ახალი ამბები

ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგის I რაუნდი დასრულდა – რა თქვეს პოლიტიკოსებმა

12 ნოემბერი, 2020 • 952
ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგის I რაუნდი დასრულდა – რა თქვეს პოლიტიკოსებმა

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას იმ პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნების წინასასწარი შედეგებით 1%-იანი ბარიერი გადალახეს. შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელიც.

ოპოზიცია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. საპირისპირო პოზიცია აქვს ხელისუფლებას.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური დიალოგი დაიწყო, რაც მნიშვნელოვანია.

“ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი. იმედია, დიალოგი გაგრძელდება და მნიშვნელოვან შედეგებამდე მივალთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ პოზიციები დავაახლოვოთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა არგუმენტები გაცვალეს. მან ასევე ხაზი გაუსვა შეხვედრის ფასილიტატორი ელჩების როლს დიალოგის დაწყებაში.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დიალოგის კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება. არის შესაძლებელი, რომ ახალი არჩევნები გაიმართოს, რასაც ოპოზიცია ითხოვს? ამ კითხვაზე თალაკვაძე პასუხობს, რომ მმართველი გუნდის პოზიცია შემდეგია: “მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, რომელიც დასმული იყო ოპოზიციის მხრიდან”.

მისი თქმით, უნდა მივიდეთ იმ შედეგამდე, როცა ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს.

“პირველ შეხვედრაზე არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა”.

შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია ირმა ინაშვილს, პატრიოტთა ალიანსიდან, თუმცა მისი თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

“კარგი იქნება, თუ პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება [დიალოგი]”, – თქვა ინაშვილმა.

ევროპული საქართველოს წარმომადგენელი დავით ბაქრაძე კი ფიქრობს, რომ კომპრომისისთვის სივრცე არსებობს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ შეთანხმება ვერ შედგეს. მისი თქმით, მხარეების პოზიციებს შორის დიდი განსხვავებები არსებობს. ბაქრაძის თქმით, ოპოზიციის პოზიციაა, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება და ამ საკითხზე კომპრომისს არ აპირებენ.

“დიდი განსხავებებია პოზიციებს შორის და იმედია, ნაბიჯ-ნაბიჯ შევამცირებთ ამ განსხავევევბს, ოღონდ არა იმის ხარჯზე, რომ მივიღოთ ის, რაც არის მიუღებელია”.

პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კი განაცხადა, რომ არჩილ თალაკვაძემ გამოსავლის სახით წინადადება შესთავაზა, თუმცა დეტალებზე ახლა ვერ ისაუბრებს. მისი თქმით, კონსულტაციები გაგრძელდება.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ შეხვედრების პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქციები არ გადაიდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი