დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველო კორონავირუსის ვაქცინას 2021 წლის გაზაფხულამდე არ უნდა ელოდოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ისაუბრა.
“ძალიან საიმედო შედეგები აქვს ამერიკულ-გერმანულ ვაქცინას (Pfizer/BioNTech), ასევე მთავრდება კიდევ რამდენიმე კომპანიის ვაქცინის კვლევა. ალბათ, წლის ბოლოსთვის დაიწყება მათი მასობრივი წარმოება. საქართველო არის მონაწილე იმ გლობალური ფონდისა, რომელიც ანაწილებს ვაქცინებს. სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენს ქვეყანასაც გადახდილი აქვს თანხა წინასწარ. ამ ფონდით შესაძლებელი იქნება ვაქცინების იმ მწარმოებელი ქვეყნების გარეთ დისტრიბუცია.
ხომ გასაგებია, რომ ჯერ თავიანთი ქვეყნებისთვის ექნებათ და მერე დაიწყება მისი განაწილება მსოფლიოში. უკვე რიგში ვართ.. მოდი, ვიყოთ რეალისტები. ალბათ, გაზაფხულამდე არ იქნება”, – თქვა პატა იმნაძემ.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის ერთობლივმა ვაქცინამ, კვლევის დასკვნით, მესამე ეტაპზე 90%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტიტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა აშშ-ში მცხოვრები რისკჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოდან ან დეკემბრის დასაწყისიდან იქნება, ფართო მოხმარებისთვის კი, მისი აზრით, ხელმისაწვდომი იქნება 2021 წლის აპრილისთვის.
ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, აპრილისთვის იქნება — ფაუჩი