მჟავანაძემ პატრულ-ინსპექტორები მის მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა, რაზედაც დაწყებულია გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ.

“მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე რეაგირება განმხილველი მოსამართლის ვალდებულებას წარმოადგენს, მოსამართლე თამარ მეშველიანი გიორგი მჟავანაძის მიმართ, სავარაუდოდ, ცუდად მოპყრობის დეტალებით არ დაინტერესებულა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ამ საკითხს დავის საგანთან არსებითი კავშირი არ ჰქონდა და ფაქტები გამოძიებას უნდა დაედგინა”, – აცხადებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.

სამოქალაქო აქტივისტები 9 ნოემბრის აქციაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსთაველის გამზირზე შეშის მიტანას ცდილობდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე დაკავებული სამართალდამრღვევად ცნო და  შემდეგი სახის სახდელები დაადო: ალექსი მაჭავარიანს და ნოდარ რუხაძეს 1000 და 1500 ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ, ხოლო გიორგი მჟავანაძეს 3 -დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი