ახალი ამბებისაზოგადოება

რას მოიტანს ოპოზიციის გენგეგმა

13 ნოემბერი, 2020 • 2373
რას მოიტანს ოპოზიციის გენგეგმა

არჩევნებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმშია და აქციებს განაგრძობს.

12 ნოემბერს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, ელჩების მედიაციით, პირველად შედგა შეხვედრა, რომელიც უფრო “მოთელვით” ხასიათს ატარებდა და ჯერჯერობით მხოლოდ ის გაირკვა, რომ მხარეებს შორის პოზიციებში რადიკალური სხვაობა არსებობს, ჩაინიშნა დიალოგის მომდევნო რაუნდი.

დრო გადის, მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან კი ხელახალი არჩევნების პერსპექტივაზე საუბარი არ არის. ამ ფონზე, ოპოზიციაში დარწმუნებულნი არიან, რომ მათი სტრატეგია ახლა თუ არა, შორეულ პერსპექტივაში მაინც დააზარალებს ხელისუფლებას, როცა “ოცნება” პარლამენტში მარტო მუშაობას დაიწყებს. თუმცა აქვე ჩნდება კითხვა, ეს სტრატეგია ერთპარტიული პარლამენტის ლეგიტიმაციას შეუქმნის საფრთხეს, თუ პირიქით, ხომ არ შეუწყობს ხელს ეს პროცესები ოპოზიციის მარგინალიზებას, რომელიც საპარლამენტო ტრიბუნის გარეშე დარჩება?

“თუ საფეხბურთო მოედანზე მხოლოდ 1 გუნდი ირბენს, მაყურებელი აღარ დარჩება”

ამ მოცემულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსენსუსის პერსპექტივა ბუნდოვანია. დიალოგისათვის მზაობა ორივე მხრიდან ისმის, თუმცა ორივე მხარეს გააჩნია თავისი “წითელი ხაზი”, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც ახსენა. მმართველი გუნდი 31 ოქტომბრის შედეგების აღიარებას ითხოვს, ოპოზიცია- ხელახალ არჩევნებსა და ცვლილებებს საარჩევნო ადმინისტრაციაში.

“ნეტგაზეთთან” წითელ ხაზების შესახებ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც საუბრობენ. მათი განცხადებით, ყოველთვის მზად არიან მოლაპარაკებისთვის, თუმცა, მხოლოდ “კონკრეტულ საკითხებზე”, მათ მოთხოვნებზე სასაუბროდ- ეს არის ხელახალი არჩევნები და ცესკოს შემადგენლობის ძირეული ცვლილება. მანამდე, მათი თქმით, არ არსებობს ალტერნატივა, გარდა ბოიკოტისა.

“ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაყალბებული. როგორ წარმოგიდგენიათ, იმ ფონზე, როცა ათასობით საარჩევნო უბანზე გამოვლინდა კონკრეტული დარღვევები, გადაცდომები და სისხლის სამართლის დანაშაული, რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ვაღიაროთ შედეგები, მიუხედავად იმისა, რომ 2*2 7-აო, გვეუბნებიან და მშვიდად განვაგრძოთ პოლიტიკური ცხოვრება?”, – ამბობს ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი ბოიკოტის ეფექტიანობასთან დაკავშირებით საუბრისას.

თუ ოპოზიცია უშვებს, რომ მმართველი პარტია არ მოერიდა არჩევნების გაყალბებას, რატომ არის მისთვის რთული წარმოსადგენი, რომ “ქართული ოცნება” ერთპარტიულ პარლამენტში შეუდგება კანონშემოქმედებით პროცესს? აღნიშნული კითხვის საპასუხოდ ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ მმართველ პარტიას ამაში ხელს არაფერი შეუშლის, თუმცა, მისი აზრით, პრობლემა “ოცნებას” მაშინ შეექმნება, როცა საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციის საკითხი დადგება:

“…ეს დაემსგავსება ერთ რამეს: როგორ წარმოგიდგენიათ, საფეხურთო მოედანზე შეიკრიბოს 80 000 გულშემატკივარი და მინდორზე გამოვიდეს ორის ნაცვლად 1 გუნდი, რომელიც ორივე მხარეს ირბენს? ეს ხომ სასაცილო გახდება, საბოლოოდ ყველას მობეზრდება და მაყურებელი აღარ დარჩება. ახლა გადმოიტანეთ ეს პოლიტიკაში და ნახავთ, რომ არანაირი ლეგიტიმაცია პარლამენტს არ ექნება და ყოველდღიურად დააჩქარებენ ერთადერთ რამეს, რომ უფრო მძიმედ დაასრულონ, ვიდრე ახლა, ამ დრომდე შეუძლიათ, როცა გახსნილია გზა და შეუძლიათ, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ”.

ხაბეიშვილს მიაჩნია, რომ ბოიკოტმაც რომ არ იმუშაოს, ერთპარტიული პარლამენტის საქმიანობა 4 წელიწადს ვერ გასტანს, ვინაიდან მას არც ლეგიტიმაცია ექნება და არც იმის ძალა, არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

ლევან ხაბეიშვილს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძეც ეთანხმება. მისი თქმით, ბოიკოტის სტრატეგია, როგორც მინიმუმ, მოიტანს “ერთპარტიულ პარლამენტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარიზმსა და არალეგიტიმურ პარლამენტს ბოლომდე აეხდება ფარდა საერთაშორისო პარტნიორების თვალშიც და ქვეყნის შიგნითაც”.

“კანონშემოქმედებითი პროცესის წარმართვა, პარლამენტში თუ დავჯდებით, ისედაც შეუძლიათ. ქართული ოცნება ოდესმე რამეს ითვალისწინებდა პარლამენტში სხვა ოპოზიციური ძალისგან? ერთპარტიულ გადაწყვეტილებებს იღებდა ყოველთვის. ასე რომ, ეს არაფერს ცვლის”, – აცხადებს ის.

კითხვას, არის თუ არა ოპტიმისტურად განწყობილი და ფიქრობს თუ არა, რომ ბოიკოტის რეჟიმი ხელისუფლებას კომპრომისამდე მიიყვანს, სერგი კაპანაძე ასე პასუხობს:

“ოპტიმიზმი არაფერ შუაში არ არის. ეს არის ერთადერთი სწორი სტრატეგია ამ შემთხვევაში, მორალურადაც და პრაგმატულადაც. მერე ეს უკვე ივანიშვილის გადასაწყვეტია, ამჯობინებს ბოლომდე დელეგიტიმაციას თავისი ხელისუფლებისა, თუ ამჯობინებს რაციონალური ნაბიჯების გადადგმას და გარკვეული ტიპის კომპრომისზე წასვლას, მით უმეტეს, მაშინ, როცა არჩევნების გაყალბებაზეა საუბარი”.

კაპანაძე არ იზიარებს პოზიციას, რომლის თანახმადაც ოპოზიციას, პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში, დასუსტების საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებს, შესაძლოა, გამოაკლდეთ საპარლამენტო ტრიბუნა, თუმცა გამოიყენებენ კომუნიკაციის ყველა სხვა ფორმას მოსახლეობასთან საურთიერთოდ.

“ჩვენ გვექნება ყველა სხვა ტრიბუნა გამოსაყენებელი და გამოვიყენებთ, როგორც აქამდე”, – აცხადებს ის. 

“ერთპარტიული პარლამენტი იქნება კატასტროფა” – გრიგოლ ვაშაძის ხედვა

გასული დღეების განმავლობაში ოპიზიციურ სპექტრში ფართო გამოხმაურება მოჰყვა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის მიერ განცხადების გავრცელებას ისე, რომ პარტიის სხვა ლიდერებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ვაშაძე აღნიშნავდა, რომ “ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით უნდა ჩანაცვლდეს”. მოგვიანებით, აღნიშნულზე მეორე წერილი გაავრცელა და თქვა, რომ გულისხმობდა არა პროტესტის შეწყვეტას, არამედ მასზე “პოლიტიკური კომპონენტის” დამატებას მოლაპარაკებების სახით.

აღნიშნულიდან ორი დღის შემდეგ, “რუსთავი2”-ის ეთერში გავიდა მისი ინტერვიუ, სადაც კატასტროფა უწოდა სცენარს, რომლის ფარგლებშიც საქართველო 2021 წელს ერთპარტიული პარლამენტით ხვდება.

“რაღაც უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ 2021 წელს ჩვენ თუ შევხვდით ერთპარტიული, ჩრდილოეთკორეული პარლამენტით, ჩვენ თუ შევედით მარგინალიზებული ოპოზიციით, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ბერკეტები არ დარჩება მოქალაქის დაცვის, და ჩვენ ყველა დემოკრატიული თანამეგობრობის წინაშე  გამოვჩნდებით როგორც საზოგადოება, რომელსაც თვითმმართველობა არ შეუძლია, ეს იქნება სრული კატასტროფა”, – თქვა მან.

გრიგოლ ვაშაძე დაეთანხმა ჟურნალისტის მოსაზრებას, პარლამენტის ბოიკოტით ოპოზიცია ხომ არ მისცემს ხელისუფლებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში სრულ კარტბლანშს.

“აბსულუტურად გეთანხმებით”, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილისთვის ამ ინტერევიუდან ნათელი გახდა, რომ ვაშაძე ხელახალი არჩევნების არჩატარების შემთხვევაშიც ემხრობა ოპოზიციის შესვლას პარლამენტში, ვინაიდან, მისი[ვაშაძის] ხედვით, “სხვა გზა არის, უპერსპექტივო და ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია საკუთარ თავს აუქმებს”. კაჭკაჭიშვილი, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან განსხვავებით, ოპოზიციის მარგინალიზების რისკებს რეალურად მიიჩნევს.

“რასაკვირველია, ეს რისკი არსებობს. უბრალოდ, 2008 წლისგან განსხვავებით, როცა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უარი თქვა მანდატებზე, არსებულ ვითარებაში ოპოზიცია მეტად ერთსულოვანია. მაშინ ვიღაცები შევიდნენ პარლამენტში. ოპოზიციური ერთობა მათ ამ გადაწყვეტილებას გარკვეულ სიძლიერეს ანიჭებს, მაგრამ მარგინალიზაციის რისკი არსებობს”, – ეუბნება სოციოლოგი “ნეტგაზეთს”.

იაგო კაჭკაშიშვილისთვის ნათელია, რომ გრიგოლ ვაშაძე თავისი ხედვებით უმცირესობაშია როგორც თავისი პარტიის შიგნით, ისე მთლიანად ოპოზიციურ სპექტრში. თუმცა, როგორც თავად ენმ-ის თავმჯდომარე ამბობს, მარტო დარჩენის არ ეშინია მაშინაც კი, თუ ყველა დაუპირისპირდება.

თუ “ბოიკოტმა არ გაჭრა, აქვს თუ არა ოპოზიციას გრძელვადიანი სტრატეგია

კიდევ ერთი აქცია შაბათს, 14 ნოემბერს და ცოცხალი ჯაჭვი რუსთაველის გამზირიდან ვაკემდე, 21 ნოემბერს – ასეთია ოპოზიციის გეგმები უახლოესი დღეებისათვის. გარდა ამისა ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს 17 ან 18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტისას, გზავნილით – “გაყალბებულია”.

როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათი მოკლევადიანი გეგმა სწორედ ქუჩის პროტესტს მოიცავს. ეს შეიძლება იყოს როგორც დიდი აქციები, ისე მცირე, თუმცა, პერმანენტული პროტესტი, მაგალითად, ისეთი, როგორიც საზოგადოებამ იხილა საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალების რაციონალური გადანაწილება მოხდეს. ხელისუფლება ელის, რომ ოპოზიცია დაიღლება, ხალხიც ჩამოუშვებს ხელებს და თავის კონსტიტუციურ უფლებაზე იტყვის უარს და შეეგუება ამ კრიმინალურ სიტუაციას”, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

არჩევნების გაყალბებაზე განცხადებების საპასუხოდ ხელისუფლების მხრიდან ისმის საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდული მისიის პირველად შეფასებებზე აპელირება, იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია. თუმცა ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში პოზიციები შეიცვლება. აქციების პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები ასაჩივრებენ საუბნო კომისიების გადაწყვეტილებებს, შემდეგ კი – უკვე საოლქო კომისიების შემაჯამებელ ოქმებსაც.

“სტრატეგიულად მგონია, რომ ოპოზიცია აბსოლუტურად სწორად იქცევა, როცა პერმანენტული აქციებია… მათი [ხელისუფლების]  ტონიც შერბილებულია უკანასკნელ პერიოდში, მოლაპარაკებაზე დავსხდეთ, კონსტრუქციულები ვიყოთო… რაც უფრო გავა დრო და არ დავიღლებით, დარწმუნებული ვარ, უფრო შეიცვლება მათი რიტორიკაც და ჩვენი ევროპელი მეგობრებისაც”, – ეუბნება “ნეტგაზეთს” ლევან ხაბეიშვილი. 

როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში”, ისე “ევროპულ საქართველოში”, თავს იკავებენ პროტესტის ინტენსივობაზე საუბრისგან, ანუ როგორია გეგმა, აქციები გაიმართება კვირაში ერთხელ, კვირაში რამდენჯერმე, თვეში ერთხელ თუ რა პერიოდულობით. მათი თქმით, მოვლენათა განვითარება აჩვენებს, როგორც წარიმართება პროცესი და ამის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად შეატყობინებენ.

თუ პროტესტის არცერთმა ფორმამ არ გაჭრა, აქვს თუ არა ოპოზიციას გრძელვადიანი სტრატეგია? ხაბეიშვილი კითხვას ასე პასუხობს:

“ამ დისკუსიაში ვერ შემოგყვებით. პროპორციულ არჩევნებზეც ასე უნდოდათ, როცა ჩააგდეს და გვითხრეს, რომ იქნებოდა შერეული [სისტემის არჩევნები]. გვეჭიდავებოდნენ, თუმცა დათმობები მოუწიათ. დარწმუნებული ვარ, დათმობები მოუწევთ”.

სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიციას აქვს გრძელვადიანი გეგმაც და მანამ იბრძოლებს, სანამ შედეგს არ მიიღებს. კითხვას, რაში მდგომარეობს ეს გეგმა, კაპანაძე პასუხობს, რომ ოპოზიცია გამოიყენებს “ყველა იმ ფორმას, რომელიც კონსტიტუციით აქვს გარანტირებული”.

რას(არ) მოიტანს ოპოზიციის სტრატეგია

სპეციალისტებს არ აქვთ ერთგვაროვანი პასუხი, თუ რას მოიტანს ოპოზიციის მოქმედებები. აღნიშნულის პროგნოზირებამდე, ისმის კითხვა: რა სურს და რისი იმედი აქვს ოპოზიციას? ხელისუფლების დაუყოვნებლივი კომპრომისის მომდევნო კვირებში, თუ მისი დელეგიტიმაციის მომდევნო წლებში.

პოლიტოლოგი გიორგი ცხადაია დასძენს, რომ მეორე შემთხვევაში ოპოზიციის სტრატეგია ნამდვილად ეფექტიანია, რაც მმართველი გუნდის რიტორიკის თანდათანობითი ცვლილებიდანაც ჩანს.

“თუ ვსაუბრობთ, რამდენად შედეგის მომტანი იქნება ბოიკოტი ხელისუფლებაზე ზეწოლის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში ის ერთმნიშვნელოვნად იქნება შედეგის მომტანი. ეს ჩანს იქიდანაც, რომ ლამის ყოველდღე გამოდიან[“ქართული ოცნება”]  და ეხვეწებიან ოპოზიციას, რომ “შემოდით”. მათთვის ეს არშესვლა ნიშნავს იმას, რომ მათ ლეგიტიმაციას შეიძლება წყალი შეუდგეს. ამაზე ფიქრობენ, განიცდიან და ოპიზიციის ხელში ეს არის ერთგვარი ბერკეტი”, – ეუბნება ცხადაია “ნეტგაზეთს”.

პოლიტოლოგის ხედვით, რეალობაში, რომელიც 31 ოქტომბრის შემდეგ დადგა, ოპოზიციისთვის ცალსახად უკეთესი ვარიანტია საკანონმდებლო ორგანოში არშესვლა. მისი ხედვით, თუ პარტიები სხვაგვარად მოიქცევიან, ისინი ლეგიტიმაციას მისცემენ პარლამენტს, რაც “ქართული ოცნების” ინტერესებშიც არის. შესაბამისად, ოპოზიციას აღარ დარჩება ბერკეტი, რომლითაც ხელისუფლებას რაიმე კომპრომისისაკენ უბიძგებს.

გიორგი ცხადაია თითქმის დარწმუნებულია, რომ ახლო პერსპექტივაში ოპოზიციის ტაქტიკას შედეგი არ მოჰყვება. თუმცა, მისი თქმით, საუბარია არა მომდევნო 2 კვირის შედეგებზე, არამედ იმაზე, როგორ წარიმართება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება მომდევნო 4 წლის განმავლობაში:

“4-წლიან სტრატეგიაზეა ლაპარაკი და არა იმაზე, 1 თვის შემდეგ რა მოხდება. 1 თვის მერე რომ არ დანებდებიან, ეს ისედაც ცხადია”.

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილისთვის რთულია იმის თქმა, რა მოხდება გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა, მისთვის ნათელია, რომ მხოლოდ პარტიის ლიდერები ვერაფერს გახდებიან, თუ საპროტესტო მუხტის შენარჩუნება არ შეძლეს.

“არ ვიცი, ეფექტური რა[გრძელვადიანი სტრატეგია] უნდა იყოს. ოპოზიცია ისევ იმედოვნებს, რომ პერმანენტული პროტესტი გაგრძელდება, მაგრამ თუ ეს პროტესტი განელდა, ოპოზიცია აღმოჩნდება მშრალზე, ასე რომ ვთქვათ”, – აღნიშნავს ის.

ერთპარტიული პარლამენტის შესაძლებლობის დაშვებისას, კაჭკაჭიშვილი საუბრობს უარყოფითი შედეგების შესახებ არა მხოლოდ მმართველი პარტიისთვის, არამედ – ქვეყნის რეპუტაციისთვის, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ ისწრაფვის. მისი ხედვით, გარდა იმისა, რომ ეს სცენარი საქართველოს დემოკრატიის განვითარებას არ წაადგება, ზემოხსენებულ სტრუქტურებში არავინ მიიღებს სახელმწიფოს, რომელსაც ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო ჰყავს.

სოციოლოგი გამოსავალს კონსენსუსში ხედავს, რომლის პირობებშიც ორივე მხარეს მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა.

“თუ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, გადაითვლიან ხმებს, აღმოჩნდება, რომ აღიარებულია ის დარღვევები, რაც მართლაც მოხდა და რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არჩევნების შედეგების რევიზია, მაშინ, რასაკვირველია, სჯობს, ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში და პარლამენტმა იფუნქციონიროს სრულყოფილად. თუმცა ჩემთვის რთულია იმის თქმა, არჩევნების შედეგების რევიზია რა მასშტაბით მოხდება და რამდენი პროცენტი მოაკლდება ხელისუფლებას და მიემატება ოპოზიციას”, – აღნიშნავს ის.

12 ნოემბერს გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც ოპოზიცია აღნიშნავს, დიალოგის პარალელურად, დაგეგმილი საპროტესტო აქციები არ გადაიდება.

პარალელურად, ქვეყანაში არსებულ ვითარებას “შემაშფოთებელს” უწოდებენ ევროპარლამენტარები, რომლებიც პროცესებს აკვირდებიან და აღნიშნავენ, რომ მმართველმა გუნდმა დაუყოვნებლივ უნდა შეძლოს ოპოზიციასთან დიალოგი. მათი თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური მდგრადობა, რომ გააგრძელოს თავისი ამბიციური ევროპული დღის წესრიგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი