ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნახიჩევანის კორიდორით ჩინეთიც მიიღებს სარგებელს – ჩავუშოღლუ

12 ნოემბერი, 2020 • 1764
ნახიჩევანის კორიდორით ჩინეთიც მიიღებს სარგებელს – ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფარგლებში ნახიჩევანის კორიდორის გაჩენით, რეგიონის ქვეყნების გარდა, სარგებელს ჩინეთიც მიიღებს. მის კომენტარს სააგენტო Apa ავრცელებს.

„ჩინეთს აქვს ისტორიული აბრეშუმის გზა [„ერთი სრტყელი, ერთი გზა“, BRI] და სხვა პროექტები… თუმცა სატრანსპორტო კორიდორები, რაც [ყარაბაღის] კონფლიქტის მოგვარების შედეგად გაიხსნება, პირველ რიგში, რეგიონის ქვეყნებს მოუტანს სარგებელს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ 12 ნოემბერს პრესკონფერენციაზე.

ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ თუკი შეთანხმების პირობებს დაარღვევს, სომხეთი პასუხს აგებს.

ყარაბაღის 10 ნოემბრის 9-პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც მოსკოვმა, ერევანმა და ბაქომ გააფორმეს, სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს, რომ „ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი გაიხსნება“:

  • სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირებს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის;
  • სატრანსპორტო კონტროლი განხორციელდება რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ;
  • შეთანხმების მიხედვით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა დაიწყება, რომლებიც დააკავშირებენ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან;

წყარო: Bellingcat

ნახიჩევანი — ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში — არის ექსკლავი, რომელიც ირანსა და სომხეთს შორისაა მოქცეული. ამასთან, მთიან ყარაბაღსა და ნახიჩევანს შორის, სომხეთის სახელმწიფო ტერიტორიებს გარდა, მოქცეული ის ტერიტორიებიც, რასაც აზერბაიჯანი ოკუპირებულად მიიჩნევდა და რომლის ნაწილიც ამ ომის პერიოდში დაიკავა.

ბოლო წლებში თურქეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები თბება და ღრმავდება. ჩინეთი, რუსეთის შემდეგ, ამჟამად თურქეთის რიგით მეორე ინვესტორია და მხოლოდ 2016-19 წლებში 3 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

სამმხრივი შეთანხმება, არეულობა ერევანში და რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში

მასალების გადაბეჭდვის წესი