ახალი ამბები

მმართველმა პარტიამ დაუყოვნებლივ უნდა შეძლოს ოპოზიციასთან დიალოგი — ევროპარლამენტარები

11 ნოემბერი, 2020 • 1210
მმართველმა პარტიამ დაუყოვნებლივ უნდა შეძლოს ოპოზიციასთან დიალოგი — ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენჩი და  ლიეტუვის პარლამეტის წევრი ზიგიმანტას პავილიონისი საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნებს შემდეგ მოვლენებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ქვეყანაში “შემაშფოთებელი” ვითარებაა.

ევროპარლამენტარების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ამომრჩევლებს რეალური ალტერნატივა ჰქონდათ, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლის გავრცელებულმა ბრალდებებმა, ასევე იმან, რაზეც ყველა სადამკვირვებლო ორგანიაზიცია საუბრობდა — სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარის წაშლამ როგორც კამპანიის, ისე არჩევნების დღეს. ამ ყველაფერმა კი, მათი თქმით, საზოგადოების ნდობა შეამცირა.

როგორც ევროპელი დეპუტატები აცხადებენ,  სიტუაციას ამძიმებს ის ცნობები, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფაქტობრივად, უარი ეთქვათ დასაბუთებული საჩივრების სამართლიანი განხილვაზე. მათი თქმით, ყველა საჩივრის სამართლიანი და გამჭვირვალე განხილვა კვლავ რჩება ქართველ პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის ნდობის გამყარების წინაპირობად.

“საქართველოს მთავრობას  მმართველ პარტიასთან ერთად პასუხისმგებლობა აქვს, გადაჭრას ეს პრობლემები და დაუყოვნებლივ მიაღწიონ დიალოგს ოპოზიციასთან და იპოვონ სწრაფი გამოსავალი ქართული დემოკრატიისათვის ამ რთული მომენტში”, — აცხადებენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ  საარჩევნო დარღვევების გამოსწორებისათვის აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი, რათა  ამომრჩეველთა ნების პატივისცემა უზრუნველყოფილი იყოს.

ისინი ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნების პირველ ტურს  აკვირდებოდნენ  (განსაკუთრებით ეუთო/ოდირს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას), შეაფასონ საჩივრები და მტკიცებულებები დარღვევებზე და საბოლოო დასკვნები წარმოადგინონ.

“ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას დემოკრატიული პროცესის პირობებში, რათა განიხილოს საჩივრები და განიხილოს დარღვევების მტკიცებულებები”, — აცხადებენ ისინი და დასძენენ, რომ  საჩივრებისა და დარღვევების მტკიცებულებების განხილვით დიალოგისკენ გზის პოვნას შეძლებენ ოპოზიციასთან და ხალხთან, რომლებიც არჩევნების შედეგებს ქუჩაში აპროტესტებენ.

ევროპარლამენტარები მზაობას გამოთქვამენ დიალოგისთვის დახმარების გასაწევად და კონსტრუქციული როლის შესასრულებლად.

“ჩვენ  მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას პოლიციის ძალის გამოყენებაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და არ გამოიწვიონ ძალადობის პროვოცირება ქუჩებში”, — ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური მდგრადობა და მთავრობის ერთიანობა, რომ გააგრძელოს თავისი ამბიციური ევროპული დღის წესრიგი.

“ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუმეორებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს, რომ სასწრაფოდ აიღონ პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ, რომ საქართველო კონცენტრირდეს ევროინტეგრაციაზე და ჰყავდეს პარლამენტი, რომელსაც ფართო ლეგიტიმაცია ექნება და შეძლებს გაუმკლავდეს უახლოეს გამოწვევებს, — ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს  და ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას მოთხოვნით აქციებს მართავს.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად არის, თუმცა მოლაპარაკებების მთავარ წინაპირობად არჩევნების შედეგების პატივისცემას ასახელებს. ოპოზიცია კი მოლაპარაკებებს სწორედ ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებაზე გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი