ახალი ამბები

ელჩების მიერ მომზადებული მოლაპარაკებები ბოლო წამს ჩაიშალა – გრიგოლ ვაშაძე

11 ნოემბერი, 2020 • 1374
ელჩების მიერ მომზადებული მოლაპარაკებები ბოლო წამს ჩაიშალა – გრიგოლ ვაშაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე “რუსთავი 2-თან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პარტნიორი ელჩების შუამავლობით დაგეგმილი იყო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ეს ბოლო წუთს ჩაიშალა.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის კითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა 10 ნოემბერს გაევრცელებინა ორი წერილობითი განცხადება მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე.

“ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურების მიერ, ჩაიშალა”, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, გამოსავალია მოლაპარაკების დაწყება და სანამ მოლაპარაკება არ დაიწყება, ვერავინ იტყვის, იქნება ის წარმატებული თუ წარუმატებელი.

“გამოსავალი რა არის აქედან? ხელისუფლების თურქმენიზაცია და ოპოზიციის მარგინალიზაცია? ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნის მომავალი?” – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

ვაშაძის თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული იყო საელჩოებთან ამ მოლაპარაკებების დაწყების მიზნით. მან თქვა, რომ ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს, თუ რომელი ქვეყნის საელჩოები ცდილობდნენ დიალოგის წარმართვას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

“დამიჯერეთ, ამ ადამიანებს გული საქართველოზე ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ. რახან ჩაიშალა, უკაცრავად, ახლა აქ თითის გაშვერები არაფერს არ შველის. ყველა დამნაშავეა, აბსოლუტურად. როგორც დიპლომატიური პროცესი, ისე უნდა დაიწყოს [მოლაპარაკება ხელისუფლებასთან]: არის ორი დაპირისპირებული მხარე, არის ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მოთხოვნა, არის შუამავლები”, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ და დასძინა, რომ არ იცის, ამ წუთში ფასილიტატორები არიან თუ არა მზად ამ პროცესის დასაწყებად, მაგრამ სანამ მოლაპარაკებები ჩაიშლებოდა, “ყველაფერი მომზადებული იყო.

“რადგან ყველაფერი მომზადებული იყო და არ გამოვიდა, მინდა ყველას ვუთხრა და ჩემ თავსაც გავუმეორო, ეს ადამიანები თეთრებად და შავებად დაყოფას არ დაიწყებენ. არ გამოგდით, თქვენს თავს დააბრალეთ იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა ხართ ერთნაირები”, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე უფრო ვრცლად დღეს საღამოს “ღამის კურიერში” ისაუბრებს.


თავდაპირველად, სწორედ “ნაციონალურმა მოძრაობა” იყო იმ პარტიებს შორის, რომლებმაც არ აღიარეს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ხალხს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, ისინი არ შევიდოდნენ პარლამენტში და ითხოვდნენ როგორც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ისე – ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის შეცვლას.

ენმ-ის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ისე, რომ ამის შესახებ პარტიის სხვა ლიდერებმა არ იცოდნენ, გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნა, რომ “ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით უნდა ჩანაცვლდეს”. მოგვიანებით, მან აღნიშნულზე მეორე წერილი გაავრცელა და პირველი განცხადება განმარტა.

ვაშაძე მე-2 განცხადებას ავრცელებს და პოზიციას განმარტავს

ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით — ვაშაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი