ახალი ამბები

წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას გავაგრძელებთ, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ამოუწურავი არ არის – გახარია

12 ნოემბერი, 2020 • 692
წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას გავაგრძელებთ, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ამოუწურავი არ არის – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის სტრატეგია — ადაპტაცია და წერტილოვანი შეზღუდვები, გაგრძელდება. ამის შესახებ მან დღეს, 12 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო სრულად სწორად შეფასებული.

“მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სტრატეგიაა ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების და ამ სტრატეგიას მივყვები,  ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ყველაფერს, მაგრამ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას ერთად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, ამოუწურავი არ არის. ამიტომ ჩვენ, ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის მომსახურეობა და სერვისები, პირველ რიგში, მოხმარდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე უფრო სჭირდებათ –  ჩვენს ხანდაზმულებს, ქრონიკულ დაავადებულებს, იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ უფრო ეფექტური ოპერირება შეძლოს.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კლინიკური მართვის ახალი პრინციპების შესაბამისად, ბინაზე მართვა, კოვიდ-სასტუმროებში მართვა, საავადმყოფოებში მართვა – ეს ის ერთადერთი გამოსავალია, რომლითაც ჩვენ, მოქალაქეები მათ შორის, ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას, მივმართოთ ძირითადი ყურადღება სწორედ იმ ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ 24-საათიანი მეთვალყურეობა“, –  განაცხადა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი